ანგელინა ჭანკვეტაძე-“ლექსი ჩემი სულის დამალული მხარეა, ის რაც ღიმილიანი სახის უკან იმალება”


  • ახალგაზრდა შემოქმედი ანგელინა ჭანკვეტაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ამბობს, რომ ყველა ჩანაწერი და ლექსი მისი სულის დამალული მხარეა, ის რაც ღიმილიანი სახის უკან იმალება. ანგელინას უკვე ჰქონდა პოეზიის საღამო, როგორც ზუგდიდში, ისე თბილისში.

 ანგელინა ჭანკვეტაძე:  “თავს არ მივიჩნევ პოეტად და ხშირად ვამბობ “არ შეიძლება მე და ტერენტის ერთდროულად პოეტი გვერქვას”. წერა დავიწყე 6 წლის ასაკში. ყველასთვის გასაკვირად ლექსებს “ვბუტბუტებდი” ხოლმე და ჩემი დები იწერდნენ. არცერთი ლექსი არ დამიწერია დაგეგმილად. ყველა ლექს ჰყავს თავისი მუზა. მე აფხაზეთში გავიზარდე, ამიტომ ჩემს ბევრ ლექსში იგრძნობა მშობლიური მიწის მონატრება. ბევრ მათგანს დაკარგული მეგობრების ხსოვნა ახლავს, ამიტომ ყველას თავისი ისტორია აქვს ’’.

 დაგვიანება

დავიგვიანე, დაგვიანება

სისუტეა და ზოგჯერ ძალაა.

დავიგვიანე, დაგვიანებით

მოვდივარ, მაგრამ გზები არაა.

შენ მხრები მიგაქვს ამაყი ცისკენ

და უხერხულად ტოვებ ტკივილებს.

მე უშენობას ვინ გამიგებს და

ამ უშენობით ვინღა მიმიღებს.

მივდევ, ქარაფებს მანგრევს გრძნობები,

გზებზე ნაკვალევს ვეღარ ვპოულობ,

დღეს, უშენობას ვერ ვუმკლავდები,

ვერც ამ ტკივილის წამალს ვშოულობ.

რა ვუყოთ დარდებს სამარადისოს,

სამარადისოს, რა ვუყო ტკივილს.

გარეთ ტირიფი აყვავილდაო

გარეთ ტირიფი, ტირიფი ტირის.

შენ შემასწავლე მაგალითები

განშორების და შერიგებების,

დღეს, უშენობას ვემშვიდობები,

თან უშენობას კვლავ ვეგებები.

რა ვუყო, თუ კი ამიყოლიებს

სენტიმენტები ჩვეულ სისუსტით,

ვეღარ გავიგე, გზებზე რა ხდება,

ან აქ უშენოდ ახლა ვის ვუცდი.

არ დაიჯერო დროზე ამბობენ,

წამალიაო კურნავს ტკივილებს.

მე უშენობას ვერ ავიტან და

ამ უშენობით არვინ მიმიღებს.

დავიგვიანე, დაგვიანება

ასე ჩვევიათ ქალებს ტიალებს

ირგვლივ, უშენო განთიადია

და უშენობის სუნი ტრიალებს.

ვეძებ წერილებს, გადანახულებს,

არ დამიბარე დღეს სად იქნები.

ვეძებ წერილებს გადანახულებს

თუმც, დაბრუნებას აღარ მპირდები.

მიდიხარ, თითქოს მზე მიგაქვს მხრებით

და სული ჩემი გითვლის ნაბიჯებს,

არ დამაყვედრო დავიგვიანებ,

დაგვიანება? დიახ მაგიჟებს.

მასალა მოამზადა ხატია წყაროზიამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!