- დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, ზუგდიდის მერიასთან და ლიეტუვის ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ფოტო-გამოფენა „ვილნიუსი 700“ გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია იუზაპ ჩეჩავიჩიუსის, სტანისლავ ფილიბერტ ფლერის და იან ბულხაკის მიერ გადაღებული ვილნიუსის ისტორიული ფოტოები.
გამოფენის გახსნისას, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ ისაუბრა ქალაქ ვილნიუსის 700 წლის იუბილეზე, რომელიც წელს აღინიშნება და სიხარული გამოთქვა ლიეტუვა-საქართველოს შორის წარმატებული კულტურული თანამშრომლობისა და ლიეტუვის დედაქალაქის ისტორიული ფოტოების ნახვის შესაძლებლობის შესახებ, რომელიც ქართულ საზოგადოებას მიეცა. მისასალმებელი სიტყვა ასევე ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორმა, დავით ოყუჯავამ წარმოთქვეს.
ზუგდიდში აღნიშნული გამოფენა 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე დარჩება და წარმოადგენს ქალაქ ვილნიუსის 700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენების ციკლის ნაწილს. ფოტოების ნახვა თბილისელებს ამ წლის მაისში შეეძლოთ, ხოლო ქუთაისში კი გამოფენა ოქტომბრის თვეში იყო განთავსებული.