“ჩემი პირადი – თქვენ ხართ, ჩემი მოსწავლეები”…


ისინი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ამაყობენ თავიანთი სკოლის მიღწევებით და არცთუ უსაფუძვლოდ. ოცნებობენ ჟურნალისტის პროფესიაზე და გადაწყვიტეს, ცხოვრებაში პირველი რესპონდენტი, მათთვის საინტერესო პიროვნება, სკოლის დირექტორი იყოს. ბუნებრივია, როცა საქმე აღმზრდელის და აღსაზრდელის ურთიერთობას ეხება, იქ მეტი გულწრფელობა და სიყვარულია. ამიტომაც სიამოვნებით ვბეჭდავთ მომავალი ჟურნალისტების: ვაჟა გეთიასა და სესილი შედანიას ინტერვიუს სკოლის დირექტორთან მანანა მებონიასთან.
– მანანა მასწავლებელო, თქვენ როცა მოსწავლეების გამოკითხვას აწარმოებთ, ზოგჯერ მათ ზღუდავთ დროში და სიტყვების რაოდენობაში. მოგბაძავთ და გთხოვთ ერთ წამში, ორი სიტყვით გადმოსცეთ, რა არის თქვენთვის სკოლა?
– გზა ხსნისა…
– რა მდგომარეობაში იყო კახათის №1 საშუალო სკოლა, როცა მას თქვენ ჩაუდექით სათავეში?
–  1990 წელი საქართველოს ისტორიაში იყო გზაჯვარედინი, როცა ქვეყანას უნდა გაეკეთებინა არჩევანი ძველსა და ახალს შორის. გზის დასაწყისი იყო მძიმე და სირთულეებით სავსე.  ეროვნული ცნობიერება აღმავლობის გზაზე იდგა, ხოლო იმპერია ყველა მეთოდით ცდილობდა “ნადავლის“ შენარჩუნებას. ხდებოდა საზოგადოებრივი აზრის ტრანსფორმაცია სხვადასხვა საკითხზე. ბუნებრივია, ეს ყველაფერი სასკოლო ცხოვრებაზე აისახა. უკვე დაწყებული იყო სტერეოტიპების მსხვრევის და ახალი სკოლის ჩამოყალიბების პროცესი. ვერ ვიტყვი, რომ ამისათვის მზად არ ვიყავი, რადგან როგორც რიგითი მასწავლებელი, უკვე ჩართული ვიყავი იმ ფორმალურ და არაფორმალურ ღონისძიებებში, რომლებიც სკოლების ეროვნულობის შენარჩუნებას ემსახურებოდნენ. თავმდაბლობის გარეშე გეტყვით: მოცემულ მომენტში, სკოლისათვის, შესაფერისი კადრი ვიყავი.
მანანა მასწავლებელო, გაიხსენეთ თქვენი პირველი დღე სკოლის დირექტორის რანგში?
– ოჯახის წევრებს ინფორმაცია ჩემი სკოლის დირექტორად დანიშვნის შესახებ მხოლოდ მეოთხე დღეს მიაწოდა მეგობარმა. დილით ძალიან ადრე გამოვედი სახლიდან. განვიცდიდი და მთელი გზა ფეხით გამოვიარე. ამ სკოლას ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული ლიდერი, რაც ჩემს პასუხისმგებლობას აორმაგებდა. სკოლის ეზოს და გარემოს სხვა თვალით შევხედე. დავრწმუნდი, რომ ბევრი მქონდა გასაკეთებელი. თანამშრომლებს პოზიტიური და იმედიანი განწყობა შევატყვე, რამაც ჩემს პირველ ნაბიჯებს მეტი გამბედაობა შემატა. პირველი სამუშაო თათბირი ხანმოკლე და ლაკონური იყო… საღამოს გარდაცვლილი დედის საფლავზე ავედი და შევფიცე, რომ არასოდეს ინანებდა ჩემს დედობას და იმ ამაგს, რაც მიუძღოდა ჩემს განათლებაში. მშობლები მუხლჩაუხრელი შრომით და ჯაფით მოპოვებულ შემოსავალს მიგზავნიდნენ თბილისში საცხოვრებლად და თავის სარჩენად… ადვილი ჩემთვის არც სტუდენტობა ყოფილა.
–  გასული საუკუნის 90-იანი წლები მძიმე პერიოდი იყო საქართველოს ისტორიაში. როგორ მოახერხეთ სკოლისათვის ფუნქციის შენარჩუნება?
– არ ვთვლი თავს სუსტ პიროვნებად, რომელსაც ქარიშხალი ნაფოტებად აქცევს. იყო სამოქალაქო ომი, ნგრევა და უბედურება. თავისუფლების იდეალებისთვის არასოდეს მიღალატია, მაგრამ მჯეროდა, რომ თავისუფლების შენებას თავისუფალი და განათლებული ადამიანები შეძლებდნენ მხოლოდ. ამიტომ ჩემს აღსაზრდელებს ავარიდე სამოქალაქო ომისთვის დამახასიათებელი ბატალიები, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიაზე ათეული წლები ახდენს უარყოფით გავლენას. ბედნიერი ვარ იმით, რომ მაშინ სკოლის საზოგადოებამ სწორად გამიგო და შეძლებისდაგვარად გვერდით დამიდგა. Pპირველმა ჩამოვაყალიბე მოსწავლეთა თვითმმართველობა, მზრუნველთა საბჭო, მოსწავლეთა კლუბები, მეთოდური გაერთიანებები. საგაკვეთილო პროცესების პარალელურად ვანხორციელებდით ისეთ კლასგარეშე ღონისძიებებს, რომლებიც მოსწავლეებს აზიარებდა ლიტერატურას და ხელოვნებას, სპორტს და ჯანსაღი ცხოვრების წესს, მსოფლიო კულტურის და მეცნიერების მიღწევებს. როცა იმ პერიოდის სასკოლო ცხოვრების ვიდეოკადრებს ვუყურებ, ბედნიერებისაგან თვალებზე ცრემლი მომადგება ხოლმე.
– რა სირთულეების და დაბრკოლების გადალახვა გიწევდათ სასკოლო ცხოვრებაში?
– ეს სირთულეები და დაბრკოლებები შეიძლება კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად დავყოთ. სკოლას სჭირდება სამი რამ და ყველაფერი იდეალურად იქნება: ა) სრულყოფილი სასწავლო გარემო, ბ) პროფესიონალი და მოტივირებული მასწავლებელი, გ) მიზანდასახული მოსწავლე და სკოლისადმი ნდობით განწყობილი ოჯახები. ამ 30 წლის მანძილზე, რაღაც ეტაპზე, ყველა კომპონენტს თავისი პრობლემა აქვს და შესაბამისად ეს პრობლემები ჩემს სამუშაო ოთახში იყრის თავს
– არის თუ არა თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც ბაძავთ, რომლის აზრები და მოქმედებები სამაგალითოა თქვენთვის?
– პატრიოტიზმში ილია ჭავჭავაძეზე უფრო სამაგალითო ვინ უნდა მყავდეს? პასუხისმგებლობა შარლ დე გოლისგან ყველამ უნდა ისწავლოს. კეთილსინდისიერებაში ძალიან მინდა ექვთიმე თაყაიშვილს მივბაძო. გურამ დოჩანაშვილის აზრები ხშირად მაწვალებს და მაფიქრებს ხოლმე. მინდა, დიდი ივანე ჯავახიშვილის ხვედრი გავიზიარო და ჩემი საყვარელი საქმის კეთებაში დავლიო სული…
–  რა არის თქვენთვის “პირადი”, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება სკოლის დირექტორობის შემდეგ?
– ეს ყველაზე რთული შეკითხვაა, რაც კი მოსწავლეს დაუსვამს ჩემთვის…
“პირადი” მუსიკაა, რომელსაც ძილის წინ ვუსმენ,
“პირადი” ლექსია, რომელსაც ჩუმად – ჩემთვის ვწერ,
“პირადი” საყვარელი წიგნია, რომელსაც ვკითხულობ,
“პირადი” ჩემი მეგობრებია, რომლებიც მითბობენ გულს,
ჩემი `პირადი~ თქვენ ხართ, ჩემი მოსწავლეები, რომლებსაც დღემდე გჯერათ ჩემი სიტყვისა და საქმის.… სკოლის დირექტორობის შემდეგ ალბათ მივბაძავ დიდ პოლიტიკოსებს და დავწერ მემუარებს, ან პროფესიულ ლიტერატურას შევქმნი. დირექტორობა ჩემთვის პროფესიაა და არა თანამდებობა.
რა არის თქვენთვის სიტყვა “თავისუფლება”?
– თავისუფლება ადამიანურობის საზომია. თავისუფლება მხოლოდ მაღალი შეგნების და ზნეობის მატარებელი საზოგადოების ხვედრია. თავისუფალია მიწის მუშა, რომელიც ოჯახს პატიოსანი შრომით არჩენს და შვილებს წესიერ მოქალაქეებად აყალიბებს. საპირისპიროდ ამისა, მონაა მეცნიერი, რომელიც სხვის ხელისგულზე იკვებება და საკუთარი აზრი არაფერზე არ გააჩნია ან გააჩნია, და ნაჭუჭიდან უყურებს გარე სამყაროს. თავისუფლებაზე დიდი პასუხიმგებლობა არ არსებობს. თავისუფალი ვერ იქნება ადამიანი, რომელსაც არა აქვს მაღალი პასუხიმგებლობა საკუთარი ოჯახის, ქვეყნის და იმ სოციუმის წინაშე, რომელშიც უწევს ცხოვრება. თავისუფლება პირადი ამბიციების შეზღუდვა და სხვა სიკეთეზე მეტი ფიქრის უნარია. ხალხებს, რომლებმაც შექმნეს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურა და ისტორია, ჰქონდათ კოლექტიური პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა.
–  თქვენი აზრით, რა არის სკოლის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომლითაც თქვენ და მთელი სკოლა დღემდე ამაყობთ?
– 2008 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 2 სკოლა შეირჩა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩაერთო გერმანულ-ქართულ პროექტში `სკოლა მომავლის პარტნიორი” სამხრეთ კავკასიის მასშტაბით პროექტში სულ 5 სკოლა ჩართული. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 50 მოსწავლემ გაიარა ენის კურსები გერმანიაში, 60-მდე მოსწავლე ისვენებდა საზაფხულო ბანაკებში საქართველოში და თურქეთში, გერმანული ენის მასწავლებლებმა გაიარეს პროფესიული გადამზადება გერმანიაში, გვაქვს გაცვლითი პროგრამები ქალაქ ბონის ევროპულ სკოლასთან, ჩვენი მოსწავლე ერთწლიანი პროგრამით სწავლას აგრძელებს გერმანიის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში, კურსდამთავრებულები სწავლას აგრძელებენ გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში და ღებულობენ ევროპულ განათლებას. მე პირადად ორჯერ ვიყავი გერმანიაში საქმიანი ვიზიტით, ხოლო გასულ წელს სოჭში სკოლის დირექტორთა საერთაშორისო კონფერენციაზე წარვადგინე სკოლის მუშაობის ამსახველი მასალები. ჩვენი მოსწავლეები ეცნობიან ევროპულ ღირებულებებს და კულტურას. მიმაჩნია, რომ ამ პროექტს სკოლის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ხოლო პროექტის წარმატებით განხორციელებაში უდავოდ დიდია გერმანული ენის მასწავლებლის ნონა დარასელიას წვლილი.
– ბოლო შეკითხვა მანანა მასწავლებელო, რას ვერ პატიობთ ადამიანებს, რა გტკენთ გულს ყველაზე მეტად?
_ ადამიანებთან ურთიერთობაში რადიკალიზმის მომხრე არა ვარ. ადამიანები შეცდომებს ვუშვებთ და მისი გამოსწორების შანსი ყველას უნდა მიეცეს. ადამიანებს ვერ ვპატიობ სიცრუეს და ღალატს, ყველაზე მეტად გულს კი, უმადურობა მტკენს. მიყვარს იმ საზოგადოებაში ყოფნა, სადაც თავაზიანობა და უფროს-უმცროსობა მიღებელია.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!