ნანა ანთია “ექიმები 2018”-ის ნომინანტია


მოსწონს ყველაფერი ლამაზი, უყვარს მეგობრებთან ყოფნა, მათი პრობლემების მოგვარება, რაც ყოველთვის წარმატებით გამოსდის და, რაც მთავარია, უყვარს თავისი საქმე. თავისუფალი დრო თითქმის არა აქვს, მაგრამ მიაჩნია, რომ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ის საკუთარი თავის შესაცნობად, – საკუთარ თავს კარგად უნდა იცნობდე, რომ სხვებთან ურთიერთობა შესძლოო.
ქალბატონ ნანა ანთიასთან პირველად რომ მივედი, ცოტაზე მეტად შევშინდი, შიშის მიზეზი სრულიად გასაგები გახდება თუ ვიტყვი, რომ ნანა სტომატოლოგი გახლავთ. გაახარა ღმერთმა, ვინც პირველად მასთან გამაგზავნა, ამით ერთი პრობლემა გადაიჭრა ჩემს ცხოვრებაში, ახლა სტომატოლოგი თუ დამჭირდა, წინასწარ თვეობით გულის ხეთქვა და მომზადება აღარ მჭირდება, მშვიდად მივდივარ ნანა ექიმთან, ვიცი, არც არაფერი მეტკინება და არც გული გამიხდება ცუდად. ამას რეკლამისათვის არ ვამბობ, ჩემს ექიმს ეს არ სჭირდება და არც ეს წერილი არ იწერება ამ მიზნით. კარგი ოჯახის შვილი, კარგი დედა, კარგი მეუღლე, შესანიშნავი სპეციალისტი, საინტერესო პიროვნება და მოსაუბრე-ჩვენც მეტი რა გვინდა?
-ქალბატონო ნანა, გაეცანით ზუგდიდელებს.
-დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ზუგდიდში, დავამთავრე ქალაქის # 6 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე 1980 წელს. სტუდენტობაც ჩვეულებრივი მქონდა. 1981 წელს მაგისტრატურა დავამთავრე და მუშაობა დავიწყე ზუგდიდში, მაშინ ერთადერთ, ცნობილ სტმატოლოგიურ კლინიკაში, რომლის ხელმძღვანელი იყო ბატონი ამირან აბრამია. თითქმის 10 წელი დავყავი ბავშვთა განყოფილებაში. შემდეგ რაიონულ საავადმყოფოში ვიყავი ექიმ-სტომატოლოგი. ახლა ვარ ინდმეწარმე.
-ქალბატონო ნანა, ვიცი განსაკუთრებული დღე გქონდათ…
-ჩემთვის ყველა დღე მნიშვნელოვანია, მაგრამ დღე მოულოდნელობებით უფრო დასაფასებელია. მიმდინარე წელი, ჩემთვის, შემოვიდა დიდი სიხარულით, თბილისიდან დამირეკეს და მიმიწვიეს მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე “ექიმები 2018”. ეს ჩემთვის განსაკუთრებული სიხარული აღმოჩნდა. 26 იანვარს, ქალაქ თბილისში, არტჰოლში, შედგა ექიმების დაჯილდოება პროფესიული განვითარებისა და ეთიკისათვის.
-ქალბატონო ნანა, ამ ცერემონიალზე თქვენს გარდა თუ იყვნენ ჩვენი თანამემამულეები, ზუგდიდელი ექიმები?
-ჩემი ქალაქიდან, წელს, მხოლოდ მე ვიყავი. მოხდა ისე, რომ ამ ეტაპზე, მე წარმოვადგინე ჩემი ქალაქი, ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ცერემონიალის ორგანიზატორებს, ადამიანებს, ვინც ამირჩიეს და დამაფასეს. მადლობა მარიამ გოგრიჭიანს, რომელიც იყო  ამ ღონისძიების უშუალო ხელმძღვანელი.
-თქვენ ერთ-ერთი ცნობილი და პოპულარული ექიმი-სტომატოლოგი ბრძანდებით. რატომ უყვარხართ პაციენტებს, რატომ გამოგარჩევენ სხვებისგან?
-მე ასე ვფიქრობ, რომ არამარტო ჩემთან, არამედ ყველა ექიმში, პაციენტს, პირველ რიგში, იზიდავს პროფესიონალიზმი, შემდეგ კი პაციენტისადმი მისი თბილი დამოკიდებულება, თბილი მიღება. მითუმეტეს კბილის ტკივილი, ყველამ ვიცით, თუ როგორი აუტანელია.
-ჰელიობჟენი, პროტეზირება, კბილის სხვადასხვა სახის სამკურნალო პროცედურები თქვენთან წარმატებით კეთდება, მაგრამ ხომ შეიძლება პაციენტს ვურჩიოთ პრევენციისათვის, როგორ მოუაროს პირის ღრუს?
-პრევენციისათვის, პირველ რიგში, უნდა უვლიდე პირის ღრუს, იყო ყურადღებით და დროულად უნდა მიმართო ექიმს, როგორც კი პატარა პრობლემას შეამჩნევ, მაგრამ ჩვენს ხალხს ასეთი სიფრთხილე და სიფხიზლე არ ახასიათებს, ძალიან თუ არ ეტკინება, ძალიან თუ არ ჩავარდა სტრესში, რაც ღამის თევაში და გაუსაძლის ტკივილში გამოიხატება, არ მოგვმართავენ.
-რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
-პროფესიის არჩევაში მშობლებს არავითარი წვლილი არ მიუძღვით, სტომატოლოგობა თვითონ მოვინდომე. დედაჩემს უნდოდა ან პედიატრი, ან თერაპევტი ვყოფილიყავი, მაგრამ სამკურნალო ფაკულტეტის ნაცვლად საბუთები სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე შევიტანე. რა ვიცი, ჩემი ოცნება იყო გავმხდარიყავი სტომატოლოგი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, არასდროს არ ვიღლები, შაბათ-კვირას სახლში რომ ვარ, ისიც კი დისკომფორტს მიქმნის. შვებულებაზე რომ გავდივარ, ორკვირაზე მეტს ხანს ვერ ვჩერდები. სულ მინდა ჩემს პაციენტებთან ვიყო. თუ არადა, ასე მგონია, ყველაფერი დამავიწყდება, რაც ვიცი სტომატოლოგიაში.
-გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
-ჩემი მეუღლე არის თენგიზ დიდიშვილი, ინჟინერი. მყავს 2 გოგონა, ანა და ბაია დიდიშვილები. უფროსმა ანამ დაამთავრა შავი ზღვის უნივერსიტეტი და მაგისტრატურა ანკარაში წითელ დიპლომზე. მუშაობს ქართულ-ამერიკულ ორგანიზაციაში. ანა სულ ახლახან გახლდა დედა და ზრდის პატარა ლილეს. მყავს არაჩვეულებრივი სიძე იუჰო იუვონენი, პროფესიით ფინანსისტი. უმცროსმა ბაიამ, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი და მაგისტრატურა “ჯიპაში” გაიარა. ამჟამად, მუშაობს სადაზღვეო კომპანიაა “ირაოში” დეპარტამენტის უფროსად. ჯერჯერობით, დასაოჯახებელია. მიხარია, რომ მათაც ძალიან უყვართ თავიანთი საქმე.
-ქალბატონო ნანა, ადამიანის თვისებაში რას აფასებთ?
-არ მიყვარს ისეთი ადამიანი, რომელმაც არ იცის სიყვარულის, ერთგულების და მეგობრობის ფასი. მიყვარს და ვაფასებ ერთგულ და კეთილ ადამიანებს.
-ზუგდიდელების უმრავლესობა თქვენი პაციენტები არიან, რას უსურვებთ მათ?
-ყველას ვუსურვებ ერთმანეთში კარგ და თბილ ურთერთობას, მშვიდობას.
როზა როგავა

 


კომენტარი

  1. ინგა

    ნანა ჩვენი თბილი და ტკბილი ექიმია! მახსოვს პირველად ჩვენს სკოლაში მოვიდა სამუშაოდ და ისე შეგვიყვარდა ყველას,პატარებს ბებია- ბაბუებიც მოჰყავდათ სამკურნალოდ,უფროსკლასელები კი ყველა შესვენებაზე მასთან ვიყავით ?ახლაც , ამდენი წლის მერე მე ექიმ-სტომატოლოგზე თუ მკითხავენ,მხოლოდ ერთი ნანა ექიმი მახსენდება,ვისაც უშიშრად გავუწევ რეკომენდაციას! ნანა ,მიყვარხართ! ??? წარმატებებს გისურვებთ ყველგან და ყოველთვის ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!