- ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ დე ნირო ფანებს შესაძლებლობას აძლევენ, რომ მათ შემდგომ საერთო ფილმში Killers of the Flower Moon მოხვდნენ და უმნიშვნელო როლი შეასრულონ.
ამისთვის კი მხოლოდ ერთი რამაა საჭირო: საქველმოქმედო ორგანიზაცია All in Challenge-ში თანხის გადარიცხვა. ეს ფონდი კორონავირუსის პანდემიით განსაკუთრებულად დაზარალებულ ადამიანებს საკვებით უზრუნველყოფს.
ამის შესახებ ინფორმაცია ოსკაროსანმა მსახიობებმა ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელეს:
“ყველაზე დაუცველ ჯგუფებს ახლა ჩვენი დახმარება ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს”, — ამბობს დე ნირო ვიდეოში.
აღსანიშნავია, რომ ამ ერთგვარი გამოწვევის მონაწილეს ფილმში მონაწილეობასთან ერთად შესაძლებლობა ექნება მსოფლიო პრემიერას სწორედ ამ საკულტო მსახიობებთან ერთად დაესწროს.
“თუ ოდესმე გინდოდათ გცოდნოდათ, თუ როგორია დიდებულ მარტინ სკორსეზესთან, რობერტ დე ნიროსთან და ჩემთან ერთად გადასაღებ მოედანზე მუშაობა, ამის გაგების შანსი გეძლევათ”, — ამბობს ლეონარდო დიკაპრიო.
Killers of the Flower Moon მარტინ სკორსეზეს მომავალი ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ლეონარდო დიკიპარიო და რობერტ დე ნირო შეასრულებენ. ფილმს ამავე სახელწოდების მქონე ცნობილი არამხატვრული წიგნის მიხედვით იღებენ, რომელიც ამერიკელმა ჟურნალისტმა, დევიდ გრენმა დაწერა. წიგნი F.B.I.-ს მიერ გასაიდუმლოებული მკვლელობების გამოძიების შესახებ მოგვითხრობს.