“ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!”


  • COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, მასობრივმა იზოლაციამ და საგანგებო მდგომარეობის შემოღებამ, ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის რისკები გაზარდა. ამ სიტუაციაში, საქართველოში, ბევრმა ქალმა არ იცის, როგორ უნდა მიიღოს დახმარება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში.
    პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” მთავარი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენცია და ამ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირება.

პროექტის ფარგლებში მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით, პირდაპირი კონსულტაციის სახით, იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება გაეწევა, მიეწოდება ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის საქართველოში, წარიმართება საინფორმაციო კამპანია სლოგანით: “ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!” და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობით ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების სამოქმედო გეგმები შემუშავდება.
პროექტის საქმიანობა მოიცავს შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირებსა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.
პროექტი “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” შედგება 4 ძირითადი აქტივობისგან:
1. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის პოტენციურ მსხვერპლთათვის ონლაინ იურიდიული და ფსოქოლოგიური დახმარების სერვისი;
2. ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის საინფორმაციო კამპანია;
3. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუნიციპალური უწყებათაშორისო საბჭოს შექმნა;
4. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის სწრაფი რეაგირების გეგმის შემუშავება მუნიციპალიტეტებში
პროექტს “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ახორციელებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან – მეგობრობის ხიდი “ქართლოსი” (შიდა ქართლის რეგიონი), რეაბილიტაციის ცენტრი “თანაზიარი” (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) და ფონდ Humandoc-თან (პოლონეთი) ერთად, ევროკავშირის დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტების შერჩევა მოხდა Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისზე სწრაფი რეაგირების ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად. აღნიშნული პროექტები წარმოადგენს Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უზრუნველყოფილი დახმარების პირველი პაკეტის შემადგენელ ნაწილს და ასახავს Covid-19-ის კონტექსტში საქართველოში გენდერულ თანასწორობასა და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დასმულ აქცენტებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.