- პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა მამუკა ფიფიამ, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ ბახიამ და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა ფატმან ჟვანიამ ზუგდიდის რაიონის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროკურორებმა გავრცელებულ დანაშაულებზე, მათ შორის: ნაადრევ ქორწინებაზე, ქორწინების იძულებასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის სისხლისსამართლებრივ რეგულაციებზე ისაუბრეს.
მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, ასევე ყურადღება დაეთმო პირადი საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობას, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც პროკურორებმა მოსახლეობის კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ.



