- ჩვენი სტუმარია, ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორი, პროფესიით იურისტი თამარ შეროზია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე და როგორც თვითონ ამბობს, სადაც უმუშავია, ყველგან დიდი სიყვარულით უკეთებია მისი საქმე.
თამარ შეროზია: “დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ზუგდიდში, დავამთავრე ზუგდიდის #1 საჯარო სკოლა წარჩინებით, ასევე წარჩინებით დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი თბილისში და შემდეგ ჩამოვედი ჩემს მშობლიურ ქალაქში საცხოვრებლად, რომელიც ძალიან მიყვარს და მინდა, ჩემს ქალაქს გამოვადგე. სწორედ ამ განწყობას, ბავშვობიდანვე, გვინერგავდა მამაჩემი, ცნობილი და დამსახურებული პედიატრი ზაურ შეროზია შვილებს: “გიყვარდეთ თქვენი ქალაქი და აკეთეთ კეთილი საქმეები თქვენი ქალაქის საკეთიდღეოდ“. – ეს მისი მთავარი შეგონება იყო. სწორედ მამის რჩევა გავითვალისწინე და ვარ აქ ჩემს ქალაქში და ვაგრძელებ მის საქმეს, საქმეს, რომელსაც ის წლების მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა.
როგორც გითხარით, წლების განმავლობაში, ვმუშაობდი სხვადასხვა ორგანიზაციაში. 2002 წლიდან 2007 წლამდე ვმუშაობდი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში ლექტორად, სადაც ვკითხულობდი სისხლის სამართალს და საერთაშორისო ეტიკეტს. ძალიან შრომისმოყვარე და ძლიერი სტუდენტები მყავდა. ის დრო მახსენდება ძალიან კარგად. 12 წელი ვიმუშავე ქალაქის საკრებულოში სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც იურიდიულ, ასევე სოციალურ და მედიის განყოფილებებში: საკრებულოში საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების მთავარ სპეციალისტად იურიდიულ საკითხებში და დამატებით საკრებულოს მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილებაში. ორივეგან ვიყავი მთავარი სპეციალისტი. 2022 წლიდან მამაჩემის და მისი კოლექტივის თხოვნით, მოვედი ამ სამსახურში და ვფიქრობ, გამომივიდა ეს საქმე.
-მამათქვენი, ბატონი ზაურ შეროზია, წლების განმავლობაში ემსახურებოდა ზუგდიდელი მოზარდების ჯანმრთელად აღზრდის საქმეს… რაც, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა იოლი და მარტივი საქმე…
-დიახ, მამა წლების განმავლობაში, ხელმძღვანელობდა პედიატრიულ სფეროს. მას უყვარს მისი პროფესია. ის ჯერ ამ პოლიკლინიკის განყოფილების გამგე იყო, წამყვანი პედიატრი, შემდეგ კი პოლიკლინიკის ხლმძღვანელი და ნახევარი საუკუნეა ამ საქმეს უძღვება. არის მთავარი პადიატრი და დღესაც, დიდი გულისყურით მიადევნებს თვალ-ყურს ჯანსაღი თაობების აღზრდას. მას, დიდი ღვაწლი აქვს პედიატრიაში, მის დროულ და კომპეტენტურ ჩარევას, არაერთგზის გადაურჩენია პატარა პაციენტების სიცოცხლე. ამიტომაც ბევრი ოჯახი ემადლიერება ზუგდიდში და არა მარტო. მამა საპატიო ზუგდიდელია, აქვს არაერთი ჯილდო და სიგელი, რომლის წარმოჩენაც, მართალია, არ უყვარს მისი თავმდაბლობის გამო.
სულ რაღაც ერთი კვირის წინ, მე და მამა ვიყავით იუსტიციის სახლში პირად საკითხზე, ვიღაც შუა ასაკს მიღწეული მამაკაცი მოგვიახლოვდა, მამას ჩამოართვა ხელი და გადაეხვია, მამამ ვერ იცნო, მოუბოდიშა, გაეღიმა უცნობს: “ბატონო, ზაურ, მე თქვენ არ გახსოვართ, 25 წლის წინ ვიყავი თქვენთან სამსახურში, გთხოვეთ, არ მქონდა საშუალება სამი შვილისთვის მემკურნალა და გამეწია სამედიცინო დახმარება. თქვენ კი, ფეხზე დამიდექით და უსწრაფესად მოაგვარეთ, რომ ჩემს შვილებს მიეღოთ სხვადასხვა პროფილის ექიმის მომსახურება. წამლებიც კი უფასოდ მივიღეთ. სანამ ვარსებობ, არ დამავიწყდებით. თქვენ მთელი ქალაქის პატრონი იყავით, ხართ და იქნებით“. – ასეთი სიტყვებით მიმართა მან მამას. ის ბატონი, ვფიქრობ, იუსტიციის სახლში მუშაობს. ვერ ვიტყვი, არ მესიამოვნა მისი სიტყვები, ჟრუანტელმაც კი დამიარა. მამას, რომ შევხედე, თვალები ცრემლიანი ჰქონდა. ბოდიშს გიხდით ასეთი სენტიმენტალური მონათხრობისთვის, მაგრამ უნდა მეთქვა, ბევრი ადამიანია მისი მადლიერი. ეს კი, მას და ჩვენ, მის შვილებს სტიმულს გვაძლევს მეტი სიკეთე ვაკეთოთ.
-ორიოდ სიტყვით თქვენს პროგრამებზე…
-ჩვენს პროგრამებს რაც შეეხება… როგორც აღვნიშნე, ძირითადად, ერთი სახელმწიფო პროგრამა გვაქვს, რაშიც შედის ასაცრელ ბავშთა კონტინგენტი. აცრა უფასოა. ადგილზე ვთავაზობთ პაციენტებს ადგილობრივი ლაბორატორიისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლაბორატორია “ნეოლაბის” მომსახურეობის სერვისს. გვაქვს ფიზიოთერაპიის კაბინეტი, გვყავს მასაჟისტი. ხელშეკრულებით გვყავს აყვანილი სხვადასხვა სპეციალისტები. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან, მამაჩემის მმართველობის დროიდან მოყოლებული, დღემდე, ყველა საეკლესიო პირის შვილებისთვის, ყველა სახის მომსახურება უფასოა.
აქვე გაგიზიარებთ ჩემს სიხარულს: ერთი თვის წინ, პოლიკლინიკაში, გვესტუმრნენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ლაზარე ჯიქია და ასევე ეპარქიის წარმომადგენლები.
მეუფე გერასიმემ დაგვლოცა და დალოცა ჩვენი კოლექტივი. ასევე მისი ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის სასულიერო პირებმა აკურთხეს ჩვენი დაწესებულება, რაც ძალიან დიდი სიხარულისა და სიმშვიდის მომასწავებელი იყო თითოეული ჩვენგანისათვის.
-პოლიკლინიკის გუნდზეც ვისაუბროთ…
-გუნდში არიან ღვაწლმოსილი, პროფესიონალი მედიკოსები და ახალგაზრდა კადრებიც. ისინი კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და სანდო ადამიანები არიან.
-როგორია პოლიკლინიკისაგან თავისუფალი თქვენი დრო…
-თავისუფალ დროს ვატარებ სახლში, ვუყურებ ფილმებს, ვკითხულობ ჩემთვის საყვარელ ლიტერატურას. მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, მათ შორის სამი ბავშვობის და მათთან ყოფნა ჩემთვის არის დღესასწაული.
მასალა მოამზადა ანა ჭანტურიამ