“…მე რა დამავიწყებს ივნისს, მე რა დამავიწყებს ცამეტს…“-მარიამ ქუთელიას ხსოვნას


  • სტუდენტი გოგონა, რომელსაც გამორჩეულად უყვარდა გოდერძი ჩოხელის „ცასწავალა“ და მისი ბედი გაიზიარა კიდეც… „მე ეგზიუპერის პატარა უფლისწულს ვზრდი ჩემში და თქვენით ვაპურებ“ – ასეთია მარიამ ქუთელიას ერთ-ერთი ჩანაწერი.  

„მზე ისევ გაათბობს თბილისს და აღარ იწვიმებს ცა-მეტს, მე რა დამავიწყებს ივნისს, მე რა დამავიწყებს ცამეტს“.-ამ ტკივილიანი სიტყვებით მინდა დავიწყო მარიამ ქუთელიას მოსაგონარი, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიურმა უბედურებამ იმსხვერპლა თბილისში. მარიამს ქვეცნობიერად, განსაკუთრებით უყვარდა რიცხვი 13 და მარცვლავდა: „ცა-მეტი“. ასე იყო სკოლაში, ასე იყო სტუდენტობის წლებში. ასე იყო 2015 წლის 13 ივნისამდე. მაგრამ ნაზმა არსებამ, უფლის რჩეულმა, არ იცოდა, რომ უფალთან მიახლოების რიცხვი მისთვის სწორედ რომ 13 იყო. უკვე მეექვსე წელია საქართველო გლოვობს 13 ივნისს, ცა ჩამოიქცა და ყოველივეს შთანთქმა დაუპირა. სტიქიამ იბობოქრა, იქარტეხილა და ხუთი ულამაზესი სიცოცხლე წაგვტაცა, მათ შორის იყო ზუგდიდელი მარიამ ქუთელია, რომელსაც ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

მარიამი დაიბადა 1990 წლის 10 სექტემბერს, მედალზე დაამთავრა ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა სრული დაფინანსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. იყო სამგზის სტიპენდიანტი, მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კვლავ სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში „აისეტი“. როგორც წარმატებული სტუდენტი შერჩეულ იქნა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩეხეთში გასამგზავრებლად აგვისტოს თვეში, მაგრამ დადგა 13 ივნისი…

მხოლოდ 24 წელი აქ, ჩვენთან, ამ სამზეოში… შემდგომ კი, უფლის ნებით, ზეციურ საქართველოში გაბრწყინება. აქ, ჩვენ, მიწიერ საცხოვრისში მყოფებმა, მარიამის სახით დავკარგეთ ახალგაზრდა, რომელიც მოუშუშებელ იარად გვექცა, რომელიც გონებაში გვამეორებინებს ტკივილიან ფრაზას: „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“.

უზადო ნიჭიერება, სიბეჯითე, მარიამის ხასიათის განუყოფელი ნაწილი გახლდათ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მასში განსაკუთრებული ადილი ეჭირა სულიერებას, სულიერი მოწოდების იმ ნიშას, რომელიც რჩეულთა ხვედრია უცილოდ – თავმდაბლობა, განსაკუთრებული მზრუნველობა ყველაფრისა და ყველას მიმართ, სათნოება – ათასებში გამოარჩევდა ჩვენს საყვარელ გოგონას.

მარიამს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ბუნებასთან. გამორჩეულად უყვარდა გვირილები, მათ „მზის თოვლს“ უწოდებდა ხოლმე.

ძალიან რთულია მარიამზე საუბარი და რთულია ერთ სტატიაში ჩაატიო მისი ხასიათი, მაგრამ ამ წერილით შემოვიფარგლები, რამეთუ მარიამზე კიდევ ითქმება, დაიწერება, – ის ხომ მიწაზე მოსიარულე ანგელოზი გახლდათ და, დამერწმუნებით. ანგელოზებზე ბევრი საუბარი არ ეგების. ის იყო კეთილი ფერია მიწაზე, უფლისაგან ხელდასხმული 24 წლის ვადით. ზეცის ცრემლებმა შთანთქეს მარიამის ლამაზი სიცოცხლე. „ცამეტი იყო იმ დღეს, ცამეტი არის ახლაც. რა დამავიწყებს იმ დღეს, რა ღამეა, როგორ ამტკივდა ახლაც“. ამოვიკითხე სადღაც და თავი ვერ შევიკავე, ჩავინიშნე. ან კი, ამაზე უფრო ლამაზად რა უნდა მეთქვა?!

ცამეტი, იყო მაშინ…

ძვირფასო მარიამ, „დრო შეგუებას გვასწავლის, მაგრამ დავიწყებას არა“.

იბრწყინე ჩვენო ანგელოზო ზეციურ საქართველოში.

ნონა გოგინავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!