ლევან პაპავა: “პროფესიული განვითარება შეუფასებელი კაპიტალია”


ზუგდიდიდელების სტუმარია სახალხო დამცველის აპარატის სამეგრელო – ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი ლევან პაპავა. ის დეტალურად საუბრობს სამმართველოს ფუნქციებზე, დანიშნულებებზე და სამომავლო გეგმებზე.
ლევან, ორიოდ სიტყვით თქვენს შესახებ?
– პროფესიით იურისტი ვარ, 2008 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოგვიანებით, სწავლა გავაგრძელე კავკასიის უნივერსიტეტში, კერძოდ, კავკასიის სამართლის სკოლაში, სადაც გავიარე სამაგისტრო პროგრამა. იმ პერიოდში ვმუშაობდი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების იურისტ კონსულტანტად შ.პ.ს. “განათლება – 21”- ში. პარალელურად სტაჟირება გავიარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საბაჟო საგადასახადო ფაკულტეტზე. 2013 – 2014 წლებში გავიარე პრაქტიკული კურსი საადვოკატო ბიურო, სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული  საქმიანობაში,  მათ შორის, შუამდგომლობების, სარჩელების მომზადებაში, ზეპირი კონსულტაციების გაწევაში და ეს იყო უფლებადაცვითი საქმიანობის განხორციელება ჩემი მხრიდან. 2013 წელს, როდესაც დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, შემომთავაზეს მუშაობა გიორგი მარგველაშვილის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის, ცენტრალური საარჩევნო შტაბის იურიდიულ სამსახურში, მინდა აღვნიშნო, რომ შტაბში მუშაობისას მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, როგორც იურისტმა, მაგრამ მიუხედავად ამისა,  არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში, ან პოლიტიკურ პარტიაში არ ვყოფილვარ გაწევრიანებული, მე, უბრალო იურისტი ვიყავი და დაკისრებულ მოვალეობას ვასრულებდი. მოგვიანებით, როდესაც, კონკურსი გამოცხადდა სახალხო დამცველის აპარატში სამეგრელო – ზემო სვანეთის სამმართველოს ხელმძღვანელის ვაკანსიაზე, მონაწილეობა მივიღე და წარმატებით გავიარე კონკურსის სამივე ეტაპი. მსურს, აღვნიშნო ხაზგასმით – არ ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი.
რატომ გადაწყვიტეთ კონკურსში მიგეღოთ მონაწილეობა?
– აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ერთ ერთი გახლავთ, ის რომ დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში, მინდოდა ჩემი ცოდნა, გამოცდილება, საქმიანი და მორალური თვისებები გამომეყენებინა ჩემი რეგიონისათვის. ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა გამეუმჯობესებინა, ზედამხედველობა განმეხორციელებინა ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში, ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვის სფეროში გარკვეული სასიკეთო ცვლილებები გამეტარებინა. მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ როდესაც უფლებადაცვით საქმიანობას ახორციელებ და ამ დროს წარმოადგენ საჯარო მოხელეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარებისთვისაც. მე ვფიქრობ, რომ პროფესიული განვითარება შეუფასებებლი კაპიტალია. ჩემი მოკრძალებული კარიერის მანძილზე, ყოველთვის ვიყავი ორიენტირებული სამართლის ახალი დარგები შემესწავლა, გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა, მიმეღო ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემი ქვეყნის სამსახურისთვის.
 ადრე თუ იცნობდით სახალხო დამცველის მუშაობას ზუგდიდში?
–  სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისთან  მანმადე საქმიანი შეხვედრა, ან შეხება არ მქონია. ადგილზე დანიშვნის დღიდანვე, შევუდექი გარკვეული საქმეების შესწავლას, მაქვს მოტივაცია უფრო მეტად გავაუმჯობესო სამმართველოს საქმიანობა, გაიზარდოს მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობა,  სახალხო დამცველის როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის პოპულარობა, სანდოობა,   მეტი დადებითი შედეგის მომტანი იყოს ჩვენი საქმინობა. ზოგადად, სახალხო დამცველის ინსტიტუტის მუშაობის შესახებ ჩემთვის ცნობილი იყო, პერიოდულად ვეცნობოდი სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშებს, ყოველთვიურ ბიულეტენს, პარლამენტისთვის წარსადგენ ყოველწლიურ ანგარიშებს და ჩემთვის ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას.
– თქვენ გეგმავდით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრებს, რომ გქონოდათ მათთან მჭიდრო კავშირი და კონტაქტი.
–  სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში არსებობს ისეთი ადმინისტრაციული ერთეულები და სოფლები, რომლის მოსახლეობასაც სახალხო დამცველის ოფისისთვის არასდროს მომუმართავს და ზოგადად, მწირი ინფორმაცია აქვთ სახალხო დამცველის ინსტიტუტის შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ინტენსიურად, მთელი შემადგენლობით ვაპირებთ გასვლას სოფლებში, რომ მოსახლეობას გავაცნოთ სახალხო დამცველის უფლებამოსილება  და ვაუწყოთ, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ სახალხო დამცველის ოფისს, დარეკონ ცხელ ხაზზე, დააფიქსირონ პრეტენზიები და საჩივრები. დაფიქსირებული საჩივრების შემდგომ, დგება შესაბამისი ოქმი, რომელიც დაუყონებლივ გადაეცემა შემდგომი რეაგირებისათვის აპარატში მომუშავე უფლებამოსილ პირს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის რომ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა პერიოდულად მოგმართავს მთელი რიგი პრობლემური საკითხებით, სოფლებში ამბულატორიები და სამედიცინო დაწესებულები არ არის გამართული და არ გააჩნიათ საჭირო მატერიალურ – ტექნიკური ბაზა. ამ საკითხებს, ბუნებრივია, ვსწავლობთ და ვახდენთ შესაბამის რეაგირებას.

– კიდევ რა პრობლემებით მოგმართავენ მოქალაქეები დასახმარებლად?

– ძირითადად მომართვა ხდება სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მხრიდან. ისინი განცხადებებში  აპელირებენ, რომ ირღვევა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი.  რომ შეფასება არ არის სამართლიანი და ხშირ შემთხვევაში, მათ ენიჭებათ შეუსაბამო ქულები, რაც  შემდგომ სოციალური მომსახურების  ტერიტორიული ორგანოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი ხდება. ეს საქმეები ჩვენს წარმოებაშია, ამ ეტაპზე ვსწავლობთ და კონკრეტული შეფასებებისგან თავს შევიკავებ. მოქალაქეები ასევე მოგვმართავენ, იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზედაც ისინი დაზარალებულები არიან, რომლებზე საქმის გამოძიება ჭიანურდება, თუნდაც რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ სისხლის სამართლის დევნის ორგანოს მიერ არ ხდება შემაჯამებელი საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება, მათი შეფასებით, არ ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, ესეც, ბუნებრივია, სახალხო დამცველის უფლებამოსილების საკითხია და ჩვენ უფლებამოსილების ფარგლებში ვახდენთ შესაბამის რეაგირებას. ასევე მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველს აქვს შესაძლებლობა დაიწყოს საქმის წარმოება, როგორც საჩივრების, წერილობითი განცხადებების საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით.

– საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, თქვენ შენიშვნები გქონდათ მერიასთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან.
– ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ის, რომ საქართველოში და მათ შორის რეგიონებში აღმოიფხვრას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პრაქტიკულად გამოქვეყნების პრობლემა. ერთ-ერთ შეხვედრაზე, მე განვმარტე, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებასთან ელექტრონულ რესურსზე გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა იყოს  სრულ შესაბამისობაში საკრებულოს  დღევანდელ მდგომარეობასთან. ამ მხრივ, დადებითი ტენდენციები შეინიშნება საკრებულოს ვებ გვერდზე, თუმცა მერიას ჯერ კიდევ აქვს მსგავსი სახის პრობლემები, ანალოგიურადაა მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც.
– თქვენი მშობლები ბატონი გონერი და ქალბატონი ციცინო, ამბობდნენ, რომ ისინი საჯარო სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს. როგორც სახალხო დამცველი აპირებთ თუ არა ამ საქმეში ჩარევას?
– ჩემი მშობლები მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებში, ქმედებებში, სრულიად დამოუკიდებლები არიან, შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებული განცხადება და ქმედება ჩემს მიერ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებას არ უკავშირდება. დღეის მდგომარეობით, მათ სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მოუმართავთ განცხადებით და მათთან დაკავშირებული  საქმე სახალხო დამცველის წარმოებაში არ არის.
სახალხო დამცველის გუნდზეც გვითხარით.
– რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა თემურ ქორიძემ აღნიშნა, რომ მომავალში აუცილებლად სამმართველოს სპეციალისტისა და  მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე გამოცხადდება კონკურსი და კონკურსანტები აუცილებლად შეირჩევიან სამართლლიანი წესით. ამ პროცესით უშუალოდ მე ვარ დაინტერესებული, ვინაიდან, ჩემს დაქვემდებარებაში არსებული სამმართველო დაკომპლექტდება კვალიფიციური კადრებით, რათა სამმართველოს საქმიანობა იყოს ეფექტური. ამ ეტაპისთვის ვმუშაობ მე, როგორც სამმართველოს უფროსი და სახალხო დამცველის აპარატის შემადგენლობაში მუშაობს დევნილთა პროექტის მონიტორი ანი ქირია.
მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, როგორ ცხოვრობს ლევან პაპავა?
– არის შემთხვევები, როდესაც დასვენების დღეებშიც მიწევს ჩემი უფლება – მოვალეობის განხორციელება. თუმცა როდესაც, თავისუფალი დრო მაქვს, მას ვატარებ ჩემი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ხშირად ვუყურებ ფილმებს, ვკითხულობ წიგნებს. მაქვს ჰობი – ჩოგბურთი.
გყავთ თუ არა შეყვარებული?
– შეყვარებული არ ვარ.
– თქვენს ოჯახს ზუგდიდში კარგად იცნობენ…
– მამაჩემი გონერი პაპავა პროფესიით ფიზიკოსია, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ახორციელებდა პედაგოგიურ საქმიანობას და დღესაც აქტიურად არის ჩართული ამ საქმეში. დედაჩემი ციცინო ფიფია, ფილოლოგია, მაგრამ ამჟამად დიასახლისია. მყავს და ანა. რომელიც იურისტია, დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შესთავაზა მუშაობა სასწავლებელში მონიტორინგის სამსახურში.
სამომავლო გეგმებზეც მითხარით…
– სამომავლოდ, აუცილებლად ვაპირებთ მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც იქნება მიმართული საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. ვგეგმავთ საჯარო ლექციების და ტრენინგების ჩატარებას ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში.
– გმადლობთ, წარმატებებს გისურვებთ.
– წარმატებები თქვენც.
ეკა ფარულავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!