ზუგდიდში სმენადაქვეითებული და უსინათლო პირების მხარდამჭერი კლუბი ჩამოყალიბდა


დღეს, სმენადაქვეითებული და უსინათლო პირების მხარდამჭერი კლუბის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შეიქმნა ა(ა)იპ ,”მომავალი იწყება დღეს” და პოლონური ორგანიზაცია Human Doc- ის პროექტის ,”მხედველობა – სმენის პრობლემების მქონე მხარდაჭერის სისტემის შექმნა საქართველოში” ფარგლებში და მხარდაჭერილია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის მიერ. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სმენისა და მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებს რეაბილიტაციის, განათლებისა და ინტეგრაციის შესაძლებლობა ექნებათ. კლუბის საქმიანობაში საკრებულოს და მერიის თითო წარმომადგენელია ჩართული, რომლებიც გადამზადნენ. ერთ-ერთი მათგანი მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომელი და პროექტის ხელმძღვანელი ნონა კვარაცხელია, რომელიც ჟესტების ენას ფლობს. ნონა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ კლუბი ბენეფიციარებს მოემსახურება საჭიროებისამებრ. მისი თქმით, კლუბში ჯერ მხოლოს სამი სპეციალისტია, სურვილის შემთხვევაში მოხალისეებს გადაამზადებენ.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს საკრებულოს წევრი ირუზა კაკავა, რომელიც ლორმის ენის სპეციალისტია. მისი განმარტებით, პროექტი ინოვაციურია, რომელიც პირველად ხორციელდება, არა მარტო ზუგდიდში, მთლიანად ამიერკავკასიაში. “ზუგდიდიდან ვართ ორი წარმომადგენელი. ჩვენ ვიქნებით თარჯიმნები, გადამზადებულები ვართ. ძირითადად გვექნება კომუნიკაცია და ურთიერთობა იმ ბენეფიციარებთან, რომლებსაც აქვთ სმენისა და მხედველობის პრობლემა. ჩვენ ერთობრივად საკრებულო და მერია მზად ვართ, ბენეფიციარებს დავეხმაროთ.” 

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა პოლონეთის განვითარების პროგრამის დეპარტამენტის ვიცე დირექტორი მარეკ კუბერსკი. მან აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მათ მხარი დაუჭირონ პროგრამას, რომელიც ეხება სმენადაქვეითებულ და უსინათლო ადამიანებს. “ჩვენ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ, თუმცა არსებული პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეხება სენსიტიურ თემას. მანამდე საქართველოში ამ მიმართულებით არავის უმუშავია და ეს თემა არ ყოფილა წამოწეული. დღეს, დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა. თვითონ დეფინიცია უსინათლო და სმენადაქვეითებული ადამიანების უკვე არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა. პოლონეთში გვაქვს უდიდესი გამოცდილება ამ მიმართულებით, ვმუშაობთ და ამიტომ გვინდა პოლონური გამოცდილების გაზიარება საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი იქნება წარმატებული. საქართველო არის ერთ-ერთი პრიორიტეტი პოლონეთისთვის და პოლონეთის დახმარების პროგრამისთვის”.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა. მან პოლონეთის მთავრობას პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “პროექტის ჩვენთვის ინოვაციაა. თვითმმართველობიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. პოლონური გამოცდილება ჩვენთვის მთავარია და ამ გამოცდილებას თვითმმართველობა გაითვალისწინებს”-აღნიშნა მან.

შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, პირველად ამიერკავკასიაში იქმნება ერთდროულად სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების რეაბილიტაციის, განათლების, ინტეგრაციის ცენტრი, რომლის კლუბები იფუნქციონირებენ თბილისში, თელავში, ბათუმსა და ზუგდიდში. კლუბებს გადაეცათ სპეციალური აღჭურვილობა და მოხდა მათი სპეც პედაგოგების გადამზადება პოლონელი ექსპერტების მიერ, მათ შორის სასწავლო ვიზიტი ქალაქ ვარშავაში და სხვა მეთოდოლოგიური მხარდაჭერა.