ზუგდიდელი აკაკი წერეთელი და დაბნეული საზოგადოება

  •  აკაკი წერეთელი ძირძველი ზუგდიდელია, სწავლობდა VI საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო და სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტები დაამთავრა. 8 წელი მუშაობდა პარტიის საქალაქო კომიტეტში და აქედან გამომდინარე, როგორც თვითონ აღნიშნავს, სფერო არ დარჩენილა, შეხება რომ არ ჰქონოდა.
    1996 წელს ხდება შპს “კონტაქტის” დირექტორი, 2005 წლიდან ხელმძღვანელობს შპს “ნეო ლაინს”. დიდი თანამოსახელისა და გვარის ტარება პასუხისმგებლობისა და სიამაყის გრძნობით აღავსებს, თუმცა ხშირად უხდება იმის მტკიცება, რომ ნამდვილად აკაკი წერეთელია.

ცეკაშიც კი იბნეოდნენ…

პარტიის საქალაქო კომიტეტში ვმუშაობ. ღამეა, ტელეფონის ზარს ვპასუხობ.

-გამარჯობათ, ცეკა-დან ვრეკავ, ბონდო ვარ ჯიქია, თუ შეიძლება მითხარით, ვის ველაპარაკები?
მეც რაღაზე დავაყოვნებდი და ვპასუხობ:

-აკაკი წერეთელს… -უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და მერე:

– ნამდვილად? – დადებითი პასუხის მიღებისას, გმადლობთ,- მეუბნება და ტელეფონს მიკიდებს.
მეორე დილით გურამ ფიფიას, ის იყო რაიკომის პირველი მდივანი, ეკითხებიან, ასეთი მართლა გყავს ვინმე, თუ გამამასხარავესო. ჩამოსვლისას გავიცანი, მოგეხსენებათ ბ-ნ ბონდოს პოეზია უყვარს და ლექსიც კი მომიძღვნა.

მისგან ილია ჭავჭავაძეობასაც მოელოდნენ…

რამდენიმე წლის წინ, მატარებელს ვხვდები, გზავნილი უნდა მივიღო “ჯეოსელიდან”.  გამცილებელთა უმრავლესობას ვიცნობ, მაგრამ იმ დღეს ვისაც გამოატანეს, ახალი ყოფილა და ეუბნებიან თურმე, ცნობილი მწერლის სახელის მატარებელი პიროვნება უნდა დაგხვდესო. ძველმა თანამშრომლებმა გახუმრება გადაწყვიტეს და დაარწმუნეს, რომ ილია ჭავჭავაძე უნდა დახვდეს. მეორე დილით, ჩამოსვლისას, თავაზიანად ვეუბნები, – აკაკი ვარ წერეთელი, ჩემთან გზავანილი გამოგატანეს და თუ არ შეწუხდებით, გადმომეცით-მეთქი. კაცი გაოცებული მიყურებს და მეუბნება: კი მაგრამ, მე რომ ილია ჭავჭავაძეს ველოდი? დანარჩენების სიცილმა გამოააშკარავა რაშიც იყო საქმე და იმ დღიდან ვმეგობრობთ.

მკვდრეთით აღმდგარიც ეგონათ…

კვლავ პარტიის საქალაქო კომიტეტში ვარ. ქალაქკომის სხდომა უნდა გაიმართოს და ხელმძღვანელი პიროვნების გაფრთხილება დამავალეს. ვრეკავ ზუგდიდვაჭრობის დირექტორთან, ვაფრთხილებ და თან ვეუბნები, რომ აკაკი წერეთელი ვარ. მანაც არც აცია, და არც აცხელა, “მგოსანოთი” მომმართა და კომპლიმენტებიც მრავლად მიძღვნა.
დადგა სხდომის დღეც, მაგრამ სოსო სოსელია მას არ ესწრება. მდივანი მე მიყურებს… დაურეკეს და სირბილ-სირბილით მოიყვანეს. მან მოუსვლელობის მიზეზად გაუფრთხილებლობა დაასახელა.
– როგორ, აკაკი წერეთელს არ გაუფრთხილებიხარ?! -მიმართეს.
-კი, გამაფრთხილა, მაგრამ მკვდრეთით აღდგომას არ მოველოდი და ვიღაცამ გამომაჯავრა მეთქი ვიფიქრე,- იყო პასუხი”.

აკაკი წერეთლობის მიუხედავად “მონანიებას” ჩუმად უყურებდა

1985 წელია. მეგობრის სახლში ვართ შეკრებილები და “მონანიებას” ჩუმად ვუყურებთ… მეორე დღეს ოჯახის ბავშვს, სკოლაში, ქართულის გაკვეთილზე, აკაკის რომელიღაც ლექსს უხსნიან. მანაც ცოტა ხანი უსმინა მასწავლებელს და ეუბნება, რომ იგი აკაკი წერეთელს იცნობს. უფრო მეტიც, იგი წუხელ მის სახლში იყო და “მონანიებას” უყურებდა. მოგეხსენებათ, ეს ფილმი მაშინ აკრძალული იყო, გაკვეთილზე ასეთი განცხადების გაკეთებისთვის სასწრაფოდ დედა დაიბარეს და შვილის ნათქვამზე “ახსნა-განმარტება” მოსთხოვეს. მანაც აუხსნა, თუ რომელი აკაკი წერეთელი იყო წუხელ მის სახლში, მაგრამ მეუღლესთან ერთად რას უყურა არ იცის.

დედებიც არ იჯერებდნენ

ერთხელაც მეგობარს ახლობელი ბიჭი მოყვა სახლში. გავიცანი, ვისაუბრეთ და ცოტა დავლიეთ კიდევაც. ის ბიჭი დედისერთა და მამით ობოლი ყოფილა. მთელი ღამე გაიძახოდა თურმე აკაკი წერეთელი გავიცანი და მის სახლში ვიქეიფეთო. დედა კი ლამისაა ჭკუიდან გადადგა, ნასათუთევი შვილი გამიგიჟდაო. მეორე დილით ჩემს მეგობარს მიადგა და ეკითხება, წუხელ სად გყავდა ჩემი შვილიო. ჩემს “ნამდვილ” აკაკობაში რომ დაერწმუნებინა, სახლში მოიყვანა და გამაცნო… ქალმა ბევრი მლოცა, ჩემი შვილი გამიგიჟდა მეგონაო”.

აკაკი წერეთელი ეჭვმიტანილი

ჩეხოსლოვაკიიდან (ინტერბანაკში ვისვენებდით) ახალი დაბრუნებული ვარ. მამაჩემი პურის მიმღებ საწარმოში მუშაობდა და ერთ დღეს მთხოვა მარნეულში ჩასვლა და ხორბლის ჩატვირთვის პროცესზე დასწრება. მე ჯინსებსა და ტყავის პალტოში გამოწყობილმა, მგონია, ყველაფერი მოვაგვარე, მანქანაში ჩავჯექი და თბილისში ვბრუნდები. შევამჩნიე, რომ მილიციის მანქანა ჩვენსას ხან გაუსწრებს, ხანაც ჩამორჩება. ცოტა ხანში გაგვაჩერეს და უსიტყვოდ, ხელშეკრული გადამიყვანეს. მერე სახელი მკითხეს და მგონია, მეშველა… გზაში ჯალათივით მიმეორებდნენ:

– აკაკი წერეთელი, ხომ?
-დიახ, – მოწიწებით, ვპასუხობ. იმავე წუთს, როგორც ამას ვიტყვი, ცხვირპირში მითავაზებენ და თვალწინ` ვარსკვლავები იწყებენ ტრიალს. ჩამსვეს განყოფილების კამერაში და “ნასედკაც” შემოაგზავნეს.
ცოტა ხანში უფროსი მიბარებს, ჩემს საბუთებს ამოწმებს და ბოდიშებით მიშვებს უკან. თურმე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჩემსავით ჩაცმული ახალგაზრდა “წამალზე” ჩადიოდა და მე უბრალოდ ჯინსების “მსხვერპლი” გავხდი… იმან ალბათ წამალი წაიღო და მოიხმარა კიდევაც”.
წყარო: ჟურნალი “ზუგდიდელები”

  •  
  •  

კომენტარი

  1. კობა

    კაცური კაცი და ძირძველი ზუგდიდელი.დიდებული და დაფასებული პიროვნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.