- მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავჯდომარე გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს:
“ყოველთვის მწყდებოდა გული ზუგდიდში დედოფლისეული სასახლის შესასვლელში შეუსაბამო ჭაღი რომ ეკიდა. ამ მაღალ ჭერს და მოჩუქურთმებულ კიბეებს ნამდვილად არ უხდებოდა საბჭოთა პერიოდის, უღიმღამო ჭაღისმაგვარი განათება…. ბევრი ვიფიქრეთ, ვიდარდეთ და ვისაუბრეთ, არაერთ უცხოელ ექსპერტთან გავიარეთ კონსულტაციები. განსაკუთრებით დაგვეხმარნენ პოლონელი კოლეგები ჩარტორიცკების სასახლიდან, რომლებმაც საინტერესო ნახაზები და მაგალითები გვაჩვენეს ზუგდიდის დადიანების რეზიდენციისთვის… კიდევ ძალიან დაგვეხმარა კულტურის სამინისტრო, მათი თანადგომით ჯერ ხელოვნების სასახლის ისტორიული ჭაღები დავიბრუნეთ და მერე ფიქრი დავიწყეთ იმაზე თუ როგორ მოგვეწყო ეკატერინე დედოფლის სასახლის საზეიმო სადარბაზო… ორი თვის მუშაობამ, დავამ, კამათმა, გაკეთებულის გადაკეთებამ, გადაკეთებულის შესწორებამ შედეგი გამოიღო და ჭაღი დავასრულეთ… როგორც ყოველთვის ყველა კეთილ წამოწყებაში ჩემს გვერდით იყო ზუგდიდის მუზეუმის დირექტორი ანზორ ოყუჯავა, რომელმაც ამ პროექტის წარმატებისათვის ბევრი მოინდომა, ძალა და ენერგია არ დაიშურა არც ჩემმა მოადგილემ ირაკლი ზამბახიძემ… მოკლედ ყველამ ერთად სული და გული ჩავდეთ, თუმცა არაფერი გამოვიდოდა, რომ არა ჭაღების დიდოსტატი, საქართველოში ამ დარგის ყველაზე გამორჩეული სპეციალისტი ბატონი გია იჩქიტიძე …. ეკატერინე დედოფლის სასახლის სადარბაზოს დღეიდან მე-19 საუკუნის სტილის მიხედვით შექმნილი ახალი ჭაღი დაამშვენებს, მისი კონსტრუქცია და ფორმა ექსკლუზიურად ამ სივრცისათვის შეიქმნა ევროპული სასახლების მაგალითების გამოყენებით… ადგილობრივებს ჭაღისთვის ახალი სახელი უკვე შეურქმევიათ „ვერსალიშეს“ ეძახიან… არც გამკვირვებია ზუგდიდი ხომ კავკასიის ვერსალია”.