ცვლილებები განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში


  • განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის პარალელურად, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, საშუალოდ 20%-ის ფარგლებში, საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, ტექ. პერსონალს, მათ შორის სკოლის ექიმს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს ხელფასები გაეზრდებათ.

ხელფასი გაეზრდებათ ასევე მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. აღნიშნული პირები წარმოადგენენ სკოლის ადმინისტრაციას და თანამდებობრივ სარგოზე დანამატი 125 ლარი იქნება.

ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები. რესურსცენტრის უფროსის ხელფასი 250 ლარით გაიზრდება და 1 450 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება თანამშრომლებს: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 200 ლარით მოიმატებს და 1000 ლარი გახდება. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 150 ლარით გაიზრდება და 950 ლარი იქნება. 150 ლარით მოემატება ანაზღაურება პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს და მისი თანამდებობრივი სარგო 850 ლარი გახდება.

სკოლები დამატებით დაფინანსებას მიიღებენ ასევე ფულადი ჯილდოს გასაცემად იმ საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის, რომლებიც სკოლას დატოვებენ.

სწორედ დაფინანსების გაზრდის მიზნით, შესაბამისი ცვლილება შევიდა მთავრობის დადგენილებაში. ცვლილების თანახმად, გაიზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი, რომელიც ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით განისაზღვრება.

შეიცვლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის საჯარო სკოლების დამატებითი დაფინანსების ოდენობაც – 1-დან 6-ის კლასის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის, ყოველთვიურად საჯარო სკოლა დამატებით 600 ლარით დაფინანსდება.

ასევე:

რეფორმის ფარგლებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პედაგოგების კომპეტენციის დადასტურების და მათი სტატუსის ამაღლების შესაბამისად, ანაზღაურების ზრდა.

მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანმიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი.

კერძოდ, 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით!

კერძოდ:

– უფროსი მასწავლებლებლები მიიღებენ 1011 ლარს

– წამყვანი მასწავლებლები – 1435 ლარს

– მენტორი მასწავლებლები – 1745 ლარს

– ხოლო მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, კიდევ მეტს!

პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება. მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროცესშია შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილებები.

პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ეტაპობრივად განხორციელდება ისე, რომ 2022 წლისათვის მათი ანაზღაურება იქნება:

– უფროსი მასწავლებელი – 1700 ლარი

– წამყვანი მასწავლებელი – 2135 ლარი

– მენტორი მასწავლებელი – 2445 ლარი

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!