შოთა წურწუმია: “ძარღვებში რითმები კვლავ კრავენ კამარებს…”

  • ჩხოროწყუელი შოთა წურწუმია, “ზუგდიდელების ” ზარმა გაახარა. ის სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე. გვითხრა, რომ ზუგდიდი ძალიან უყვარს და ზუგდიდელი მკითხველისა და მსმენელისგან მუდამ სითბოს, სიყვარულს გრძნობს.

-…ჩახუტება მსურს, თუმც ვერ შევძელი,

ვერ მოგაწვდინეთ შორს მყოფთ ხელები,

მუხლმოყრით გევედრებით, რომ მომიკითხოთ,

ზუგდიდთან ერთად ზუგდიდელები!

ზუგდიდი, მართლაც, რომ მთელი თავისი, ბუნებით, სიძველეებითა და ისტორიით ყოველი ჩვენგანის სიამაყეა. იქ ბევრი ნაცნობი და კარგი მეგობარი მყავს და ყოველთვის მსიამოვნებს,  როცა ჩავდივარ. პოეზიის კუთხით რამდენიმეჯერ მომიწია ზუგდიდელ მსმენელთან შეხვედრა და ყოველ ჯერზე ძალიან დიდი სითბო გამომყვა.

 -ვიცი, საკუთარ თავზე არ გიყვარს საუბარი…

-დიახ, საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს და ალბათ არც გამომდის, თუმცა ვფიქრობ, ვინც მიცნობს დაგიდასტურებთ, რომ ჩემთვის მთავარ ღირებულებას უბრალოება, თავმდაბლობა და მოყვასისადმი ერთგულება წარმოადგენს. მსიამოვნებს, როცა საქმეს და ადამიანებთან ურთიერთობას პირდაპირ და ალალი გულით ვუდგები. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ღვთისგან ბოძებულ  ყოველ დღეს, რაც შეიძლება მეტი სითბო გავსცეთ.

ვხედავთ გაფუჭდა დროება,

თავის გატანა რთულია,

თუმც ჩემთვის უბრალობა

ოქროზეც ღირებულია.

 –როდის დაიწყე ლექსების წერა?

– არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვი, რომ მთელი ცხოვრება გატაცებული ვარ პოეზიით.  პატარა რომ  ვიყავი, ლექსის მოსმენა მიყვარდა ძალიან, ზეპირადაც ბევრი ლექსი ვიცოდი და უკვე, ასე, მეხუთე კლასიდან, ან ცოტა უფრო ადრე, თვითონაც დავიწყე რაღაცეების ჩანიშვნა. დღეს კი, კარგად გამომდის ეს, თუ ცუდად, ჩემი ცხოვრების მთავარ აზრს და სტიმულს სწორედ რომ პოეზია წარმოადგენს.

დღითიდღე მოკლდება გზა კუბოს კარამდი,

ძარღვებში რითმები კვლავ კრავენ კამარებს,

მე მუზის მადლითღა ვცოცხლობდი აქამდი

და ბოლოს მუზები გამითხრის სამარეს…

-პირველი ლექსი…

-პირველი ლექსი დედაზე იყო, როცა რამდენიმე დღით დედულეთში ვისვენებდი. თუმცა ერთ-ერთი ძალიან ადრეულ ასაკში დაწერილი ლექსი ასე ჟღერდა:

“საქორთუო ინგარქ კინე,

შენ მშვიდობის ლურჯო, მტრედო,

ვარჭკომანი სო გარტინე,

მუკმუკი გერეფი გოიხედო.

ვაცოდთნი რჯერდას ცაშა,

რა გინდ ბევრი ცრემლი ღვარო,

მუთა მეიძ ეკორთაშა,

მარა ურზუქ დიოდღარო.

ზამთარ-ზაფხულ, თოვლში, ქარში…

მით ლეხიენი თის ულუანქ,

მოვა დრო და შენს ფრთებს გაშლი

დო ბჯერს ქმწიბირგულუანქ”.

-მეგრული ლექსების წერას დიდი გამბედაობა სჭირდება…

-დღეს მეგრულ ენას ,ასე თუ ისე, ძალიან უჭირს და არსებობს რეალური წინაპირობა იმისა, რომ რამდენიმე წელიწადში ეს სურათი უფრო სავალალო სახეს მიიღებს.  მისი გადარჩენის წყაროს ისევ ჩვენ წარმოვადგენთ, რაც იმაში უნდა გამოიხატოს, რომ ახალგაზრდები ვიქნეთ დაინტერესებული იმ სიტყვების შესწავლით, რომლებიც ჩვეულებრივი ურთიერთობის ჟამს, დღეს, თითქმის არ გამოიყენება. ასევე აუცილებელია მოზარდებს გავუღვივოთ სიყვარული მეგრული ენისადმი, რამეთუ ისიც ჩვენთვის ქართულივით ტკბილი და მშობლიურია.

ღორონთი სკუალეფი ბრელი გიუნს

მის უჩქ, სო, მი დო მუ რჯულა,

შხვა მუშობურათ გიბირსნი

მა მარგალურო ბღურჭულა.

რთხულენქ, სკანი ოროში გოლვაფირი

ფირქიშა ვეგემიძ შხვა კილა,

სოხუმიში ჰავათ ვადიბრძღენი

ფერი ლაგე ღურუთ ვაპილა.

მიყვარხარ შენ საქართველოვ,

სამოთხის დარად მორთულო,

ჩე ქუას ქიმკმოქარგანანი

ხშირას ქმეჩით ქორთულო!

-ლექსების რამდენი კრებული გაქვთ გამოცემული?

-დღეის მდგომარეობით, ერთსტროფიანების ჩათვლით ასე ოთხასზე მეტი ლექსი კი მექნება და აქედან ორმოცდაათი, ან ცოტა მეტი მეგრულ ენაზეა დაწერილი. რაც შეეხება კრებულს… არ ვიცი, კრებული რამდენად დავარქვა, თუმცა პირველად ჩემი ლექსები აკინძულის სახით ჩემი სახელითა და გვარით დასათაურებულ ყდას 2013 წელს ეზიარა, სახელწოდებით “რითაც მე ვსუნთქავ”, ხოლო შემდეგი “მე, სიმარტოვე და პოეზია” 2016 წელს გამოიცა. პარალელურად იბეჭდება ხოლმე სხვადასხვა გაზეთებსა თუ ჟურნალებში… ძირითადად, მითუმეტეს ადრეულ ასაკში, როცა რამე ჩვენს მიერ ჩანიშნული იბეჭდება, ავტორს ძალიან სიამოვნებს, მაგრამ მერე შეიძლება სანანებელი გაგვიხდეს. ამიტომ არ ღირს სიჩქარე მსგავს საკითხებში. ლექსი შემოქმედთან ერთად უნდა დაღვინდეს, გადაიხედოს გაშალაშინდეს და მხოლოდ ამის შემდგომ თუ ჩავთვლით ღირსად, რომ გამომზეურდეს, დიდია ალბათობა,  მკითხველის გულშიც დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი. ამიტომაც მირჩევნია ჩემს ლექსებზე მკითხველსაც შემდეგი სიტყვებით მივმართო:

განძი თუ ვერა, ვფიქრობ არაა

მიზანს ამცდარი, როგორც ბრმის ლელო,

ავტორის კვეხნა მცდარი შარაა,

შენ შეგვაფასე, ჩემო მკუითხველო!

 –თანამედროვე პოეტებიდან ვის გამოარჩევდი?

-რაც შეეხება პოეტებს არც თანამედროვე და არც შედარებით ადრეული ეპოქის ავტორებიდან ვერცერთს ვერ გამოვარჩევდი. საყვარელი პოეტი იმდენად არა, კარგი ლექსი ბევრი მახსენდება, რადგან თუ ვინმეს მართლაცდა დამსახურებულად ეწოდა პოეტი საზოგადოებისგან და ერის გულში მნიშვნელოვნი ადგილი დაიმკვიდრა, მაშინ რამდნიმე, ან ერთი ლექსი მაინც ექნება გამორჩეული და მეც ამის მიხედვით მამახსოვრდება ავტორები. დიდი შემოქმედი ბევრი გვყავდა, პოეტებიდან მაინც გრანელს გამოვარჩევდი, რადგან ჩემი სული მაინც მის მხარეს იხრება…

სული მოწყენით ირწევა ცაზე,

სწუხს, უიღბლობით სუსტი და კენტი,

გული ღიღინებს, სამარის ხმაზე,

და შენ დაგეძებს, ძმაო ტერენტი.

-რას ნიშნავს შენთვის წარმატება?

-ადამიანისთვის პირველი წარმატება ალბათ ისაა, რომ გაჩნდე ამ ქვეყანაზე და იყო ჯანმრთელი, მადლობა უფალს რომ ეს ბედნიერება მომამდლა და საერთოდ, ჩემი დედამიწაზე მოვლენა ისურვა. მაგის შემდომ ყოველი დღე ადამიანურად გატარებული წარმატებაა, რადგან ზეცაშიც სწორედ მიწიერი ცხოვრების ჟამს მონაგარით “ხელში” წარვსდგებით ღვთის წინაშე.

მიჩნს სანამ მოკვდავთ სულები

უფლის სამსჯავროს წარსდგება

არცერთ მათთაგანს ასცდების

ერისმხრივ გასამართლება!

 და ამიტომ…

ნოხირი ადგილს ქიმკაპონი,

ნათხირი არძო დართინე,

აქ ეშმაკის დატყობენი,

ღოროთშა სო გარტინე...

 –თავისუფალი დრო…

-როგორც უმეტესი ჩვენგანის შემთხვევაში, მეც თავისუფალ დროს უმეტესად მეგობრებთან ვატარებ, ან თუ სახლში დავრჩი მიყვარს კითხვა, ფილმების ყურება, ან ისევ პოეზიას ვუბრუნდები, რაც ჩემთვის განსატვირთად საუკეთესო საშუალებაა.

გვედრებ იწამე დაო ,,დავარი“

რომ პოეზია არის მთავარი.

თუ რამ ისურვო ჩემო ფერია,

მასში უკლებლივ ყველაფერია…

-რამდენიმე ქვეყანაში ხარ ნამყოფი…

-სამშობლოს გარეთ, თუ არ ვცდები სულ ცხრა ქვეყანაში ვარ ნამყოფი. 2016 წელს კი ძალიან გამიმართლა რადგან ისევ პოეზიის წყალობით კიდევ ერთი დიდი და ერთგული, უფროსი  ძმა-სოსო, იგივე სერგო მატკავა შევიძინე. რომელიც აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდგომ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ცხოვრობს. ბატონი სოსო საქართველოში და ევროპაში ბევრისთვის ცნობილია სამშობლოსა და თანამემამულეებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. მეც სწორედ ამ პიროვნების კეთილი გულის მეოხებით, აღმოვჩნდი ევროპის არაერთ ქვეყანაში. ბოლო პერიოდი ვენაშიც ვიყავი წასული სწავლის გაგრძელების მიზნით. თუმცა ვიზასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების გამო სამშობლოში დაბრუნება მომიწია და ჯერჯერობით აქეთ ვარ… ბედი შეიძლება მომავალშიც ვსცადო, თუმცა საქართველო ჩემთვის უმთავრესია და აუცილებლად, მშობელ მიწას დავუბრუნდები.

რისთვის გინდა, სხვა ქვეყნის ვარდს დაეუფლო,

თუ ასე ძაან გერჩის ძმაო მკლავში ღონე,

შენს ზურგს უკან ბაღნარია გადაშლილი,

შორს ნუ წახვალ, შენს მიწა-წყალს უპატრონე!

-რა ხდება თქვენს პირად ცხოვებაში?

 ნუ ჩაღვრით ცრემლებს ოცნების ხნულში,

არ დათმოთ გრძნობა, სულ რომ კვდებოდეთ,

მე არ მიმართლებს ამ სიყვარულში,

თქვენ კიდე ყველას გაგმართლებოდეთ!

 თუმცა, როგორ შეიძლება ჩავთვალო არ მიმართლებს მეთქი, როცა ირგვლივ ამდენი კეთილმოსურნე ადამიანი და მეგობარი მეგულება. მთლიანობაში უდაოა, რომ ამ ქვეყანაზე სიყვარულს ნამდვილად არაფერი შეედრება. ნამდვილად ღირს, რომ მისით აენთო და მისთვისვე დაიფერფლო. მე ყოველთვის მზად ვარ, რომ ამ გრძნობას ერთგულად ვემსახურო, რამეთუ სანამ გული სიყვარულით გვიხურს, სიცოცხლე მუდამ მრავალფეროვანი, საინტერესო და საამურია. სიმართლე გითხრათ, გულით ბევრ ტკივილს და ბედნიერებას დავატარებ, ცხოვრება თერგივით დაუდგომელია და არავინ ვიცით ხვალისთვის ვის, რას გვიმზადებს. ასე თუ ისე, ბუნებით ცოტა პესიმისტი კი ვარ, მაგრამ მაინც კარგის მოლოდინში ვარ  ყოველთვის, რადგან ღმერთი დიდი და მოწყალეა…

კუჩხი გეგნოდგით, ველაღრათ ბოშეფი,

ჸოროფილეფი გისხუნუდანი შურიშა,

წელს ჸურუო მანჯა ქუგუსკვეთდო,

ერცქემიცალო ქიხუტოლეთ გურიშა!

 ასე, რომ ჩემი სიყვარულის ფორმულაც ასეთია:

მე მინდა გვქონდეს ზღვისპირას ეზო,

ეზოში ჭა და ქვიშის კარავი,

შიგ გასაღები რომ გამოვძერწო,

შენი დარდების მოსაპარავი.

ჩახუტებული ვიდგეთ მთის წვერზე,

როცა განცდები ვნებებს ბარდნიან,

ღამე გადაღლილს გულზე გიწვენდე,

სულს გიკოცნიდე დილაადრიან.

გვყავდეს ტყუპები, ვისხდეთ მზის ტოტზე,

ლუკა მე მგავდეს, დედიკოს კატო…

და რომ მოვკვდებით, საფლავის ლოდზე

ჩემგან მარცხენა ფრთას მიეხატო.

-გაგვაცანი შენი ოჯახი.

-ოჯახი როგორც ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ჩემთვისაც, უწმინდესი და უმნიშვნელოვანესია. უფლის ნებით მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე, ხუთი და-ძმა ვართ. ბავშვობა ბევრ ტკბილ მოგონებას უკავშირდება. დებს უკვე თავიანთი ოჯახი აქვთ და დღეის მდგომარეობით, მე და უფროსი ძმა ვცხოვრობთ მშობლებთან ერთად. მადლობა უფალს, რომ ვარ ქართველი და კერძოდ ჩხოროწყუს მკვიდრი, რაც ძალიან მაბედნიერებს.

რწმენა ცოდვილი გულის ფარია,

ღვთის მორჩილება სულის წესდება,

ჩხოროწყუ ჩემთვის ის ტაძარია,

რომელშიც ლოცვა არ მომბეზრდება.

შენი სამომავლო გეგმები…

-სამომავლო გეგმა და გეგმები მარტივია. მინდა ყოველი დღე სიკეთეს მოვახმარო და ყოველი მომავალი წუთის გეგმაც ავტომატურად შემუშავებული მაქვს. მთლიანობაში მაქვს სურვილი მეტი განათლება მივიღო და რა თქმა უნდა, მეყოლოს ნამდვილი, ტრადიციული ქართული ოჯახი.

-ბოლოს…

 –კიდევ ერთხელ მინდა, ზუგდიდს და ზუგდიდელებს, წარმატება ვუსურვო. ამ ქალაქში ყოველმხრივი პერსპექტივა და რესურსია იმისთვის, რომ ბევრად უკეთესი და კიდევ უფრო მოწინავე ქალაქი გახდეს, ახლო მომავალში.

რისთვის კრავდი ოქრო-ვერცხლს, ან

სად ხარჯავდი მილიარდებს…

თუ ზუგდიდი არ გინახავს

და ზუგდიდის სიდიადე…

 წინასწარ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს.

მადლობა გამოხმაურებისთვის, მიგულეთ ერთგულ ქომაგად.

გფარავდეთ უფალი!

სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”

ანა ჯალაღონია

 

 

 

 

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.