როგორ ტარდებოდა სოფელ შამგონაში მარულა


  • სოფელ შამგონაში წლების განმავლობაში იმართებოდა მარულა. საკითხთან დაკავშირებით, “ზუგდიდელებთან” საუბრობს პედაგოგი ნუნუ წყაროზია, რომელიც წლების მანძილზე შამგონის სკოლის დირექტორი იყო. 

ნუნუ წყაროზია: “1940 წელს სოფელ შამგონაში მოყვარულმა ცხენოსნებმა ვარლამ წყაროზიას ინიციატივით, ჩამოაყალიბეს ცხენოსანთა კლუბი მარულა. მათ ჰყავდათ გაწვრთნილი ცხენები და ზუგდიდის რაიონის მასშტაბით საუკეთესოები იყვნენ. კლუბის წევრები გახლდათ: ვარლამ წყაროზია, სევერიანე ფიფია, ძუკა როსტობაია, კონდრა ღურწკაია, ამბაკო ღურწკაია, ავქსენტი გაბისონია, გუნდს კი აქსენტი ჯგუნჯგია  მეთაურობდა.

დიდი სამამულო ომის დაწყებამდე გუნდი ჩასულა მოსკოვში, მოუწყვია შესანიშნავი სანახაობა ცხენბურთი, მოქნევა, ჩეხვა, ყაბახი. თურმე, სანახაობას ესწრებოდნენ იოსებ სტალინი და სემიონ ბუდიონი. ომის წლებში შეჯიბრებები დავიწყებას მიცემულა.

1983 წელს ვარლამ წყაროზიას შვილმა კაკო წყაროზიამ გაანახლა და განაგრძო მამის საქმიანობა. შეიძინა საუკეთესო ცხენები, ხოლო პირადად მას წმინდა ინგლისური ჯიშის ბედაური ჰყოლია.

კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში ატარებდა სპორტულ შეჯიბრებებს სამეგრელო-აფხაზეთის მასშტაბით. ერთ-ერთი შეჯიბრება გამართულა ქალაქ როსტოვში ცხენებით ცეკვაში. შამგონის გუნდს გაუმარჯვია. გუნდის წევრები ყოფილან: ორესტი ქვარცხავა, ზური ღურწკაია, ზურაბ შენგელია და ერმინე მითაგვარია.

მარულაში, მხოლოდ კაცები არ მონაწილეობდნენ, თურმე გოგონებიც ღებულობდნენ მონაწილეობას ოჩამჩირის რაიონის სოფელ ფოქვეშიდან, გალიდან და შამგონიდანაც. გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზით ჯილდოვდებოდა.

იპოდრომი თავიდან არ იყო შამგონაში და შეჯიბრებები რუხში ტარდებოდა. ბატონ კაკოს ჰყავდა ცხენი, რომელზეც მხოლოდ თვითონ ჯდებოდა და ძალიან უყვარდა. ასაკში შესვლის შემდეგ იგი აჭარელმა იყიდა. ცხენი ყველა შეჯიბრებაში, თურმე ღებულობდა მონაწილეობას.

ცხენოსნობაში შეჯიბრებების შემდეგ აფხაზეთისა და სამეგრელოს მხედრებს შორის იყო ლხინი და სმა-ჭამა, აზრთა გაზიარება. ყველაფერი ეს ხელს უწყობდა მეგრელებისა და აფხაზების დამეგობრებასა და დაახლოებას”.

ქალბატონი ნუნუ ამბობს, რომ 1992 წლამდე კაკო წყაროზიას ოჯახში ჰქონია მუზეუმი, რომელიც მოწიწებით ინახავდა მარულასთან დაკავშირებულ ექსპონატებს. სამოქალაქო ომის უმძიმეს პერიოდში, მუზეუმი გაუძარცვიათ და მხოლოდ ფოტომასალა დარჩენილა.

მასალა მოამზადა ხატია წყაროზიამ

 

 

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!