ჩერნობილში გაზრდილმა სოკომ ასტრონავტები კოსმოსური რადიაციისგან შეიძლება დაიცვას

  • მარსის ეკიპაჟიანი მისიების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად ასტრონავტების მომაკვინებელი კოსმოსური გამოსხივებისგან დაცვა რჩება.

შესაბამისად, ამ საკითხზე მრავალი მკვლევარი მუშაობს. რამდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერები კი აცხადებენ, რომ ამ პრობლემიდან ერთობ უცნაური გამოსავალი შეიძლება არსებობდეს. მათი ჰიპოთეზის თანახმად, დამცავი ფარის შექმნა რადიაციის მშთანთქმელი იმ სოკოების გამოყენებითაა შესაძლებელი, რომლებიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ იზრდებიან.

ჟურნალში, New Scientist, გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ჩატარებული მცირემასშტაბიანი ექსპერიმენტის შედეგად სოკოებმა გარკვეული რაოდენობის კოსმოსური გამოსხივების ბლოკირება შეძლეს. ეს აღმოჩენა მომავალი კოსმოსური მოგზაურობებისთვის უსაფრთხოების წინაპირობად შეიძლება იქცეს.

ექსპერიმენტის ავტორები ჰოპკინსის და სტენფორდის უნივერსიტეტების მეცნიერები არიან. მათ აღმოაჩინეს, რომ სოკომ, სახელად Cryptococcus neoformans, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მასზე მოხვედრილი კოსმოსური რადიაციის ორი პროცენტის შთანთქმა შეძლო.

ეს, რა თქმა უნდა, ასტრონავტების დასაცავად საკმარისი რაოდენობა ნამდვილად არაა, მაგრამ გამოყენებული ნიმუში მხოლოდ 2 მილიმეტრის სისქის იყო. მეცნიერები ამბობენ, რომ 21 სანტიმეტრის სისქის ფენაც კი საკმარისი იქნება მარსზე მოგზაური ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მკვლევრები ამ დამცავი მასალის კოსმოსურ კოსტუმებში ჩაქსოვის შესაძლებლობასაც განიხილავენ, თუმცა მათი შედეგის უმთავრესი ღირებულება ისაა, რომ ფარად გამოყენებულ დაზიანებულ სოკოს თვითგანახლება შეეძლება.

“სოკოს ამ მიზნით გამოყენების უპირატესობა ისაა, რომ თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე გრამი დაგვჭირდება”, — ამბობს ნილს ავერეში, კვლევის თანაავტორი სტენფორდის უნივერსიტეტიდან, — “მას თვითგამრავლება და თვითრეგენერაცია ახასიათებს. ასე რომ, მაშინაც კი, თუ მზეზე მომხდარი ამოფრქვევა რადიაციულ ფარს მნიშვნელოვნად დააზიანებს, მას რამდენიმე დღეში შეეძლება თვითაღდგენა”.

კვლევა ჟურნალში New Scientist 24 ივლისს გამოქვეყნდა.

წყარო

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.