ირუზა კაკავა – ქალი, რომელიც ფეხზე დაუდგა სოფელს


ინტერვიუ, რომელსაც გთავაზობთ, ზუგდიდის საკრებულოს წევრთან,  კოკისა და ხურჩის მაჟორიტარ დეპუტატთან, ქალბატონ ირუზა კაკავასთან შედგა. საუბარი სოფლის გამოწვევებსა და მიღწევებზე, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. წარმოშობით გალელი ქალბატონი, რომელიც თავისი თანამემამულეებისა და თანასოფლელების ინტერესებს დაუღლელად იცავს, არაერთი პროექტის ავტორია.
-1993 წელს, ომის პერიოდში, მომიწია გალიდან გამოსვლა. მშობლები ადრე და ახალგაზრდები გარდამეცვალნენ, 16 წლის გავთხოვდი. ჩემი მეუღლე და მე, ჩვენს ორ შვილთან ერთად, ჩემს არასრულწლოვან ძმებს ვუვლიდით. უსახლკაროდ დარჩენილებმა დიდი ტანჯვა-წვალება გამოვიარეთ,- არ დაგვკვლებია შიში და შიმშილი. ომის პერიოდამდე ვსწავლობდი სოხუმის უცხო ენათა უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის ფილიალი, მოგვიანებით, გადმოიტანეს ზუგდიდში და მე აქ გავაგრძელე სწავლა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ეს ფილიალი დაიხურა და სწავლა გავაგრძელე ზდუ-ში. პარალელურად, ვრეპეტიტორობდი, ვამეცადინებდი ინგლისურ ენაში მოსწავლეებს და მოპოვებული თანხით ვიხდიდი ჩემი სწავლის გადასახადს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ფონდ “ტასოს” და “ქალთა საინფორმაციო ცენტრს” ჰქონდათ პროექტი “ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში”. 2010 წელს  არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა საინფორმაციო ცენტრიდან” შემომეხმიანენ და მიმიწვიეს. შეიძლება ითქვას, აქედან შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების ბევრი საკითხისადმი.
გავდიოდი ტრენინგებზე, როცა საუბარი დაიწყეს ქალთა უფლებებზე მივხვდი რომ ეს იყო ის, რასაც ვეძებდი და რაც ძალიან მჭირდებოდა. ჩემი თვითდახმარების ჯგუფი იყო “ენგური”, სადაც გაწევრიანებული იყო 5 ადამიანი. ჩვენი შეხვედრებიც დაიწყო. ხშირად იმართებოდა მრგვალი მაგიდა. ამასობაში, მეც მეტი ინფორმაცია მივიღე, შევისწავლე გავძლიერდი და განვახორციელე რამდენიმე საჭირო პროექტი.

2012 წელს, დევნილ ქალთა ასოციაცია “თანხმობის” და გერმანულმა ორგანიზაცია “არბაითერ – სამარიტერ ბუნდის” პროექტის ფარგლებში, დავაფუძნე ორგანიზაცია “ენგური-1”, სადაც ვემსახურებოდი შ.შ.მ. ობოლ და სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს და მოზარდებს.

-რა შეგრძნებაა იყო სოფლის რჩეული, ხალხი გენდობოდეს.
-რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს იყო უპირველესად, ხალხის სურვილი მათი არჩევანი, რომ ვყოფილიყავი საკრებულოში მათი წარმომადგენელი. კოკში და ხურჩაში, მთელი 2 წლის მანძილზე, ვმუშაობდით. გახსნილი მქონდა ინგლისური ენის წრე. მოხალისე ხალხი მყავდა წრეში.
2014 -2018 წელს, ხალხმა, ნდობა გამომიცხადა. მათ იცოდნენ ჩემი მუშაობის დონე, შესაძლებლობები. ეს სიყვარულია, სიყვარული კი დიდი პასუხისმგებლობაა. უკვე, საკრებულოში, ორი მოწვევის დეპუტატი ვარ.
-რა პრობლემებია, ქალბატონო ირუზა, სოფელში და რა პროექტებს გეგმავთ პრობლემების აღმოსაფხვრელად.
-მინდა გითხრათ, მე ვარ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალური და ჯანდაცვის კომისიის წევრი, რაც მაძლევს საშუალებას ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდებათ, ინფორმაცია მივაწოდო მუნიციპალური პროგრამების შესახებ. ბევრია სოციალურად დაუცველი ადამიანი. მარტო ჩემს თემში, უკვე მეხუთე მშენებლობა მიმდინარეობს სოციალურად დაუცველებისთვის. ოპერაციების დაფინანსება, ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება 50 ლარზე ზემოთ. ერთი “თბილი ოთახი.” ამ პროექტებს იცნობენ და კიდეც სარგებლობენ ჩემი თანასოფლელები. სოფელში გვაქვს საბავშვო ბაღი თავისი ახალი ავეჯით, ვეხმარებით სკოლას. ვეხმარებით ამბულატორიას, გაგვაჩნია სოფლის ბიბლიოთეკა რომელიც უზრუნველყოფილია კარგი წიგნებით, კომპიუტერით, ინტერნეტით. გარდა ამისა, მე ვთანამშრომლობ არასამთავრობო ორგანზიაციებთან. “ბავშვთა სოფელი”, რომლის ეგიდით ხუთ ბენეფიციარს, ვისაც ჰყავს 3 ან 3-ზე მეტი ბავშვი, გადაეცათ ძროხა, წიწილები (30-40).
5 ოჯახი,  ჩემი თემიდან, ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია “თანაზიარის” პროექტში პატიმრებისა და პრობაციონერების შესახებ. სწორედ მათი დახმარებით  მუშაობს სკოლის ბუფეტში პატიმრის დედა. ის არის ოჯახის მარჩენალი, დააფინანსეს საჭირო ინვენტარით და ოჯახსაც არჩენს და  სკოლასაც ემსახურება.
თქვენთან საუბარში, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის საკითხი, რომ ფრაქციის სხდომაზე გავაჟღერე და მივმართე ინიციატივით დეპუტატებს, დროა, დავიწყოთ ახალგაზრდებთან შეხვედრა სოფლებში, ადგილებზე ვესაუბროთ მათ და გავიგოთ როგორ სოფელში უნდათ იცხოვრონ, როგორია მათი თვალით დანახული პრობლემები. დავანახოთ რომ ისინი არიან ჩვენი იმედი და ჩვენ, თვითმმართველობა, ყველანაირად შევუწყობთ ხელს მათი ინიციატივების განხორციელებას და პრობლემების მოგვარებას. მთავარია, ისინი იყვნენ ყველა პროცესში ჩვენთან ერთად ჩართულები.
-თქვენი წარმატებული ნაბიჯი ცხოვრებაში?
-მინდა, გითხრათ, რომ ჩემს თემში, კოკი-ორსანტიის გზაზე, წლების განმავლობაში, იყო უღრანი ევკალიპტების ქარსაცავი ტყე, იყო სანაგვე, იყო ტურა-მგელიც, ამ ევკალიპტებს გადაფარული ქონდა მთელი გზა. იყო შემთხვევა,  ხშირად, სოფლის საქონლები იკარგებოდა, ტურა-მგელი თავს ესხმოდა. ჩემი ინიციატივით, 4 ჰექტარი მიწის ფართობი, მერიის დახმარებით, ხალხის ხელმოწერებით, ეკალ-ბარდებისგან გავასუფთავეთ, მთელი 3-4 თვე მუშაობდა დასუფთავების კეთილმოწყობის სამსახური. მომავლისთვის, ვგეგმავთ, მის კეთილმოწყობას და გასართობ ობიექტად გადაკეთებას, რომ სოფლის მოსახლეობას,  პატარებს, ახალგაზრდებს, უფროს თაობას, შეეძლოს იქ გართობა-დასვენება.
– ვიცი, რამდენიმე ქვეყანაში მოგიწიათ ყოფნა თქვენ მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების ეგიდით?
-საინტერესო პროექტით გავემგზავრე შვედეთში, სადაც მონაწილეობას ღებულობდა 24 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. მეც მიმიწვიეს. დიდი კონკურსი იყო, საქართველოდან გავიდა 3 ქალბატონი: თბილისიდან, ქუთაისიდან და სამეგრელოდან გავედი მე. ეს იყო ორწლიანი პროექტი, ძალიან აუცილებელი იყო უცხო ენის ცოდნა, მე ვიყავი უცხო ენის სპეციალისტი. ასევე, ვიყავი ბოსნია ჰერცოგოვინში, სერბეთში, აფრიკაში-უგანდაში. ამ ურთიერთობებმა დიდი გამოცდილება მომცა.
-თქვენს ოჯახზე მოგვიყევით…
-იმთავითვე მინდა გითხრათ, რომ ჩემს მეუღლეს, ჩემს წარმატებულ საქმიანობაში, დიდი წვლილი მიუძღვის, ეს არის მისი და ჩემი შვილების დამსახურებაც, ჩემი მეუღლე გახლავთ მამუკა გაბისონია, შვილები: ნუკრი და მარიკა გაბისონიები არიან უმაღლესი განათლებით. მყავს ორი შვილიშვილი. ლელა ნარუშვილი და გაბრიელ გაბისონია.

-ქალბატონო ირუზა, როგორი უნდა იყოს სოფლის დეპუტატი, საკრებულოს წევრი?
-პირველ რიგში, სოფლის დეპუტატმა უნდა იცოდეს თავის სოფელში რა პრობლემაა, რა უჭირს ხალხს. მე, მაგალითად, ჩემს სოფელში, ყველა ოჯახის გაჭირვება ვიცი. რამდენია სოციალურად დაუცველი ოჯახი ვიცი,  რამდენს სჭირდება მომვლელი, რამდენს ქირავნობის თანხა. მე სოფელი მიყვარს და მეც ვუყვარვართ.
-თავისუფალი დრო თუ აქვს ირუზა კაკავას, ქალს, რომელიც ფეხზე დამდგარი აყურადებს თანასოფლელების მაჯისცემას.
-თითქმის არა. დილით 7 საათზე ვდგები, ოჯახს ვუვლი, ვდიასახლისობ და მერე მივდივარ სამსახურში. მაგრამ ეს არ ნიშნავს არ მიყვარდეს ლიტერატურა, არ ვკითხულობდე. გალაკტიონით ვარ გატაცებელი, თუმცა ლექსები ზეპირად არასდროს არ ვიცი.
-ჩვენი ტრადიციული კითხვა, რას უსურვებთ ზუგდიდელებს?
-ჩემი დიდი ოცნებაა, გაერთიანდეს მთელი საქართველო, მთელი ზუგდიდი. დაგვიბრუნდეს ჩემი აფხაზეთი და რომ შემეძლოს ჩემი ახალგაზრდა მშობლების საფლავების მონახულება. ჩემს ზუგდიდელებს მინდა ვთხოვო: გვიყვარდეთ ერთმანეთი, მოვეფეროთ ერთმანეთს.
როზა როგავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!