ფატი შენგელია: “სტუდენტებთან ცოცხალი ურთიერთობები მენატრება”

  • ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ფატი შენგელია ბევრი ზუგდიდელისთვის კარგად ცნობილი სახელი და გვარია. ახალგაზრდებისთვის საინტერესოა მისი ცხოვრების გზა-ბრძოლა, ძიება, წინააღმდეგობები და წარმატებები.

-ქალბატონო ფატი, როგორ იწყებოდა თქვენი ცხოვრების გზა?

-წარჩინებით დავამთავრე  ჭაქვინჯის საშუალო სკოლა, ვწერდი ლექსებს და ვოცნებობდი ჟურნალისტობაზე, მაგრამ  კეთილი ადამიანების რჩევით – თუ მინდოდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტი გავმხდარვიყავი, უმჯობესი იქნებოდა ეკონომიკურზე ჩამებარებინა, რადგან იმ დროს, სხვა კრიტერიუმით ხდებოდა ცხოვრების გზის არჩევა, – მეც დავეთანხმე უფროსებს და ასე გავხდი ეკონომისტი და არა ჟურნალისტი.

ჩემი დღე იწყება დილის ლოცვებით, შემდეგ ვეცნობი სიახლეებს ჩემს სფეროში, ხშირად ვუსმენ ჯიმ რონის, ბრაიან ტრეისის, მელ რობინსის ლექციებს. მიყვარს ,,თედ ტალკსის’’  სტუმრების მოსმენა. ჩემი მთავარი მიზანია მეტი ცოდნის და გამოცდილების დაგროვება და გაზიარება ჩემი სტუდენტებისთვის. ვისურვებდი უფრო განათლებულ თაობას.

სამწუხაროდ, გამოვიარე უსამართლო შეფასებებიც და შურიც, მაგრამ  ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია, ვცდილობდი, ჩემი საქმის კეთება გამეგრძელებინა ყველაფრის მიუხედავად, ძალას მაძლევდა ჩემი ოჯახი და ახლობლები, რომლებსაც ჩემი სჯეროდათ.

 -ძლიერი ქალბატონი ხართ, თუმცა ქალური სისუსტე აუცილებლად გექნებათ.

-ძლიერი ვარ, არ მრჩება ადგილი ქალური სისუსტეებისთვის.

-როგორია თქვენი პირადი და ოჯახური ტრადიცია მარიამობის დღესასწაულთან შესახვედრად?

-ძალიან მიყვარს მარიამობის დღესასწაული. საქართველო მარიამ ღვთისმშობლის  წილხვედრი ქვეყანაა და როგორც ყველა ქართველი, მეც განსაკუთრებით პატივს მივაგებ მას. ჩემს პირველ შვილიშვილსაც მარიამი დავარქვი. ამ დღესასწაულს, ოჯახი, მარხვის შენახვით და ზიარებით ვხვდებით.

-ყველაზე დიდი სასწაული რა მომხდარა თქვენს ცხოვრებაში?

-ყველაზე დიდი სასწაული ჩემს ცხოვრებაში ჩემი ქალიშვილების მოვლინებაა, მადლობა უფალს ამისთვის.

-როგორი დიასახლისი ხართ?

-ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე განებივრებული ვიყავი საუკეთესო დიასახლისებით: ბავშვობაში დედა ნაზი კიტია, სტუდენტობის დროს, მამიდაშვილი დინარა როგავა და დღემდე, ჩემი დედამთილი მანიკო ასათიანი გვიმზადებს საუცხოო კერძებს. სამწუხაროდ, დიასახლისობით ვერ დავიკვეხნი.

-მადლიერება, რომელიც გინდათ გამოხატოთ…

-ვემადლიერები ბატონ გრიგოლ ხვიტიას, რომელმაც ზუგდიდში პირველი უნივერსიტეტის გახსნა, დაუღალავი ძალისხმევის შედეგად ბევრ ზუგდიდელს აუხდინა ოცნება – ადგილზე მიეღო უმაღლესი განათლება, ასევე სტიმული მისცა ახალგაზრდებს სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. რის შედეგადაც, რეგიონში გაიზარდა სამეცნიერო ხარისხის მქონე აკადემიური პერსონალის რაოდენობა. არ შემიძლია მადლიერებით არ გავიხსენო ბატონი ჯემალ პაჭკორია, რომელიც გზას გვიკვალავდა მეცნიერებისკენ და ჩემი მეცნიერ-ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ლეო ჩიქავა, რომლის რჩევები მთელი ცხოვრება მომყვება.

 -რაზე ოცნებობს ორი ქალიშვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებია?

-ორი ქალიშვილის და ოთხი შვილიშვილის ბებია ოცნებობს ერთიან, მთლიან, თავისუფალ  საქართველოზე, სადაც ყველას შეეძლება მისი ნიჭის და შესაძლებლობების სრულად რეალიზება.

-რა არ მოგწონთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში, ანუ თუნდაც თქვენს სფეროში?

-არ მომწონს გაუთავებელი ლანძღვა-გინება, სიძულვილის ენით საუბარი… მინდა, მეტი სიყვარული გვქონდეს ერთმანეთის მიმართ, ვიყოთ უფრო მიმტევებლები.

-ამბობენ, ზოგ მამაკაცს არ მოსწონს ქალის ნიჭიერება და აქტიურობა. როგორ ფიქრობთ, რატომ?

-ამას ვერ ვიტყვი ჩემს მეუღლეზე, თემურ ხოჭოლავაზე. ის ჩემი აქტიური გულშემატკივარია, მისი დამოკიდებულება სტიმულს მაძლევდა დამეძლია გამოწვევები, რომელიც მხვდებოდა ცხოვრების გზაზე. თემური პროფესიით მხატვარია, მაგრამ ჩემს სამეცნიერო სტატიებს პირველი ის კითხულობს, უხარია ჩემი წარმატება და მამხნევებს დაბრკოლების დროს.

-როგორია თქვენი ოჯახის შექმნის ამბავი? სად გაიცანით ერთმანეთი? ვინ არის თქვენი მეუღლე?

-ჩემს პირველ სამსახურს უკავშირდება ჩემი ოჯახის შექმნის ისტორია, განყოფილების უფროსმა გამაგზავნა ,,ხოჭოსთან”, როცა ვიკითხე სახელი და გვარი, აღმოჩნდა, რომ არავინ იცოდა, მისი სახელი. „ხოჭო“ ასე მიმართავდნენ და მორჩა… ერთ წელიწადში დავქორწინდით და მოვდივართ დღემდე სიყვარულით.

-როგორ გახსენდებათ თქვენი პირველი სამსახური?

-ჩემი პირველი სამსახური იყო ფაიფურის ქარხანა, სადაც ინჟინერ-ეკონომისტის პოზიციაზე ვმუშაობდი. ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ, მის დახურვამდე, არ შემიცვლია სამუშაო ადგილი. დავიწყე უფროსი ლაბორანტის პოზიციიდან, 2002 წლიდან სასწავლო ნაწილის უფროსის თანამდებობა მეკავა, ხოლო 2005 წლიდან ვიკავებდი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობას, 2005-2016 წლებში არჩეული ვიყავი  პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. მენატრება სავსე აუდიტორია და არაჩვეულებრივი სტუდენტები, რომლებიც დღეს წამყვან პოზიციებზე არიან სხვადასხვა სფეროში.

-იყო თქვენს ცხოვრებაში ისეთი დღე, რომელმაც თქვენში გარდატეხა მოახდინა, შინაგანად შეგცვალათ?

-იყო ასეთი, მადლობა ყველას, ვინც იმ დროს გვერდზე დამიდგა და უფრო გამაძლიერა.

-ქალბატონო ფატი როგორი იყო თქვენთვის 2020 წელი?

– რა თქმა უნდა, 2020 მძიმე წელი იყო ყველასთვის, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, მაგრამ სწორედ ამ წელს, დაიბადა ჩემი მეოთხე შვილიშვილი ალექსანდრა ჭუმბურიძე და ამდენად, 2020-ზე, აუგს ვერ ვიტყვი. პროფესიული თვალსაზრისით-ონლაინ ლექციებს ვატარებდი და სტუდენტებთან ცოცხალი ურთიერთობები მენატრებოდა, ნიღბიანი, ნაღვლიანი ადამიანების ყურება ძნელია. იმედია, მალე დავაღწევთ თავს, ღვთის წყალობით, ამ კოშმარს და ისევ ღიმილიანი სახით ვივლით.

-რა თვისება მიგაჩნიათ მეგობრობაში მთავარი.

-გულწრფელობა, ერთგულება და სიყვარული.

– თქვენი სამაგიდო წიგნი?

-ბიბლია.

 -რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

– ჩემს უსაყვარლეს ზუგდიდელებს ვუსურვებ ჯანის სიმრთელეს, მატერიალურ კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს! უფალი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!

ესაუბრა როზა როგავა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.