“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ბრიფინგი გამართა

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. “როგორც გახსოვთ, მაშინ როდესაც ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოართვეს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ზუგდიდელებთან იყო, რომ შემცირებულიყო ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯები. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ ეს იქნებოდა მტკნარი სიცრუე, რაც კიდევ უფრო გამოჩნდა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში. თქვენ იცით, რომ უახლოეს დღეებში საკრებულომ უნდა მიიღოს ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მუნიციპალიტეტისთვის, რომელმაც უნდა განსაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განვითარება მთელი ერთი წლის განმავლობაში. ზუგდიდის ბიუჯეტი 2019 წელს განისაზღვრება 34 მილიონ ხუთასი ათასი ლარით, აქედან, 19 მილიონს შეადგენს სახელფასო ფონდი, სამ მილიონს შეადგენს ადმინისტრაციული მომსახურება, ჯამში ზუგდიდის 34 მილიონი ბიუჯეტიდან 2019 წელს “ქართული ოცნება” 22 მილიონ ლარს დახარჯავს ზუგდიდის მერიის, საკრებულოს ააიპიების დასაქმებულ ორიათას სამასი თანამშრომელის ხელფასებში.”-უთხრა ჟურნალისტებს დღევანდელ ბრიფინგზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ. მისი განმარტებით, 22 მილიონ ლარს “ქართული ოცნება” 2019 წელს ზუგდიდის ბიუჯეტიდან დახარჯავს ხელფასებში, მაშინ როდესაც ოცჯერ უფრო ნაკლები გათვალისწინებული აქვთ სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში. მისი ინფორმაციით, მხოლოდ ორასი ათასი ლარით ზუგდიდის ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვთ შშმ პირებს და ონკოლოგიურად დავადებულებს. ანა წითლიძის თქმით,  ეს არის მავნებლური და დანაშაულებრივი დოკუმენტი.

ფრაქცია “ენმ” მოუწოდა საკრებულოს დეპუტატებს, რომ ხმა არ მისცენ ამ დოკუმენტს დააბრუნონ ზუგდიდის მერიაში და მოითხოვონ სასწრაფო რეორგანიზაცია. “მოვუწოდებთ ასევე ზუგდიდის მერიას, გაასაჯარავოს ვინ არიან ეს ადამიანები სახელითა და გვარით, რა ფუნქციონალური დატვირთვა აქვს 2300 თანამშრომელს, რომელსაც 22 მილიონი ლარი ზუგდიდელებმა უნდა გადაუხადონ. ჩვენი  ინფორმაციით ეს ადამიანები არიან “ქართული ოცნების” აქტივისტები და სწორედ ამიტომ არ ასაჯაროებენ მათ სახელსა და გვარს”.

დღევანდელ ბრიფინგზე, ანა წითლიძემ ინფორმაცია გააჟღერა, იმის შესახებ, რომ შესაძლოა ზუგდიდის მერიაში შეიქმნას ახალი ააიპი  ტურიზმის მიმართულებით.

ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს უპასუხა ფრაქცია “კონსერვატორების” წევრმა კონსტანტინე კაკავამ. მისი თქმით, მერიისგან მათ მიიღეს ბიუჯეტის პირველადი ვერსია. “ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა წასულიყო მოქალაქისკენ და რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი ყოფილიყო ბიუროკრატიის მიმართულებით. მინდა ყველა დაგარწმუნოთ, რომ ეს ბიუჯეტი მორგებული იქნება იმ საჭირობებეზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს დგას ჩვენი მუნიციპალიტეტის და მოქალაქეების წინაშე”. ახალი ააიპის შექმნის შესახებ, კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, რომ ეს იქნება ინტერმუნიციპალური ააიპი.

ანა წითლიძის ბრალდებებს არ უპასუხეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

მოგეწონა? - გააზიარე!:

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …