ოთარ აბულაძეს სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის საპატიო სიგელი გადაეცა


  • ოთარ აბულაძე პროფესიით მშენებელ-ტექნიკოსი გახლავთ. “ზუგდიდდასუფთავებაში” ოთხი წელია მუშაობს. “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ საქმეს, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებს მოსწონს და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ბატონი ოთარი, “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ 80 წლის იუბილესთან და სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

ოთარ აბულაძე: “ნებისმიერი სამსახური შრომას, ენერგიას და პასუხისმგებლობას მოითხოვს. წლების განმავლობაში ენგურჰესში ვმუშაობდი. ახლა, “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის თანამშრომელი ვარ და იმ დიდ საქმეს ვაკეთებ, რასაც ქალაქზე ზრუნვა ჰქვია. მიყვარს ჩემი სამსახური და კოლექტივი. აქ არაჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ და თავიანთ საქმეს პირნათლად ასრულებენ.

ჩემი სამუშაო დღე დილით ადრე იწყება და გვიან დრომდე გრძელდება. ვასუფთავებ განმუხურის სანაპირო ზოლს. ახლა, საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. მინდა გითხრათ, რომ ინტენსიურად სუფთავდება სანაპირო ზოლი და ტურისტული ზონა. სტუმრებისთვის და დამსვენებლებისთვის სუფთა და მოწესრიგებული გარემოა შექმნილი. სხვათაშორის, ამას დამსვენებლები ხშირად აღნიშნავენ და მადლობას გვიხდიან სანიმუშო მუშაობისთვის. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ამის მოსმენა.

საპატიო სიგელის გადმოცემა მოულოდნელი იყო ჩემთვის. სიგელი ჩარჩოში ჩავსი და სახლში საპატიო ადგილას მოვათავსე. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო “ზუგდიდდასუფთავების” დირექტორს ბატონ ნუგზარ მალაშხიას და ცენტრის თითოეულ თანამშრომელს დაფასებისთვის და ყურადღებისთვის”.

.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.