თექაზე შექმნილი წმინდანები მანონი მაქაცარიასგან


  •  ბოლო ექვსი წელია, თვითნასწავლი ხატმწერი მანონი მაქაცარია, თექაზე მუშაობს. თავის დროზე, თექის შემსწავლელთა ერთკვირიანი კურსები გაუვლია და სასერთიფიკატო ნამუშევრად ფიროსმანი აურჩევია. დიდი მხატვრის შემოქმედების გაცნობისას, ნიკალას ნახატი “წმიდა გიორგი” მოსწონებია და მანონის მიერ თექაზე შესრულებული, პირველი წმინდანი, სწორედ ფიროსმანის წმიდა გიორგის ასლი გამოსულა, მხოლოდ, თექის საკმარისი რაოდენობის უქონლობის გამო, ხატმწერს ის, ბადეზე შეუსრულებია.

მაშინ მისმა ნახელავმა საეკლესიო პირებისა და ხატმწერების ყურადღება დაიმსახურა და თექაზე შესრულებული ნამუშევარი ხატად აკურთხეს. წმიდა გიორგის ხატის შემდეგ,  მანონიმ, თექაზე დაწერა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის რამდენიმე ხატი, „უფალი კრავით“, „დავით აღმაშენებელი,“ “გოლგოთას ჯვარი”, „შობა“, “ჯვარცმა”, “სერაფიმ საროველი”, “წმ.ვერონიკა უფლის ხატით”.

წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის თექაში შესრულებული ხატის იტალიაში, ქალაქ ბარში ჩაბრძანება

არასდროს უსწავლია ხატწერის კანონიკა, ამბობს, მომწყურდება ხატის წერა და ვწერო. თექაში ეძებს ფერებს, ცდილობს დასვას სწორი ნაკვთები,  არ დაარღვიოს ორიგინალი. ეს ურთულესი პროცესია, შრომატევადი, მაგრამ მუშაობა ისე იტაცებს, დაღლას ვერ გრძნობს, თურმე. ჰქონია შემთხვევა, ნამუშევარს ვერ დღეები ასრულებდა, წვალობდა, მაგრამ უშედეგოდ. მერე უცებ, ეძლეოდა  ზებუნებრივი ძალა, რომელიც ეხმარებოდა ხატის სწრაფად დასრულებაში,-მანონი უფალს მადლობს, ამბობს, ისე არაფერი ხდება.

“ბადეზე ჩემ მიერ შესრულებული წმიდა გიორგი რომ ნახეს მამებმა, აღფრთოვანდნენ: მითხრეს შენი წმიდა გიორგის სახის ხაზებში ქართული  ხასიათები იგრძნობაო”.

მანონი, ცნობილი ზუგდიდელი ფოტოგრაფების, მაქაცარიების ერთ-ერთი ქალიშვილია. ხედვა გამორჩეული აქვს, ფოტოდან სახის გადატანისა და ნაკვთების რეტუშის ტექნოლოგიებს ფლობს.  “თავის დროზე,  მამაჩემმა, მოსკოვიდან ჩამოიყვანა რეტუშორი, რომელიც გვასწავლიდა მიცვალებულის ფოტოდან გადიდებული, სამგლოვიარო სურათის შექმნას. სწორედ ეს უნარ-ჩვევები გამომადგა, რომ  ხატიდან თექაზე,  შეუცდომლად, გადავიტანო დეტალები.“-გვეუბნება მანონი.

მისი ნამუშევრების პირველი შემფასებელი ბოდბის მონასტრის მონაზონი ანისიაა. მისი თანადგომითა და შეწევნით ჩააბრძანა და შესწირა, მანონიმ, წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედისა და შობის ხატები იტალიის ორ მართლმადიდებლურ ეკლესიასქალაქებში:  ბარში და ნეაპოლში. ხატმწერის ნამუშევრები დაბრძანებულია მახათას მთაზე, სვეტიცხოველში,  ჩხოროწყუში, უახლოეს ხანებში დავით აღმაშენებლის ხატს დააბრძანებს გელათში, კიევსაც ესტუმრება მისი ნაწერი სერაფიმ საროველის ხატით, რომელიც პანდემიის დღეებში, შინ ყოფნისას, დაასრულა. აქვს კურთხევა დაწეროს სპირიდონ ტრიუმფინდელის ხატი.

წმიდა გიორგის ხატი. შესრულებულია ბადეში.

მანონი, ამჟამად, თბილისში ცხოვრობს, კონდუქტორად მუშაობს ავტობუსის  ერთ-ერთ მარშრუტზე. მის ბიოგრაფიაში, ბარე ბევრი კაცისთვის, შესაშური  ფრაგმენტებია: ეროვნული მოძრაობა, სამოქალაქო ომი… ძმების გვერდით იდგა აფხაზეთის ომის დროსაც. უყვარს თავისი ქვეყანა და ქალაქი და დღემდე, ზუგდიდისა და ზუგდიდელების  სახელით ჩნდება საზოგადოებაში. დაგეგმილი იყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო მანონი მაქაცარიას გამოფენის ჩატარება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ის არაერთ ღონისძიებაზე ჩნდება თავისი ნამუშევრებით და საზოგადოების ინტერესს იმსახურებს ხატწერის ორიგინალური სტილისა და ხელწერის გამო.

“მე ყველგან ვარ როგორც ზუგდიდელი, ნებისმიერ ღონისძიებაში ვმონაწილეობ ზუგდიდელების სახელით, მინდა ყველამ იცოდეს ჩემი ქალაქის შესახებ და იმ ნიჭიერი ადამიანების შესახებ, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს”.

ერთი მოკრძალებული სურვილიც აქვს მანონი მაქაცარიას: ზუგდიდის ღვთისშობლის სახელობის მშენებარე ტაძრისთვის,  თექაში უნდა დაწეროს წმიდა გიორგის ხატი.  ამ საკითხზე გეგმავს მეუფე გერასიმესთან შეხვედრას და კურთხევის გამოთხოვას.

  • მანონი მაქაცარია საინტერესო შემოქმედია საინტერესო ბიოგრაფიით. ზუგდიდის კულტურულ ცხოვრებას მისი ნამუშევრების სრული გამოფენა დაამშვენებდა, თუმცა, თვითნასწავლი ხატმწერისთვის ეს დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით, ჯერ-ჯერობით, მიუღწევადია, მაგრამ მიღწევადია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურისთვის მათი დაინტერესების შემთხვევაში. ამისთვის მიზეზიც არსებობს და მიზანიც: მომავალი თაობები უნდა იცნობდნენ ქალაქის ნიჭიერ უფროს თაობას.

ნ. მიქავა

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!