- პოეტი შალვა ქარჩავა ახალგაზრდა მწერალთა და შემოქმედთა ორგანიზაცია „ერთობის ძალის“ დამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ. ახალგაზრდა შემოქმედი “ზუგდიდელებთან“ ამბობს, “პოეტს” როცა მიწოდებენო მეუხერხულებაო, რთულიაო საკუთარ თავს პოეტი უწოდოო, როდესაც ამ ქვეყნად გენიალური პოეტები არსებობენო.
შალვა ქარჩავა: “ვცხოვრობ ცაიშში. დავამთავრე ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლა. ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, რადიო მაუწყებლობაზე. შემდეგ დავაფუძნე ახალგაზრდთა მწერალთა და შემოქმედთა ორგანიზაცია“ერთობის ძალა“.
-წერა როდის დაიწყეთ?
-ადრეულ ასაკში, სკოლის პერიოდში, ერთი მანდილოსანი მომწონდა, მას ვეტრფოდი და წერა მან დამაყებინა. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მას მოტივაციისთვის მადლობა გადავუხადო. ვწერ რეალობაზე და იმაზე, რაც მტკივა.
-ლიტერატურული საღამო გქონდათ?
-ძალიან ბევრჯერ მქონია ლიტერატურული საღამო. რაც შეეხება ლექსების კრებულს, ჯერ არ მაქვს გამოცემული და არც უახლოეს მომავალში ვაპირებ გამოცემას. ვთვლი, ჯერ არ ვარ იმ ეტაპზე, რომ კრებული გამოვუშვა. ვფიქრობ, ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე ვარ. წლების შემდეგ, შეიძლება ამაზე ვიფიქრო.
-როგორია კარგი პოეტი?
-კარგი პოეტი არის, ის ვინც, ლიტერატურული თვალსაზრისით, თავის ემოციასა და აზრს სრულფასოვნად გადმოსცემს.
-შალვა, შენს შემოქმედებაზე რომელი ავტორების პოეზიამ იქონია გავლენა?
-ცოტა რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვერცერთს ვერ გამოვარჩევ მაგრამ… მიყვარს ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის, შოთა ნიშნიანიძის, ბესიკ ხარანაულის და ტარილ ხარხელაურის შემოქმედება. ძალიან მიყვარს ჩემი უახლოესი მეგობრის, თემურ ელიავას შემოქმედება. ეს ადამიანი ლიტერატურას დარჩება და ქათულ მწერლობაში თავის წვლილს შეიტანს.
წუთისოფელი
მერამდენე ღამეს ისევ თეთრად ვათევ,
არეულ ფიქრთა ზღვაში ხელი ვსთხოვე მთვარეს,
დედამიწის ყოველ წუხილს, თითქოს მხრებით ვათრევ
სულში ჩამპალ ვერცერთ ცოდვას ვერ ვუსწორებ თვალებს.
აი, ჩემი წუთისოფელიც, ყველა კარი ჩარაზულია,
უკვე ბარიკადს ლანდი გასცდა სიმარტოვისგან.
სულის სიმპტომებს ეშვით ვსერავ, ფიქრთა წყვდიადში,
სიცოცხლეს ვმწყემსავ ერთი ქუჩის მათხოვარივით.
ლოდში ჩავატიე მთების სიმფონია,
დამპალ აკორდებს გრძობებით ვძერწავ,
ვკინძავ, ცოდვებით სულში სონეტებს,
ყოველდღე, ვითვლი ფერკმრთალ წუთებს,
მაჯის საათზე, მერამდენე ღამეს, მერამდენე ღამეს,
ისევ, თეთრად ვათევ, სულში ჩამპალ ვერცერთ ცოდვას
ვერ ვუსწორებთ თვალებს.
შალვა ქარჩავა