ხილის ნედლეულისგან დამზადებული “სქირი”

  • დარჩელში, საწარმო “სქირის” დამფუძნებელი, პროფესიით წარმოების მენეჯერი, ეკა ხუტკუბია 20 წელია საკუთარ ეზოში დაკრეფილი ხილის ნედლეულისგან ამზადებს ნატურალური ჩირის ასორტს: ტყლაპებს, ჩურჩხელებს, ჩირის კანფეტებს, შოკოლადიანი ჩირების სხვადასხვა სახეობას. ეკა “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ “სქირის” პროდუქცია გამოირჩევა 100% ნატურალურობით და მზადდება უმაღლესი ხარისხის ხილისგან.

ეკა ხუტკუბია: -“სქირი“ მეგრული სიტყვაა და ნიშნავს მშრალს, გამომშრალს. რაც შეეხება საწარმოს შექმნის იდეას, რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, როცა დავოჯახდი. ახალ შექმნილ ოჯახში ბევრი ხილი გვქონდა. აფხაზეთის დატოვების დღიდან მომყვებოდა დედაჩემის გაკეთებული ლეღვის ტყლაპის გემო. მეც მომინდა ამ გემოს “გაღვიძება”. ჯერ ლეღვის ტყლაპით დავიწყე, შემდეგ დავამატე ყველა ხილი, რაც კი ჩვენს ეზოში იყო. ერთი სიტყვით, ხილს არ ვაძლევდი ლპობის საშუალებას. 20 წელზე მეტია რაც ამ საქმეში ჩართული ვარ. თავიდან, ჩირებს ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის ვამზადებდი და მათ ძალიან მოსწონდათ. მოგვიანებით, გადავწყვიტე, ეს საქმე ბიზნესად მექცია. როგორც აღვნიშნე, ვამზადებ სხვადასხვა სახეობის ჩირს, ტყლაპებს, როგორც შაქრიანს, ასევე უშაქროს. ტრადიციულ ჩურჩხელებს. ჩირებისგან და ტყლაპებისგან ვაკეთებ თაიგულებს. ხელოვნებისა და ბიზნესის სინთეზი ჩემთვის სიამოვნების მომნიჭებელია. ჩირის წარმოების კუთხით, მიღებული გვაქვს, რამდენიმე გრანტი. სხვათაშორის, შარშან პროექტი USAID ზრდა-ს საშუალებით მოვიპოვეთ გრანტი და მოვიყვანეთ მწვანილი, რომელიც არ არის შეწამლული და არა აქვს არც ერთი გრამი სასუქი, არის ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტი. დარჩელში მალე ვიწყებთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს მშენებლობას. სოფლის მოსახლეობა ხილსაც ჩააბარებს და იმავდროულად, იქვე დასაქმდება.

-ხილის გამოფენაში თუ ღებულობთ მონაწილეობას?

-დიახ. 2018 წლიდან რაც კი გამოფენა-გაყიდვა ჩაინიშნა ყველგან მივიღე მონაწილეობა. მომავალ თვეს, მიწვეული ვარ თბილისში ერთ-ერთ გამოფენაზე.

ვინ არიან თქვენი პროდუქციის მყიდველები?

-ძირითადად საქართველოს მოსახლეობა. რამდენიმე სასაჩუქრე ნაკრები გავიდა საზღვრებს გარეთ, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა. რაც შეეხება ფასებს, ქართველ მომხმარებლებზეა მორგებული.

-რა შეცვალა პანდემიამ თქვენს ბიზნესში?

-მქონდა შეფერხებები შეკვეთებთან დაკავშირებით. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ მაინც არ გავჩერებულვართ… მინდა გითხრათ, რომ ცნობადობა იზრდებოდა სოციალური გვერდის საშუალებით.

-რა არის თქენი წარმატების ფორმულა?

-ჩემი წარმატების ფორმულა ხარისხიანი პროდუქციის შექმნაა. ბუნებრივი ინგრედიენტებით და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მივაწოდო მომხმარებელს. ვფიქრობ, რასაც ვაკეთებ დიდი სიყვარულითა და დიდი ძალისხმევით, მომიტანს წარმატებას.

-სამომავლო გეგმები…

-სამომავლოდ ვგეგმავთ ჩვენი პროდუქცია გავიტანოთ საზღვრებს გარეთ.

წარმატებებს გისურვებთ.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ

კომენტარი

  1. ელზა

    წარმატებები ოქროსხელება ქალბატონს.საოცრებებს ქმნის ეკას ჯადოსნური ხელები.🥰👏

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.