- 16 ივლისს, „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ პროექტის გახსნითი ღონისძიება გაიმართა რიყის ცენტრალურ პარკში, (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), რომელსაც ესწრებოდნენ “ქეა კავკასია“-სა და „თანხმობა“-ს გუნდის წევრები. ასევე, მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის მოხალისეები „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“-დან.
ღონისძიების დასაწყისში მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას „ქეა კავკასია“-სა და „თანხმობა“-ს წარმომადგენლებმა. მათ ისაუბრეს პროექტის მიზნებზე, დაგეგმილ საქმიანობებზე. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების გააქტიურების მნიშვნელობას თემის განვითარებაში. ღონისძიების მონაწილეებს მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმაც. მან აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია და გამოთქვა, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, პროექტის მიზნების მიღწევაში მხარდაჭერის მზაობა.
ღონისძიება განხორციელდა ადგილობრივი ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით. ახალგაზრდებმა, განმახორციელებელი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა პროგრამები: ვიქტორინა, ხელოვნების მასტერკლასი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, და სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, გასართობი და სპორტული აქტივობები. ასევე, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“-ს მოხალისეებმა პირველადი დახმარების მასტერკლასი ჩაუტარეს ღონისძიების მონაწილეებს.
პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ “ქეა კავკასია” და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: წალენჯიხა, ზუგდიდი, გორი და ბოლნისი.