დიახ, ეს იყო შეხვედრა წარსულთან, იმ წამებთან, რომელიც გაქრა, მაგრამ მაინც სამუდამოდ დარჩა, სამუდამოდ დარჩა ფოტოქღალდზე. ფოტოჟურნალისტი და ფოტოგრაფი აკაკი (კაკო) ყუფუნია, დღეს, ახალგაზრდა ჟურნალისტებს შეხვდა.ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “ახალი “სარკმელის” წევრებმა, მორიგ “ხუთშაბათობაზე,” სტუმართან ერთად იმოგზაურეს სხვა სამყაროში, რომელთანაც მათ მამებისა და ბაბუების თაობა აშორებთ. ფოტოხელოვანმა ახალგაზრდებს თავისი არქივიდან საინტერესო ფოტოები მოუტანა. თითოეულ ფოტოს თავისი საინტერესო ისტორია აქვს, დეტალები, რომელმაც ახალგაზრდებიც მოხიბლა. ნორჩი ჟურნალისტების დიდი გაოცება და აღტაცება გამოიწვია უხუცესი ფოტოგრაფის პირველი სამუშაო ფოტოკამერების ნახვამ, პირველ ფოტოფირთან შეხვედრამ, იმ პროფესიულმა საიდუმლოებებმა, რომელიც კარგი კადრის გადაღებას სჭირდება. “გადაიღეთ რაც შეიძლება ბევრი, ეძებეთ საინტერესო კადრები და არ გაუშვათ ხელიდან მისი გადაღების შანსი. კადრი და წუთი არ მეორდება”,-ეს ბატონი კაკოს შეგონებაა ახალგაზრდა ჟურნალისტებისადმი, რომლებმაც, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერც გაიაზრეს პირველი შავ-თეთრი ფოტოს ხიბლი ადამიანებისთვის, რადგან თავად თანამედროვე ციფრულ ტექნიკას მართავენ და წარმოუდგენელ ეფექტებს აღწევენ, პროფესიული ფოტოკამერებით კი არა, ჩვეულებრივი მობილური ტელეფონებით.
ბატონი კაკო პროფესიით ბუღალტერია, მაგრამ ერთი დღითაც არ უმუშავია ამ პროფესიით. მისი ცხოვრების წარმატებაც და წარუმატებლობაც ფოტოგრაფის პროფესიასთან არის დაკავშირებული, რასაც მან ერთგულად შეალია თავისი მოღვაწეობის ხუთ ათეულზე მეტი წელი და არაერთ ახალგაზრდას გაუკვალა ამ საქმეში გზა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=7IRb9PSlUTQ[/embedyt]
ახალგაზრდა ჟურნალისტები კაკო ყუფუნიაზე და ფოტოხელოვნების განვითარებაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავენ.