“ეკოს სახელოსნოში” დაწყებული მარიამ თირქიას მომავლის საქმე


  • ზუგდიდელი მარიამ თირქია თექისგან სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს და აქსესუარებს ამზადებს და ყიდის. ახალგაზრდა შემოქმედი “ზუგდიდის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის” მენტორობის პროგრამის ფარგლებში, ნაკეთობებს სახელოსნო “ეკო ხელნაკეთში” ქმნის.

-მარიამ, როგორ დაიწყეთ თექაზე მუშაობა?

 -თექაზე მუშაობა “ეკოს სახელოსნოში” დავიწყე. აბსოლუტურად ყველა დეტალი, რომელიც ვიცი, ჩემი მენტორის ეკატერინე ჯოლოგუას დამსახურებაა. მინდა შემთხვევით, ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მას ჩემთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარებისთვის.

 –შემოქმედება თუ ბიზნესი? რატომ დაინტერესდით ამ პროცესით.

-სამუშაო პროცესში შემოქმედებითი ნაწილის დაინტერესების გამო ჩავერთე, თუმცა დღეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთი მეორეს სულაც არ გამორიცხავს.

 –კონკრეტულად, ამ ეტაპზე, რას ამზადებთ?

 -ამ ეტაპზე, ვამზადებ თექის ნაძვის ხეებს, რომლებიც წარმოადგენს ორი ხელსაქმის ნაზავს. სველი თექისგან მზადდება ნაძვის ხის ძირითადი ნაწილი, ლაზერის დახმარებით, ემატება სხვა დეტალებიც. რაც შეეხება მომზადების პროცესს, პირველ რიგში, შესაბამისი თანმიმდევრობით ვალაგებთ თექას გარდამავალი ფერების მისაღებად. ქაფის დახმარებით, ვცდილობთ, ერთიანი ფირფიტების მიღებას, ხოლო შემდგომი ეტაპია ხელით დამუშავება და სასურველი ფორმის მიღება მთლიანობის შესაქმნელად.

-რა სიხშირით აკეთებთ ახალ ნამუშევრებს.

-იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელიც ნივთის რეალიზაციაში გაშვებას მოჰყვა. უკვე ყოველდღიურად მაქვს თექასთან შეხება.

-მარიამ, რა გაძლევთ საქმის კეთების მოტივაციას?

-მოტივაციის ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია მენტორისთვის იმედების გამართლება, რადგან ის ძალიან დიდ რესურს ხარჯავს ამაში. შემდგომ თანაბრად ნაწილდება ის პირადი პასუხისმგებლობები, რაც პროექტის ფარგლებში მაქვს, რომ ვიყო აქტიური მონაწილე და საკუთარ თავსაც გავუმართლო იმედები, თუ გადაჭარბებით არ არის ნათქვამი.

-სად შეიძლება თქვენი ნამუშევრების ნახვა-შეძენა?

-ჩემი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ასევე უახლოეს მომავალში პროდუქცია განთავსდება ადგილობრივ მაღაზიებშიც, რადგან პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

-აპირებთ ბოლომდე გაჰყვეთ ამ საქმეს?

-იმდენად სპონტანურად მოხდა ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაფერი, ამ თემაზე საუბარი მიჭირს. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ მაქსიმალურად შევეცდები თექის დამუშავების ყველა სახეობა შევისწავლო და ის ცხოვრებისეული გაკვეთილები, რომლის მიღებაშიც ჩემი მენტორი მეხმარება, აუცილებლად კარგად გამოვიყენო შემდგომ საქმიანობებში.

–მაინტერესებს, რა ემოციას იწვევს თქვენი ნამუშევრები თქვენში.

-თექაზე მუშაობის პროცესი იმდენად საინტერესო და ღირებულია, როგორც მიღებული პროდუქცია. ნამუშევრების საბოლოო ვერსია, რომელთა უკანაც დიდი შრომა იმალება – სიამაყის განცდას იწვევს ჩემში. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ხედავენ მის სრულყოფილებას და სილამაზეს.

-თექასთან მუშაობა დიდ დროს და შრომას მოითხოვს.

-დიახ, დიდ შრომას ნამდვილად მოითხოვს. თექაზე მუშაობის პროცესში ფიქრებიც ნამუშევრის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს, ამ გზით სწორი და ლამაზი ნიმუშების დადება უფრო მარტივად არის შესაძლებელი.

 -მანდატური ხართ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

 -მანდატურობა სტუდენტობის დროინდელი სამსახურია, მაგისტრატურაზე სწავლის პარალელურად ვახერხებდი სკოლაში მუშაობას. სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულების დროს, იმდენად ეჩვევი “სუფთა სულის” მქონე ბავშვებთან ყოველდღიურ ურთიერთობას, რთულია მოსწყდე ამ პროცესს.

–როგორი ურთიერთობა გაქვთ მოზარდებთან?

-სამსახურის უფლება-მოვალეობების ფარგლებში, მაქსიმალურად ვცდილობ მეგობრული და განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდეს ბავშვებთან. ერთგვარი სულიერი საზრდოა მათთან ურთიერთობების შემდგომ მიღებული ემოციები.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-სამომავლო გეგმებში პროფესიულ საქმიანობასთან ერთად შემოქმედებით საქმიანოაბსაც მოვიაზრება. მინდა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და ახალი მისაღწევი მიზნების დასახვა საკუთარი თავისთვის. მცირე (შემოქმედებითი და შემოსავლის მქონე) ბიზნესის ქონა, შემდგომ ჩემი სტარტაფის იურიდიული რეგისტრაცია, რომლითაც ნიმუშების გაყიდვას შევძლებ როგორც ონლაინ, ასევე ადგილობრივ გამოფენა-გაყიდვებზე, ნამდვილად არის ჩემი სამომავლო გეგმა.

 მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!