ჩხორიელების საამაყო თეატრი


  • ქართული თეატრის განვითარების ისტორიაში დიდ როლს თამაშობენ ადგილობრივი პატარა თეატრები. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ჩხორიის სამოყვარულო თეატრი, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს დღესაც. “ზუგდიდელებს” ამ თეატრის ისტორიაზე, მისი წარმატების ერთ-ერთი თანამონაწილე და დღეს, მისი მენეჯერი, ბატონი მურმან შეროზია უყვება.

“-ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში პირველი კლუბსამკითხველო გაიხსნა 1931 წელს. დაწესებულების გახსნის დღიდან, საკლუბო დაწესებულებას ხელმძღვანელობდა ქალბატონი მერი კუხალეიშვილი, შემდგომ პერიოდში ტატიანა კუხალეიშვილი, ფედოსია ნაჭყებია, მელენტი თორდია, კოტე ხარებავა, გოლიშა მიქავა, ნათელა ჭითანავა, ლუიზა ჭოჭუა. 1970 წლიდან დღემდე კი, ვხელმძღვანელობ მე მურმან შეროზია.

1954 წელს, მაშინდელი პატარა კლუბის სცენაზე, ბატონი გივი ფიფიას მიერ, დაიდგა პირველი სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი’’, ამავე წელს- “კოლმეურნეს ქორწინება’’. პირველი სცენის მოყვარულები იყვნენ: ოთარ ჭითანავა, გივი და სოსო სოსელიები, ოთარ ფიფია, დილარ ივარდავა, უჯუში ყუფუნია, ვაჟა და გივი ფიფიები, პანტიკო თორდია, მზია ჯიქია, ვალია ციმინტია.

სპექტაკლი: “ეზოში ავი ძაღლია”

1970 წელს, სცენის მოყვარულთა მეორე თაობის მიერ, დაიდგა სპექტაკლი, ლევან მილორავას ოთხმოქმედებიანი რომანტიკული კომედია „მოხუცის გული’’ (“კერპჯიუტა”). დადგმა განახორციელა ქალბატონმა ეთერ გვარმიანმა. მონაწილეობდნენ: მურმან შეროზია, ეთერ გვარმიანი, მურმან ძიმცეიშვილი, ლუარა და რუსუდან ძიმცეიშვილები, ჯავრიდ გაბუნია, ზურაბ ჩაჩიბაია, გულნაზ კეკუა, ლამარა ჯინჯოლავა და ზაურ გაბუნია.

სპექტაკლი: “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”

მას მერე, სოფელ ჩხორიაში, თეატრალური ცხოვრება არ შენელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩხორიის კულტურის სახლის კოლექტივს, გარდა თეატრალური ხელოვნებისა, სხვა ფუნქციაც ეკისრებოდა, რაც გამოიხატება იმაში, რომ გარდა თეატრალური ჯგუფისა, კულტურის სახლთან ფუნქციონირებდა ფოლკლორული ანსამბლი „ბეჟაში ღალი’’, რომელსაც ეროვნული ფესტივალისა და ეროვნული ლაურიატის წოდება მიენიჭა.

ჩხორიას თეატრალურ დასს, სხვადასხვა დროს, ხელმძღვანელობდნენ: გივი ფიფია, ეთერ გვარმიანი, რიტა გურჩიანი, მერაბ კაკალია, მურად ვაშაკიძე და რეზო ჯოჯუა.

სპექტაკლი: “კუკარაჩა”

ჩხორიის თეატრალური ჯგუფი 2001 წელს, მიწვეულ იქნა, საქართველოს მოყვარულთა თეატრების ფესტივალზე ,,ვანი 2001’’, სადაც თეატრალურმა ჯგუფმა, წარადგინა სპექტაკლი ,,ლუარსაბი’’, რომელსაც კულტურის სამინისტროსა და თეატრის მოღვაწეთა კავშირის გადაწყვეტილებით, 5 ნომინაციიდან 5-ვე მიენიჭა. ასევე გადაეცა ავსტრიის საერთაშორისო ფესტივალზე საგზური. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩხორიას თეატრალურ ჯგუფს “სახალხო თეატრის” წოდება მიენიჭა.

სპექტაკლი: “მამის მკვლელი”

თეატრით დაინტერესდა უამრავი ახალგაზრდა. მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მეზობელი რაიონიდან სკოლის ყოფილი დირექტორი ბეჟან შენგელიაც მათ შორის. ხელოვნებაზე შეყვარებულმა სამმა ახალგაზრდამ დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტი ესენი არიან: მანუჩარ სამუშია, ნანა კუხალეიშვილი და გოგიტა კუხალეიშვილი. მანუჩარ სამუშია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორია, რომლითაც ვამაყობთ ჩხორიელები.

თეატრალური დასი, დღემდე, თავის საყვარელ საქმიანობას პირნათლად ასრულებს. სხვათაშორის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როცა ქვეყანაში არეულობა იყო და სოფლად თითქმის ყველა კულტურის დაწესებულება განადგურდა, თეატრის კოლექტივმა შეინარჩუნა შენობა თავისი ინვენტარით და ღონისძიებებსაც კი ატარებდა.

ჩხორიის დასი, ამჯერადაც, აქტიურად მუშაობს ახალ რეპერტუარზე. უახლოეს ხანებში, მაყურებელი, ჩხორიელი მსახიობების შესრულებით, იხილავს დავით ტურაშვილის ნაწარმოებზე შექმნილ სპექტაკლს, სახელწოდებით, “ორი კუნძული შავ ზღვაში”.

ზუგდიდელები”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!