- საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს,- ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 6 მუნიციპალიტეტის: აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის 27 დასახლებულ პუნქტში პროექტის ფარგლებში აშენდება 343 648 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4 687 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
„მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, სამუშაოები საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს 10 რეგიონის, 27 მუნიციპალიტეტის 104 დასახლებულ პუნქტში. ჯამურად აშენდება 1 221 589 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც დამატებით 15 419 აბონენტს მისცემს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.