- “ზუგდიდელების” სტუმარია მუსიკის პედაგოგი ცირა მიქავა, ურთის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, რომელიც წლებია ერთგულად ემსახურება მოსწავლეების აღზრდას. ჩვენი რესპონდენტი გულწრფელად საუბრობს თავის პროფესიულ გზაზე, ცხოვრებისეულ ფასეულობებზე, პედაგოგის პასუხისმგებლობასა და იმაზე, თუ როგორ უნდა შეუთავსო ერთმანეთს საყვარელი საქმე, ოჯახი და საზოგადოებრივი აქტივობა.
-ქალბატონო ცირა, ცნობილი პედაგოგი ბრძანდებით, მაგრამ მაინც გაგვეცანით ზუგდიდელებს – ვინ არის ცირა მიქავა?
-მე ვარ ადამიანი, რომელის მთელი ცხოვრება, 35 წელი, განათლებას, ბავშვებსა და საყვარელ საქმეს უკავშირდება. ვარ უფროსი მასწავლებელი. ჩემთვის პედაგოგობა მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის ცხოვრების წესი და პასუხისმგებლობა. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით ბავშვებთან, რადგან მათგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ, ვცდილობ, სადაც ვარ და რასაც ვაკეთებ, იქ სიკეთე, ადამიანობა და დადებითი ენერგია დავტოვო.
-ამბობენ, პედაგოგობა რჩეულთა ხვედრია, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. რას ნიშნავს თქვენთვის მასწავლებლობა?
-მასწავლებლობა ჩემთვის ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ მხოლოდ საგანს არ ვასწავლით ბავშვს – გარკვეულწილად მის პიროვნებად ჩამოყალიბებაშიც ვმონაწილეობთ. ხშირად ერთი სიტყვა, ერთი ყურადღება ან ერთი პატარა მხარდაჭერა შეიძლება ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ამიტომ მასწავლებელს პროფესიულ ცოდნასთან ერთად, დიდი ადამიანური პასუხისმგებლობაც სჭირდება.

ცირა მიქავა მოსწავლეებთან
-ქალბატონო ცირა, პედაგოგის პროფესიას და ოჯახს როგორ უთავსებთ ერთმანეთს?
-ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ოჯახი და პროფესია ერთმანეთის მტერი არასოდეს ყოფილა ჩემთვის. პირიქით, ოჯახის მხარდაჭერა მაძლევს ძალას, რომ ჩემს საქმეში უფრო თავდაჯერებული ვიყო. რა თქმა უნდა, იყო პერიოდები, როცა სამსახურს ძალიან დიდი დრო მიჰქონდა, მაგრამ ვცდილობდი, ოჯახისთვისაც ყოველთვის დამეთმო დრო და ყურადღება. ჩემთვის ორივე ძალიან ძვირფასია.
-როგორია თქვენი ყოველდღიურობა?
-ჩემი ყოველდღიურობა საკმაოდ დატვირთულია. დილა, როგორც წესი, საოჯახო საქმით იწყება, შემდეგ სკოლა, მოსწავლეები, გაკვეთილები, დაგეგმვა, კოლეგებთან ურთიერთობა – ეს ყველაფერი დღის დიდ ნაწილს იკავებს. მაგრამ ჩემი დღე მხოლოდ სამსახური არ არის. მნიშვნელოვანია ოჯახთან ურთიერთობა, მეგობრები, მუსიკა, საუბარი საყვარელ ადამიანებთან და ის პატარა წუთები, რომლებიც ადამიანს ძალას უბრუნებს.
-რა არის თქვენთვის პრიორიტეტული?
-პირველ ადგილზე ჩემთვის ადამიანობა დგას. შემდეგ – ოჯახი, პროფესია, მოსწავლეები და საკუთარი თავის განვითარება. მინდა, ჩემს გვერდით მყოფ ადამიანებს ჩემთან ურთიერთობის შემდეგ კარგი განცდა დარჩეთ. ვფიქრობ, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, შენი საქმე სიყვარულით აკეთო და ადამიანებს პატივი სცე.
-თავისუფალი დრო თუ გრჩებათ?
-თავისუფალი დროის გატარება მიყვარს ოჯახთან და მეგობრებთან. მიყვარს კარგი მუსიკის მოსმენა, ადამიანებთან საუბარი, სასიამოვნო გარემოში ყოფნა. ზოგჯერ კი უბრალოდ სიმშვიდე მინდა – ცოტა ხნით ყველაფერს მოვწყდე და საკუთარ თავთან დავრჩე.
-წარმატებისთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი – ნიჭი, გამართლება თუ შრომისმოყვარეობა?
-ნიჭი მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის. შეიძლება ადამიანს დიდი შესაძლებლობა ჰქონდეს, მაგრამ თუ არ იშრომა, შედეგამდე ვერ მივა. მე ყველაზე მეტად შრომის მჯერა. ნიჭი კარს გიღებს, მაგრამ შრომა გაძლევს საშუალებას, იმ კარში შეხვიდე და იქ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრო. გამართლებაც არსებობს, მაგრამ მას მომზადებული ადამიანი უნდა დახვდეს.
-რთული არ არის, ერთდროულად იყო მეუღლე, დედა, მეგობარი და ამავდროულად შენს საყვარელ საქმეს ემსახურებოდე?
-რთულია, მაგრამ ძალიან ლამაზიც. ქალს უამრავი როლი აქვს ცხოვრებაში და ზოგჯერ საკუთარი თავისთვის დრო თითქმის აღარ რჩება, მაგრამ სწორედ ამ ადამიანებსა და ურთიერთობებში ვპოულობ ძალას. ოჯახი ჩემთვის ის ადგილია, სადაც შემიძლია ვიყო უბრალოდ ცირა – ყოველგვარი სხვა როლების გარეშე. ჩემი მეუღლე ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. მის მიმართ ჩემი დადებითი განწყობა ალბათ სწორედ იმ გულწრფელობამ და ადმიანურმა თვისებებმა მოახდინა, რომელიც მასში დავინახე წლების განმავლობაში. ის ჩემს სიხარულსაც იზიარებს და რთულ პერიოდშიც გვერდით მიდგას.
-არის ისეთი თვისება, რომელიც საკუთარ თავში არ მოგწონთ?
-ალბათ ის, რომ ზოგჯერ ზედმეტად ბევრს ვფიქრობ და გულთან ახლოს მიმაქვს ადამიანების სიტყვები და დამოკიდებულებები. ადამიანების მიმართ გულწრფელი ვარ და ალბათ ამიტომაც მწყინს, როცა იმავე გულწრფელობას ვერ ვიღებ. თუმცა წლებთან ერთად, ვისწავლე, რომ ყველაფრის გულთან მიტანა არ შეიძლება და ზოგჯერ უბრალოდ უნდა გაუშვა.
-საინტერესოა, როგორ ირჩევთ მეგობრებს?
-ჩემთვის მნიშვნელოვანია ნდობა, ერთგულება და გულწრფელობა. ადამიანი ჩემთვის მაშინ არის მეგობარი, როცა ბედნიერების დროსაც ჩემთან არის და რთულ მომენტშიც.
-პატიება თუ შეგიძლიათ?
-დიახ, პატიება შემიძლია. შეიძლება ძალიან გამიჭირდეს და წყენა მაშინვე ვერ დავივიწყო, მაგრამ საბოლოოდ პატიებას ვირჩევ. პატიება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა დაივიწყო, ან ძველებურად გააგრძელო ურთიერთობა. ზოგჯერ პატიება ნიშნავს, რომ საკუთარ გულს ათავისუფლებ წყენისგან.
-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
-მინდა, პროფესიულად კიდევ უფრო განვვითარდე, მოსწავლეებს მეტი საინტერესო და თანამედროვე შესაძლებლობა შევთავაზო და ის გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა, მომავალ თაობას მოვახმარო. ასევე მინდა, უფრო მეტი დრო დავუთმო ოჯახს, საყვარელ ადამიანებს და იმ საქმეებს, რომლებიც სიხარულს მანიჭებს. მთავარი სურვილი მაქვს, აქტიური და საჭირო ადამიანი ვიყო.
მასალა მოამზადა როზა როგავამ
