დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ზუგდიდში, 6 ახალაშენებულ კორპუსში, 240 დევნილ ოჯახს ბინის გასაღებები გადასცა.
საზეიმო ვითარებას შემოუერთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც სამეგრელოში იმყოფება და მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. “დღეს, თითოეული ჩვენთაგანისთვის ემოციური დღე არის. 240 ქართული ოჯახი მიიღებს ბინას, ადგილს სადაც იცხოვრებს. მიიღებენ ადგილს საიდანაც შესძლებენ, რომ ჩვენმა ბავშვებმა იარონ ბაღში, სკოლაში უსაფრთხოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ შეგვიცვლის ჩვენს მთავარ გულისტკივილს. დღეს არ არის მოსალოცი დღე. მოსალოცი გვექნება მაშინ, როდესაც აღდგება სამართლიანობა და ყველა დავუბრუნდებით ჩვენს ოჯახებს. მე მინდა მადლობა გადაუხადა ყველას ვინც შეიტანა თავისი წვლილი დროულად დამთავრებულიყო ეს მშენებლობა. ” მამუკა ბახტაძემ ისაუბრა პროექტ “სოფლად სახლზე”. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მომავალ ზაფხულს 360 ოჯახი მიიღებს ბინას. “მე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ძალიან ნაცნობია ის ტკივილი რასაც, თითოეილი თქვენგანი გრძნობს. ჩემი ოჯახის წევრები არიან ოჩამჩირიდან. ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული ოჩამჩირეში და კარგად ვიცი ეს ყველაფერი რას ნიშნავს”. ბოლოს, მამუკა ბახტაძემ დევნილებს უთხრა: “მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო და შევპირდე, რომ ჩვენი გულისწადილი აუცილებლად ახდება, ჩვენ დავბრუნდებით იქ სადაც ჩვენ გვეკუთვნის ყოფნა”. პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მთავრობის სხვა წევრებიც.