- საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მთელი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ უკრაინაში მიმდინარე ყველასთვის დამანგრეველი საომარი მოქმედებების თაობაზე, რამაც არაერთი ადამიანის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე შეიწირა. ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“სახალხო დამცველი და მისი თანამშრომლები, უშუალოდ უკრაინის ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომისრისგან, ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელისგან (ENOC) და მის მიღმა აქტიურად იღებენ ინფორმაციას უკრაინაში არსებული ვითარების, მათ შორის, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
საომარი მოქმედებების შედეგად, ათეულობით ბავშვი დაიღუპა, დაშავდა, დაკარგა მშობელი/მზრუნველი პირი და ახლობელი, დარჩა საცხოვრისის გარეშე. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა მზრუნველობამოკლებული, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი, მათ შორის, დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კუთხით.
საომარი ვითარებისას ყველაზე მეტად, სწორედ, ბავშვებს, მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობას ემუქრება საფრთხე. შესაბამისად, სახალხო დამცველი, როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ დონეზე, უფლებამოსილების ფარგლებში, მიმართავს ყველა მექანიზმს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი მაქსიმალური დაცვა ნებისმიერი ზიანისგან. ასევე, სახალხო დამცველი უერთდება ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის მოწოდებას უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში მყოფ ბავშვთა უფლებების მყისიერი დაცვისკენ.
დამატებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის, შესთავაზოს უკრაინის მთავრობას მზრუნველობამოკლებული ბავშვების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანა და დროებით ზრუნვის ფორმაში განთავსება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სანამ მათ სამშობლოში უსაფრთხო გარემო არ შეიქმნება.
თავის მხრივ, სახალხო დამცველი და მისი გუნდი გამოთქვამს აღნიშნულ პროცესში ჩართვის მზაობას, როგორც დროებითი მიმღები ოჯახების მოძიება/შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე, გამოკვეთილი საჭიროებისამებრ, მრავალმხრივი მოხალისეობრივი საქმიანობის კუთხით.”-ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.