ნატა ხარჩილავას ნამცხვრები ძველი გემოთი და აფხაზური არომატით


  • ახალგაზრდა მცირე მეწარმე ნატა ხარჩილავა ორი წელია ნამცხვრების ცხობითაა დაკავებული. ნატა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ხელები მშვიდობისათვის” ბენეფიციარია. მონაწილეობს დასაქმებისა და მრეწველობის პროგრამაში.

 –როგორ მოხდა ამ საქმით პირველად თქვენი დაინტერესება?

 -დედა დარეჯან ჩაჩიბაია, სოხუმში, აცხობდა ნამცხვრებს: ქადებს, “ტრუბოჩკებს”. აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ, მან საქმის გაგრძელება დაიწყო წალენჯიხაში. ნამცხვრებს აბარებდა სხვადასხვა ობიექტში და ეს გახდა ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო. ნამცხვრების გამოცხობაში მეც ვღებულობდი მონაწილეობას. დედას ნახელავი ყველას მოსწონდა, რადგან მის კულინარიულ ნახელავს აფხაზეთის გემო დაჰკრავდა. ვაკვირდებოდი, როგორ სუფთად, გემოვნებით და მონდომებით აკეთებდა თავის საქმეს. ვღებულობდით შეკვეთებს და გვყავდა ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი.

2008 წლის, 11 აგვისტოს, ჩემი ძმა, კაპრალი კობა ხარჩილავა ცხივნალის მისადგომებთან საავიაციო იერიშის დროს დაიღუა. ჭურვის ანასხლეტი მოხვდა და ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. ამის შემდეგ, დედამ თავის საყვარელ საქმეს დაანება თავი და მე გავაგრძელე მისი დაწყებული საქმე. ორი წელია,  ვაცხობ “ნაპოლეონს”, “მედოგს”, “სნიკერსს”, “ქადებს”, “კრუასანებს”, “ტრუბოჩქებს”, სადღესასწაულო ტორტებს და ვაბარებ მარკეტებში. ნამცხვრების გამოცხობაში, გაფორმებაში, მეხმარება რძალი ირა კეკუტია, რომელიც იმავდროულად კარგად ხატავს და ძერწავს. ასევე, ვსწავლობ ფრანგულ დესერტებს, მინდა ამ კუთხით გავიარო სტაჟირება და დავეუფლო ფრანგული რეცეპტებით დესერტების დამზადებას, რომელიც ძალიან აინტერესებს ჩემს მომხმარებელს. ვთვლი, რომ ძალიან დიდი გამოუხმაურება მოყვება ზუგდიდში, რადგან არის ნაკლებად კალორიული. ძალიან მიყვარს ეს საქმე და მინდა ის გავაკეთო, რაც ყველაზე კარგად გამომდის.

 -რატომ უნდა შეუკვეთონ მომხმარებლებმა თქვენთან?

 -პირველ რიგში, ნაპოლეონს “ძველ გემოს” ვუნარჩუნებ, ანუ ძველებური რეცეპტით ვამზადებ. მას სხვადასხვა ფორმას ვაძლევ. ვაფორმებ ყვავილებით, უფრო თვალშისაცემი, რომ იყოს. სხვათაშორის, ვინც გასინჯა ყველას მოეწონა. ვაცხობ სამარხო ნაპოლეონს. არ ვუკეთებ კვერცხს და რძის ნაწარმს. სიროპით ვამზადებ. უკმაყოფილო მომხმარებელი ჯერ არ გვყოლია. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ, ნამცხვრის მომზადების პროცესს თავად დაესწრონ. ნახონ, როგორ სუფთა გარემოში ვამზადებთ. ასევე, შეუძლიათ მხოლოდ ფირფიტები შემიკვეთონ და კრემი თვითონ მოამზადონ.

 -სად უნდა შეგიკვეთონ მომხმარებლებმა სასურველი პროდუქტი?

 -ჯერჯერობით, სახლში ვიღებ შეკვეთებს. შეკვეთების მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ მომწერონ ფეისბუქგვერდზე “ნატრული გემო”.

-თქვენი პროდუქტის დაგემოვნება ხობელებმა უკვე შესძლეს…

-დიახ. ხობის ცენტრალურ პარკში გაიმართა კულტურულ-გასართობი და სპორტული ღონისძიებები “მე მიყვარს ხობი”. ღონისძიებაზე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა. გამოფენაზე “ხელები მშვიდობისთვის” სახელით, ჩვენ, ბენეფიციარები, პროექტის “ხელსაქმე სოციალური ცვლილებებისთვის” ფარგლებში შექმნილი პროდუქციით წარვსდექით. ჩემმა ყვავილებით გაფორმებულმა ნაპოლეონმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ბევრი კომპლიმენტიც მივიღეთ. რაც შეეხება, ჩემი პროდუქტის ფასებს, ყველასთვის ხელმისაწვდომია.

 -ცხობის გარდა, კიდევ რისი კეთება გიყვართ?

-ვსწავლობ ქარგვას და კარგადაც გამომდის. 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, რუხში “ჩემი მორდუს“ ხანდაზმულთა თავშესაფარში მშვიდობის დღის აღსანიშნავად, სახალხო ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, სადაც ჩემი ნამუშევრები იყო წარდგენილი. აქაც, ჩემმა ხელნაკეთობებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

 –ოჯახიც გაგვაცანით…

-სიამოვნებით. ოჯახი მუდამ ჩემს გვერდითაა. მეუღლე კობა კიუტი ავეჯის რესტავრატორი გახლავთ. გვყავს ორი შვილი: ნია კიუტი 13 წლისაა. სწავლობს აფხაზეთის მეთორმეტე საჯარო სკოლაში. თოჯინების თეატრის მსახიობია. ხატავს, ქსოვს. გიორგი 12 წლისაა. მღერის, ისიც ხატავს.

-სამომავლო გეგმები…

 -ჩემი მიზანია, ბიზნესი გავაფართოვო. დიდი სურვილი მაქვს, საკონდიტრო გავხსნა და ვაკეთებდე საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.