- თავდაცვის სამინისტრო მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით მომხდარი შემთხვევა სავარაუდოდ ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.