- ზუგდიდის ბულვარში ახალი, მყუდრო კაფე გაჩნდა, რომელიც მშობლიური ქალაქისადმი დიდი სიყვარულით შეიქმნა. ეს არის სივრცე, სადაც სტუმრებს სუფთა ჰაერზე, სასიამოვნო მუსიკის ფონზე შეუძლიათ დაისვენონ. კაფის მთავარი სავიზიტო ბარათი ქვიშაზე მომზადებული არომატული ყავაა, რომელსაც ახლად გამოცხობილი ბლინები, ტრადიციული ქადა და ნატურალური წვენებისგან დამზადებული გრილი „სლაში“ ამშვენებს. როგორ იქცა პედაგოგი წარმატებულ მეწარმედ, რას ნიშნავს მისთვის მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და როგორ უთავსებს ერთმანეთს აქტიურ საქმიანობასა და ოჯახს – „ზუგდიდელების“ სტუმარია ნონა ჯიქია.
–ქალბატონო ნონა, გაეცანით „ზუგდიდელებს“, მოგვიყევით თქვენ შესახებ.
-დაბადებული და გაზრდილი ვარ ზუგდიდში. სკოლის დამთავრებისთანავე ჩავირიცხე სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე, რის შემდეგაც დავიწყე დაწებითი კლასის პედაგოგად მუშაობა სოფელ ჯუმში.
1992 წელს, ქვეყანაში არეულობის დროს, მთელი ოჯახით გადავედით საცხოვრებლად მოსკოვში. იქაც ქართულ სკოლაში ვემსახურებოდი მომავალ თაობებს. მოგვიანებით, ღვთის წყალობით, მოვხვდი „მოსფილმში“, სადაც 15 წელი ვმუშაობდი მხატვრის ასისტენტად. მიუხედავად იმისა, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და კარგი სამსახურიც მქონდა, მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნებულიყავი სამშობლოში – ჩემს საყვარელ ქალაქ ზუგდიდში. ზუგდიდში რომ დავბრუნდი, ჩემი სახლ-კარი წლების მანძილზე იყო მიტოვებული და მიზნად დავისახე მისი ძირფესვიანად მოწესრიგება. შევიძინე გვერდითა მიწის ნაკვეთი, გავაშენე დაფნის პლანტაცია, შემდეგ კი მოვაწყე სათბური, სადაც სხვადასხვა დასახელების ბოსტნეული მოვიყვანე. ეს ამბავი სხვადასხვა მედიასაშულების ყურადღების ცენტრში მოექცა.
– კაფის გახნის იდეა საიდან გაგიჩნდათ…
– ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა ჩემს წამოწყებას, მაგრამ ბუნებით სუსტი არ ვარ – მთავარია მიზანი და მოტივაცია. უმიზნოდ დღეების გაყვანა უბრალოდ არ მეხერხება. ძალიან მენატრებოდა ჩემი ქალაქი და მინდოდა, რაღაცით მოვფერებოდი ზუგდიდს. სწორედ ასე გაჩნდა კაფის გახსნის იდეაც – შემექმნა სივრცე, სადაც მოსული სტუმარი ღია ცის ქვეშ დაისვენებს, ისიამოვნებს კარგი მუსიკითა და არომატული ყავით. ჩვენი სავიზიტო ბარათი ქვიშაზე მომზადებული ყავაა, რომელთან ერთადაც მომხმარებელს ადგილზე გამოცხობილ ბლინებსა და გემრიელ ქადას ვთავაზობთ. ცხელ დღეებში კი სტუმრებს ნატურალური წვენებით დამზადებული „სლაშით“ ვუმასპინძლდებით.
–როგორია ქალბატონი ნონა, როგორც დედა და ბებია?
-ვარ სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია. ქალიშვილი და ვაჟიშვილი მოსკოვში ცხოვრობენ, ორივე ექიმია. მესამე შვილი აქ, ჩემთან ერთად ცხოვრობს. ჩემი შვილები ახლა ჩემი „სპონსორები“ არიან – აქამდე მე ვიყავი მათი, მაგრამ დრონი მეფობენ.
–ხშირად ჩამოდიან შვილები ზუგდიდში თქვენს სანახავად?
-დიახ, რა თქმა უნდა.
–დიასახლისობა, სამზარეულოში ტრიალი თუ გიყვართ? გრჩებათ ამისთვის დრო?
– ძალიან მიყვარს დიასახლისობა, სამზარეულოში ტრიალი და ძალიან გემრიელი კერძების მომზადებაც ეფექტურად გამომდის.
– რა არის თქვენი ჰობი?
– ჭადრაკის თამაში. ბავშვობაში საკმაოდ კარგად ვთამაშობდი და ახლაც სიამოვნებით ვერთობი ხოლმე.
–რომელი უფრო მნიშვნელოვანია ქალისთვის –ოჯახი თუ საკუთარი ადგილი საზოგადოებაში?
– ქალისთვის მაინც ოჯახია ყველაზე მნიშვნელოვანი.
– ახლა თქვენს ცხოვრებაში ძალიან აქტიური და პოზიტიური პერიოდია. რას უსურვებთ ზუგდიდელებს, რომლებიც ასეთი სიყვარულით შეგხვდნენ?
– ზუგდიდელებს მინდა ვუსურვო სიხარული, ჯანმრთელობა და ბედნიერი წლების სიმრავლე. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც ასე პოზიტიურად შეხვდა ჩემს წამოწყებას.
მასალა მოამზადა როზა როგავამ
