- მაისამდე ქვეყანა უზრუნველყოფილია იმით, რომ პურზე ფასი არ შეიცვლება, – ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ფქვილის ორი-სამი თვის მარაგია.
„პური რისგანაც მზადდება, ესაა 60% ფქვილი, 20% ენერგომატარებლები და დამხმარე მასალები. გუშინ ბრიუსელში სამიტი ჩატარდა, სადაც ლაპარაკი იყო მოლდოვის, საქართველოს და უკრაინის ევროპაში მიღებაზე. ერთ-ერთი საკითხი იყო სასურსათო სუვერენიტეტის შექმნაზე. ანუ, მთელს ევროპაში, როდესაც შეიქმნა ენერგომატარებელთან დაკავშირებული კრიზისი, ამას ავტომატურად მოსდევს სასურსათო უსაფრთხოების საკითხები. დაინახეთ, რამდენიმე დღის წინ შაქარზე როგორი აჟიოტაჟი ატყდა, ამას წინ უძღოდა თურქეთში რაფინირებულ ზეთზე აჟიოტაჟი. მოწოდებებზე გარკვეული შეფერხებებია, რადგან შავ ზღვაში სამხედრო გემები უფრო დადის და ლოჯისტიკაში გარკვეული შეფერხებებია. რუსეთი ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა ხორბლით უზრუნველყოფაში და ფქვილის წარმოებაში. მეგონა, წელს პირველი დამამზადებელი რუსეთი იყო, თურმე ინდოეთი ყოფილა, თუმცა ინდოეთიდან ჩამოტანა, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი დაჯდება“, – განაცხადა მალხაზ დოლიძე.
მისი თქმით, ხორბლის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიდის ყაზახეთთან და ასევე, მოლაპარაკებები შესაძლოა, იყოს ევროპის რომელიმე ქვეყანასთანაც.
„ერთი კვირის წინ ახალმა მინისტრმა მიგვიწვია, სახელმწიფომ მიიღო დავალება, რომ 2-3 თვის ხორბლის მარაგი უნდა შეიძინონ. თუ არ იქნება რუსეთი, ეს იქნება ევროპის რომელიმე ქვეყანა. მოლაპარაკება მიდის ყაზახეთთანაც. ამის შემდეგ რა ხდება, ამას უწევს გაზაფხული. გაზაფხულზე, ტრადიციულად ქვეყნები, რომლებიც ამზადებენ ხორბალსა და ფქვილს, ისინი თავისუფლდებიან ძველი ნაშთებიდან, ანუ იყიდება. ამიტომ, ამ პერიოდს აკავშირებს ფასების ოდნავ დაბლა წამოსვლა. საქართველოდან დღეს 300 მანქანა გადადის რუსეთში, იძენენ ნაღდ ანგარიშზე ფქვილს და გადმოაქვთ დაუბეგრავად. ერთ-ერთი დიდი დამამზადებელი საფრანგეთიცაა, რომელსაც მარტო შარშან მოწეული ჰქონდა 31 მილიონი ტონა. ერთი ტომარა ფქვილი რუსეთიდან, შემომტანები ყიდულობდნენ 62-63 ლარად და წარმოებებს აბარებდნენ 65-66-67 ლარად. აქედან გამომდინარე, პურის ღირებულება არ შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომატარებლები გაძვირდა. წყალი გაძვირდა, ღირდა 4.40 თეთრი და გახდა 5.51. ყველა კომპონენტი გაძვირდა, საფუარი, შესაფუთი მასალა. თუ ფასი დაახლოებით 70 ლარამდე იქნება ერთ ტომარა ფქვილზე, ამ შემთხვევაში პურის ფასი არ გაძვირდება. თუ ამ ნიშნულს გადაცდა, ალბათ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ჩაერთვება, ან სხვა სიტუაცია იქნება. საერთოდ, სუბსიდირებას წარმოებები თავს არიდებენ, მაგრამ უფრო ადვილია ხორბალსა და ფქვილზე გაკეთდეს ეს და არა პურზე, რადგან პურის დამამზადებელი ქვეყანაში საკმაოდ ბევრია, დაახლოებით 2 400 წარმოებაა, მათ შორის წვრილი მეწარმეებიც არიან“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.