“სამარცხვინოა, ქულები დაგაკლონ იმისთვის, რომ სოროში არ ცხოვრობ…”


  • დღეს, დევნილთა სამინისტრომ, გამოაქვეყნა იმ პირთა სია, ვისაც სახლის შესასყიდად გადაეცემა კონკრეტული თანხები.

განსახლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიებში, ბევრმა იძულებით გადაადგილებულმა, რომელიც სახლის შესასყიდად თანხას ითხოვდა, ვერ აღმოაჩინა საკუთარი თავი.

იძულებით გადაადგილებული თინათინ ყურაშვილი, “ზუგდიდელებთან” ყვება, რომ მან ზუგდიდის დევნილთა სამმართველოში სახლის შესასყიდი თანხის მოთხოვნის მორიგი განცხადება 2018 წელსაც შეიტანა. შეხვდა სამმართველოს ხელმძღვანელობასაც, რომლებიც მისი საბუთების გაცნობის შემდეგ ამშვიდებდნენ, რომ წარდგენილი დოკუმენტებით, მას  ეკუთვნოდა სახლის შესასყიდი თანხა, მაგრამ დღეს სიაში საკუთარი სახელი და გვარი ვერ იპოვა.

“წლებია,  ოთხი სული, ვცხოვრობთ ახლობლის ოჯახში, რომელიც  გვთხოვს დავტოვოთ სახლი. მყავს მძიმე ავადმყოფი მოხუცი. მეუღლე უმუშევარია, მე გამომუშავებაზე ვარ და თვეობით შეიძლება ხელფასი ვერ მივიღო.  ოჯახში მარტო ვაჟიშვილი მუშაობს. სახლის შესყიდვის თანხის მოთხოვნის განცხადება რომ შევიტანე სამმართველოში, ვერ შევხვდი ხელმძღვანელს მანუჩარ ჩილაჩავას. როგორც ამბობენ, მისი ნახვა რთულია, მაგრამ შევხვდი სხვა ხელმძღვანელებს: ცქვიტაიას, აბლოთიას. ისინი მაიმედებდნენ, იმ საბუთების მიხედვით, რაც წარვადგინე, შესაძლებელი იყო მიმეღო  სახლის შესასყიდი თანხა. სპეციალური კომისიაც 10 დღეში მოვიდა ჩვენთან.

დღეს სია რომ გამოქვეყნდა, არ აღმოვჩნდი დაფინანსებულთა შორის. ახლა ვხვდები, რომ მწარედ მომატყუეს ტკბილი სიტყვით და თითქოს ზრდილობიანი მიღებით, რადგან იმ პერიოდში არჩევნები მოახლოებული იყო და თანამოაზრეები სჭირდებოდათ. დღეს, სიების გამოქვეყნების შემდეგაც, მივედი დევნილთა სამმართველოში, მაგრამ არცერთი ხელმძღვანელი პირი, რეორგანიზაციის მომიზეზებით ადგილზე არ დამხვდა. მაინტერესებს და მაჩვენონ, ვინ მიიღო ზუგდიდში განსახლებულ დევნილთაგან სახლის შესასყიდი თანხა. მაინტერესებს, როგორ პირობებში ცხოვრობენ ისინი, მართლა ცხოვრობენ სოროებში და შეუმინავ, ნესტიან სახლებში, როგორც ამას თითქოს კანონმდებლობა ითხოვს. სამარცხვინოა, ქულები დაგაკლონ იმისთვის, რომ სოროში არ ცხოვრობ. კატეგორიულად ვითხოვ, შემახვედრონ ადამიანს, რომელიც მეტყვის, ბოლოს და ბოლოს, 25 წლის შემდეგ, როდის მივიღებთ მე და ჩემნაირი ხალხი იმ აუცილებელ, სამარცხვინო მინიმუმს, რომელიც დევნილებს არსებობის გასაგრძელებლად გვჭირდება. ვიბრძოლებ სიმართლისთვის. გადაწყვეტილი მაქვს, შევხვდე დევნილთა მინისტრს, იქნებ, მან არც იცის თუ როგორ გაჭირვებაში ცხოვრობს მისი დევნილი ხალხი, მოვუყვები იმასაც,  თუ როგორ და რა კატეგორიის ხალხი ხვდება სახლის შესყიდვისა და ბინის მიმღებთა სიაში. თუ მაინც ყურად არ იღეს ჩვენი გასაჭირი, ბევრია ჩემნაირი და შევიკრიბებით, გავმართავთ საპროტესტო აქციებს.”

“ზუგდიდელები” დაუკავშირდა ზუგდიდის დევნილთა სამმართველოს უფროსს მანუჩარ ჩილაჩავას, რომელსაც ვთხოვეთ მოეწოდებია ინფორმაცია ზუგდიდში მცხოვრები დევნილებიდან რამდენმა და ვინ მიიღო სახლის შესასყიდი თანხა. ჩილაჩავამ გვიპასუხა, რომ დაკმაყოფილებულ, ზუგდიდში მცხოვრებ ბენეფიციართა სიის მიწოდება მასზე დაქვემდებარებულ სამმართველოს არ შეუძლია, რადგან ზუგდიდიდან გაგზავნილი სიები დევნილთა სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა და თავადვე გადაწყვიტა ვისთვის მიეცა სახლის შესასყიდი თანხა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!