- იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თვალ-ყურს მიადევნებენ ეროვნული გამოცდების შედეგებს, უჩვეულოა, რომ რომელიმე საგანში ახალგაზრდამ მაქსიმუმი შეფასება მიიღოს და თუ მიიღო, ეს იმდენად იშვიათობაა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაღაც ერთი ათეულით შემოიფარგლება.
ზუგდიდელმა, მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ოქროსმედალოსანმა ლუკა მებონიამ, მათემატიკაში უმაღლესი შეფასება 51-დან 51-ქულა მიიღო და იმ უმცირესობაში მოხვდა, რომელზეც ექსპერტები ამბობენ: “მაქსიმუმიდან მაქსიმუმი”.
ინფორმაცია, ლუკას წარმატების შესახებ, პირველად მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორმა, ნათია ხუფაცარიამ თავისი ფეისბუქგვერდიდან გაუზიარა საქართველოს და ზუგდიდს. ნამდვილად საამაყოა, როცა შენი სკოლის კურსდამთავრებული ასეთ წარმატებას აღწევს.
დანარჩენ სავალდებულო საგნებში, ლუკას ქულები ასე გამოიყურება: ქართული ენა და ლიტერტურა 70 – დან- 67; ინგლისური ენა 80 – დან – 78.
ლუკა თავისუფალ უნივერსიტეტში გეგმავს ჩაბარებას, მაღალი კონკურსია, მაგრამ იმედია, ოცნება აუხდება.
ერთ-ერთ ინტერვიუში ლუკა მებონია წერს, რომ მისი წარმატება განაპირობა, უპირველესად, ოჯახმა, ბებიამ, პედაგოგმა დარიკო პაპავამ, სკოლამ, პედაგოგებმა და მათ შორის გამორჩეულად, მათემატიკის მასწავლებელმა, ქალბატონმა ირმა გუგუჩიამ.
წარმატებულად ჩარიცხული აბიტურიენტი, წარმატებული სტუდენტი იქნება, იქნება ასევე წარმატებული მოქალაქე და სპეციალისტი ქვეყნისთვის. “ზუგდიდელები” ლუკას და ჩვენს ქალაქს ულოცავს ამ წარმატებას.