ზუგდიდის ქუჩებში სპანჯბობთან ერთად


„ნაბიჯი ზუგდიდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი როსტომ ზარანდია  ქალაქში განსხვავებულ საქმეს აკეთებს. სოც. ქსელებში მას „თანამედროვე  გმირს“ უწოდებენ და პოზიტივის შემომტანს ზუგდიდის ქუჩებში. როსტომი პროფესიით იურისტია, მისი „მიმდინარე საქმე“  სანაგვე ურნების  მოხატვა და სხვადასხვა სტიკერის გაკვრაა.

-პირველი ურნა, ჩემს უბანში, აგვისტოს თვეში შევღებე ღამე,  მანქანის  ფარების შუქზე. მინიონი -მეოთხე საჯარო სკოლასთან, ჭიამაია-ცენტრში მოედანთან, სპანჯი-სანუსის კორპუსის წინ. სანამ გავიდოდი ქუჩაში, მანამდე ესკიზები მოვხაზე. ასევე, ფეისბუკზე, დახურულ ჯგუფში  დავპოსტე, რომ იდეები მიმეღო. სპანჯბობი შევარჩიე საბოოლოდ, რადგან თავადაც სისუფთავესთანაა დაკავშირებული და თან  ურნის ფორმას ადვილად იღებს. მოქალაქეებისთვის მინდოდა  მებიძგებინა ირიბად, რომ ურნა გამოეყენებინათ სათანადოდ. გაამართლა კიდევაც. წლებია ვცდილობ “ამხანაგობა“  დავაფუძნო უბანში, ეს იქნებოდა პირველი პრეცენდენტი, როცა არა კორპუსს, არამედ, ჩვეულებრივ ქუჩას ექნებოდა ამხანაგობ. ამ კუთხით შემოვიკრიბე ახალგაზრდები, ვცდილობთ, ვიაქტიუროთ, მოსახლეობა ჩავრთოთ, მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობის არსი ავუხსნათ. ვწერთ კოლექტიურ თუ ინდივიდუალურ განცხადებებს უბნის კეთილდღეობაზე. ძალიან სასიამოვნოა როგორ ტრანსფორმირდება  უბნის მოსახლეობა, როგორ შეცვალეს ურნასთან  დამოკიდებლება, უვლიან,ზრუნავენ, ირგლივ არ ყრიან ნაგავს. თუ გადავსებულია ელოდებიან დაცლას, რაც ადრე არ იყო. სანამ შევღებავდი, სტიკერებსაც ვაწებებდი სხვადასხვა  წარწერით  თუ მოწოდებით, მაგრამ უშედეგოდ. ჰოდა, ამ მიზნით გავედი.  სკოლის მიმდებარე ტერიტორია ავირჩიე შეგნებულად, რათა მოზარდების დაინტერესება გამოეწვია. მათი რეაქცია  დადებითი აღმოჩნდა, რამაც მეტი  სტიმული მომცა და სხვაგანაც შევარჩიე  საღი ურნები. რაც შეეხება ნებართვას, ნებართვა მერიისგან არ მაქვს, სიმართლე რომ გითხრათ, მერიის მხრიდან ყურადღების მისაქცევად გამოვიყენე ეს  მარკეტინგული ხერხი, რამაც გაამართლა.

-მოხატვის პროცესში შენთან ერთად  მონაწილეობა ხომ არ მიუღია საზოგადოებისათვის ცნობილ პირებს?

-ერთმა  საჯრო მოხელემ  საღებავი მაჩუქა, ასევე დამიკავშირდნენ „ზუგდიდდასუფავებიდან“ თანამშრომლობის წინადადებით, მაგრამ მე „მალიარი“ არ ვარ, იმისათვის რომ პოზიტივს გავცემ, ფული გადამიხადონ. ეს უკვე ძირეულად ცვლის ყველაფერს, რაც არასდროს მოხდება. მე მომავალშიც საკუთარი სახსრებით გავაგრძელებ პოზიტივის გაცემას, რადგან ათმაგად  მიბრუნდება თანაქალაქელებისგან ის სითბო, რაც გავეცი.  ისე, სურვილი გამოთქვეს მეგობრებმა, მაგრამ  მე მირჩევნია მე მოვხატო. ისინი უბრალოდ მორალურად მამხნევებენ, სანამ ვღებავ გვერდიდან არ მშორდებიან. თითო ურნას მინიმუმ ორი დღე სჭირდება, მთლიანობაში ხუთი ურნა მოვხატე.

-როსტომ საზოგადოების  გარკვეული ნაწილი ამბობს, –  ეს ყველაფერი პიარზეა დაფუძნებული და შოუს გარკვეულ ელემენტებს იძენსო.

-ტელევიზიით რაც გავიდა გეთანხმები შოუა, ეს ტელევიზიის ელემნტებია და მე არაფერ შუაში არ ვარ, მაგრამ  რაც ჩუმად მიკეთებია, შოუ და სანახაობა როგორ იქნება? ვინც მიცნობს, მან იცის ჩემი შეხედულება  და ვინც არ მიცნობს,  იმათი გაგებაც შემიძლია.

-შენმა მორიგმა საქმიანობამ კარადა „გააღე – მიიღემ“ გაამართლა?

-ჩემი მეგობრის მერაბ ოკუჯავას იდეით ფეისბუკზე შევკარით ეს კარადა, რომელიც განთავსდა წინასწარ შერჩეულ ადგილზე უფასო სასადილოსთან. მინდა გითხრათ, რომ კარადა „გააღე-მიიღე“ მუშაობს, რადგან დღე ივსება უმეტესწილად ტანსაცმლით და მეორე დღეს ისევ ცარიელია. მართალია, მერიამ  ნებართვა მხოლოდ ექვსი თვით მოგვცა, მაგრამ როცა კარადის  სიკეთეებს გაიზიარებენ, ერთობლივად დავსხდებით და  მოვიფიქრებთ ალტერნატივას პორობისამებრ.

-როგორც გავიგე, შშმპ ბავშვთა  და მოზარდთა დღის ცენტრის შექმნას აპირებ?

-დიახ, ამ საქმის განხორციელება  დღითიდღე წინ მიიწევს. ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი  მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში გამოგვეყო ფართი. ფართის  გარემონტების შემდეგ  ცენტრი  სრული  დატვირთვით იფუნქციონირებს. პირველ ეტაპზე ცენტრი 6-დან 18-წლამდე შშმ ბავშვებს და მათ მშობლებს მოემსახურება. მჯერა, ამ მოტივაციით შედეგს აუცილებლად მივაღწევთ, რადგან გვერდით მიდგანან ისეთი ადამინები როგორებიც არიან მაიკო ცნობილაძე, სესე მიქავა, ეთო სვირავა, სიმონ პეტრიდისი და ლადო სალია.

– როსტომ, „იმედის გმირებში“  გასულ ანონსში  შენს ჯამრთელობაზე საუბრობ …

-არ ვაპირებ ჩემი ავადმყოფობით  მანიპულაციას  და საზოგადოებისთვის თავის შეცოდებას. რაც მთავარია, ბეჯითი პაციენტი ვარ, მადლობა ჩემს მკურნალ ექიმს დუდა მეტრეველს, რომელმაც ძალიან დიდი შრომა ჩადო ჩემში და მადლობა საკუთარ თავსაც ამდენი წელი დამჯერი პაციენტი რომ ვარ.

– თავისუფალი დრო თუ გაქვს?

-თავისუფალ დროს ძირითადად ვკითხულობ,ისე ხეზე კვეთაა ჩემი ჰობი. ინსტრუმენტების არ ქონის  მიუხედავად მაინც არ ვნებდები, ამ დროისთვის ოთხი დიდ ხატი და ერთი სურათი გავაჩუქე.

შენი ოჯახიც გაგვაცანი.

-დედა ნანა დაგარგულიაა, მამა ნუგზარ ზარანდია. მყავს ძმა და ორი უსაყვარლესი ძმიშვილი.

სამომავლო გეგმებეც მითხარი?

– სამომავლო გეგმები „ნაბიჯი ზუგდიდს“ და ჩვენს ბენეფიციარებს არ სცილდება. მე და ჩემმა მეგობრებმა წამოვიწყეთ ადვოკატირების კამპანია, ქალაქის ბულვარი გამწვანებული უნდა ავქონდეს. მოქალაქეებს უნდა შევახსენოთ, რომ არ გადათელონ გაზონი. ჩვენ დავამზადეთ ბანერები და პერიოდულად განვათავსებთ-  დილით დავდგამთ და დღის ბოლოს გავიტანთ თვითნებურად გაჭრილ ბილიკებზე.

ესაუბრა ეკა ფარულავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!