ყველაფერი იწყება მასწავლებით ასახავს იმ ფუნდამენტურ როლს, რომელსაც პედაგოგი ასრულებს როგორც ინდივიდის, ისე საზოგადოების განვითარებაში. მასწავლებელი არ არის მხოლოდ ცოდნის გადამცემელი ის არის ღირებულებების, კრიტიკული აზროვნებისა და ცხოვრებისეული ორიენტირების ჩამომყალიბებელი. პედაგოგი არის მაღალი პასუხისმგებლობის, მუდმივი განვითარების და შთაგონების წყარო. ეს არის პროფესია, რომელიც აერთიანებს ემპათიას, პროფესიონალიზმსა და კრეატიულობას, სწორედ ამ იდეის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტმა ახალი პროექტი დაიწყო მასწავლებლებისთვის.
4 აპრილს, პროექტის პირველი ღონისძიება დაეთმო ფორუმს-“მასწავლებელთა ფორუმი: გარდამავალი ეტაპები განათლებაში”, სადაც ქვეყნის მასშტაბით, ასამდე, სხვადასხვა საფეხურზე მომუშავე მასწავლებელს თუ განათლების სფეროს წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ განეხილათ ის მნიშვნელოვანი პროცესები, რომლებიც მოსწავლის განვითარების გზას განსაზღვრავს. მასწავლებლებს შორის, რომელთაც საშუალება ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში დასწრებოდნენ ვორქშოფებს და მოესმინათ დარგის პროფესიონალებისაგან შემაჯამებელი ტრენინგი, ერთ-ერთი სოფიო ციმინტია იყო, ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი, რომელიც ამჟამად ალექსანდრე საჯაიას სხელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლის და ესტატე შუშანიას სახელობის, ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგია.
„საქართველოს უნივერსიტეტის” ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია Facebook გვერდიდან მივიღე, აქტიურად ვადევნებ თვალს მათ სიახლეებს, ერთის მხრივ იმ მიზეზით, რომ ჩემი შვილი სწორედ ამ უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია და მეორეს მხრივ, ყოველთვის გამორჩეულია მათი, როგორც საგანამათლებლო სფეროს, პროექტები. ინოვაციურობით – ხარისხზე ორიენტირებული და რაც მთავარია ეფექტური თანამშრომლობის შესაძლებლობით ყველა რგოლისთვის, მასწავლებელი, მშობელი, სტუდენტი და მოსწავლე. სწორედ ეს ხედვა და პრაქტიკული ნაბიჯები განაპირობებს მის პოზიტიურ იმიჯს და ნდობას როგორც მშობლების, ისე პედაგოგების მხრიდან.“ გვიზიარებს, სოფიო ციმინტია.
ფორუმის შინაარსი ითვალისწინებდა მასწავლებლებისათვის გარდამავალი ეტაპების შესახებ დეტალური და პრაქტიკული ინფორმაციის გაზიარებას, კონკრეტული ვორქშოფებისა და პრეზენტაციების სახით. შეხვედრა აერთიანებდა ბაღიდან სკოლამდე და სკოლიდან უნივერსიტეტამდე ყველა ეტაპს, იმ გამოწვევებს რაც პედაგოგების ყოველდღიურობის ნაწილია, აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში განხილული იყო ყველა საფეხურის (დაწყებითი, საშუალო, უმაღლესი) მახასიათებლები და კონკრეტული მიგნებები, რაც ერთიანობაში ქმნის საგანამანათლებლო ჯაჭვს.
აღსანიშნავია ფორუმის კონცეფცია, რომელიც განათლების სხვადასხვა საფეხურებს შორის კავშირის გაძლიერებასა და მასწავლებლების პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ ვორქშოფებს შორის ერთ-ერთი იყო „მასწავლებელი და პროფესიის არჩევანი“ (ფასილიტატორი ნათია ფურცელაძე), სადაც დეტალურად განიხილებოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის სწორი და გააზრებული პროფესიის არჩევა და რა როლი ეკისრება ამ პროცესში მასწავლებელს.
როგორც ქალბატონი სოფიო გვიამბობს, ქალბატონი ნათია ფურცელაძის ვორქშოფი ძალიან საინტერესო და ინტერაქციული იყო, რადგან განხილული საკითხები რამოდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევას პასუხობდა:
• განათლების საფეხურებს შორის ნაკლებ კოორდინაციას;
• პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების დეფიციტს;
• პროფესიული დიალოგის სიმცირეს;
• მოსწავლის განვითარებაზე ერთიანი ხედვის არარსებობას.
ამასთან, შეხვედრის ფარგლებში, პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაერთიანებულიყვნენ საერთო მიზნის გარშემო, რეალურ სივრცეში, რეალური პრობლემების გადაჭრაზე ეზრუნათ, რითაც ძლიერდება როგორც ინდივიდუალური, აგრეთვე კოლექტიური პროფესიონალიზმი და მყარდება ახალი კონტაქტები, პედაგოგებს შორის.
ფორუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი აქცენტი იყო გარდამავალ ეტაპებზე მოსწავლის არა მხოლოდ აკადემიური, არამედ ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერის მნიშვნელობა. „შეხვედრის ფარგლებში, მკაფიოდ წარმოჩინდა, რომ მასწავლებელთა შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება არის წარმატებული განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა“ სოფიო ციმინტია.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების პროექტი არის მთელწლიანი, განგრძობითი ხასიათის შესაძლებლობა, რომელიც აერთიანებს შეხვედრების სერიას – ხოლო მისი დასკვნითი ნაწილი დაეთმობა მასწავლებლის გავლენის ჯილდოს, სადაც პედაგოგები, საკუთარი პროექტებით წარმოაჩენენ მიღწეულ შედეგებს და თავის მხრივ სკოლას, სადაც უშუალოდ არიან დასაქმებულები.
„მასწავლებლის გავლენის ჯილდო, დამატებით შესაძლებლობას მისცემს პედაგოგებს წარმოაჩინონ საკუთარი პროფესიონალიზმი და გაწეული შრომა, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და რა თქმა უნდა, ვურჩევ სხვა პედაგოგებსაც მაქსიმალურად ჩართვას, რადგან ეს არის კონკურსი, რომელიც იმართება არა გამარჯვებისთვის, არამედ თვითრეფლექსიისა და პროფესიული განვითარებისთვის.“ სოფიო ციმინტია.
ცალკეულ აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს უნივერსიტეტის ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით, რაც მოიაზრებს რეგიონალურ წარმომადგენლებს (მაია ღუბელაძე – ქალაქი ზუგდიდი) და პროექტებს, რომელში ჩართულობაც სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებ და დაინტერესებულ პირებს ლოკალურად შეუძლიათ. საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის – ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო დარგის წარმომადგენლებს, როგორც საკუთარი გამოცდილებების და შესაძლებლობების გასაზიარებლად, ასევე არსებული გამოწვევების დასაძლევად, რადგან „ყველაფერი იწყება მასწავლებლით“.



