ანი ჯღამაძე “ფენიქსიდან”

  • 15 წლის ანი ჯღამაძე, ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეა, თან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის  განვითარების სასახლის გოგონათა კვარტეტის “ფენიქსის” წევრია. უყვარს სიმღერა და ამბობს, რომ სიმღერა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ანი ჯღამაძე:” მე-4 კლასში ვიყავი, როცა გიმნაზიაში, დირექტორმა, გალობის მასწავლებელს მოასმენინა ჩემი ხმა, როდესაც ჩემი სიმღერის ამბავი გაიგო. ხმის შემოწმებისთანავე, მგალობელთა ჯგუფში აღმოვჩნდი. აქედან დაიწყო ყველაფერი…

-რომელ ტაძარში გალობდი?

-ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, ამ ეტაპზე  მგალობელთა ჯგუფის დატოვება მომიწია.

-შენი გზა მუსიკალურ ჯგუფს “ფენიქსს” დაუკავშირდა…

– დიახ, მეგობარმა სოციალურ ქსელში გააზიარა პოსტი, სადაც ეწერა, რომ ეძებდა  ადამიანს მუსიკალური შესაძლებლობებით. შევხვდით…  შემდეგ, ვოკალის მასწავლებელმა ზურაბ კანკიამ მომისმინა და  ჯგუფის წევრად მიმიღო ჩემ დასთან ერთად. ოთხნი ვართ. ჯგუფი დაახლოებით წელიწადნახევარია შეიქმნა. გვიწევს გასტროლებზე გასვლა საქართველოში და საქართველოს გარეთ. მცხეთაში, ბათუმში და სომხეთში გამართული ფესტივალებიდან  პირველი ადგილებით დავბრუნდით. დავჯილდოვდით როგორც დიპლომებით, ასევე მედლებითაც.

რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში  “ფენიქსმა”?

-ბევრი რამ… განვვითარდი, ბევრი მეგობარი გავიცანი და მეც გამიცნეს. ხალხისგან სითბო და სიყვარული მოდის. ის ემოციები და ის განცდები, რომელსაც მე ჯგუფში მოხვედრის შემდეგ  ვგრძნობ, შეუდარებელია.

-დუეტში, რომელიც საკმაოდ პოპულარულია, საბა გაბედავასთან ერთად მღერით, ეს თქვენი პირველი სადებიუტო სიმღერაა?

-დიახ, პირველია…  მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ…  დიდი გეგმები მაქვს,-ვემზადები  ცნობილ ჯგუფებთან დუეტის ჩასაწერად. სხვათაშორის, გეგმებზე წინასწარ არ მიყვარს საუბარი.

-რას ნიშნავს შენთვის სიმღერა?

-სიმღერა ის ერთადერთი რამაა, რასაც შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში გახდეს ჩემი თანამგზავრი. აი, დღე არ გავა, ისე, რომ განყობის მიხედვით, რაიმე არ წავიღიღინო. ძალიან კომფორტულად ვარ ამ ამპლუაში. ერთი სიტყვით, სიმღერა ჩემთვის ყველაფერია, მთელი ჩემი ცხოვრებაა.

-ალბათ, სიმღერას პროფესიად აქცევ?

– არ ვიცი, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ იმედია, ხელს არაფერი შემიშლის.

-რას გვეტყვი სკოლაზე… სიმღერა, სკოლა… როგორ უთავსებ?

-სკოლა და კლასელები ძალიან მიყვარს. მათთან გატარებული თითოეული დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია. თითოეული მათგანი რაღაცით გამორჩეულია. შეკრული კლასი ვართ, რაც ძალიან მახარებს. განსაკუთრებული საგანი-ქართული ლიტერატურაა, უძილიერესმა პედაგოგიმა ქალბატონმა მზია დარასელიამ უზომოდ შემაყვარა ეს საგანი.

-და ბოლოს…

-თითოეული ადამიანი, რომელიც დროს გვითმობს და მოდის ჩვენს მოსასმენად, უძვირფასესია ჩვენთვის. ყველა  მათგანი უზომოდ გვიყვარს. ჩვენი მსმენელების წინაშე, სავარაუდოდ, სექტემბრიდან, ახალი ტრეკებით წარვსდგებით, ანუ პოპულარული სიმღერების ქავერებს შევასრულებთ.  ვცდილობთ,  ვიმღეროთ ის, რაც ხალხს მოსწონს.

-წარმატებებს გისურვებთ.

-გმადლობთ.

პ.ს. ანიზე და “ფენიქსზე” გვესაუბრა ჯგუფის ხელმძღვანელი,  ბატონი ზურაბ კანკია: “ანი საინტერესო მომღერალია უყვარს თავისი საქმე. რაც შეეხება, „ფენიქსს“ შემდგარი ჯგუფია. ბათუმში, ერევანში გამართულ კონკურსზე პირველი ადგილები დაიკავეს.  მოკლე დროში დიდი წარმატება მოიპოვეს და მოწონება დაიმსახურეს. სექტემბრიდან ბევრი პროექტი გვაქვს, თუ პანდემიამ არ შეგვიშალა ხელი. გვაქვს მოწვევები თბილისიდან, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.”

სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”

ირაკლი გვასალია

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.