სიახლეები ონლაინ სწავლების საკითხებში


  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელდება ახალი რეფორმა, რომლის ფარგლებშიც დარეგულირდება ელექტრონული სწავლების საკითხი.

“კერძოდ, არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში დასაშვები გახდება რიგი კომპონენტების, თეორიული კურსების დისტანციურად განხორციელება. ამასთან, შესაძლებელი იქნება, სრულად დისტანციური პროგრამების შემუშავება იმ მიმართულებებში, რომელიც არ საჭიროებს პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სწავლებას. აღნიშნული სიახლე შეეხება როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის საფეხურებს. ნაწილობრივ დისტანციურ, ან სრულად დისტანციურ პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობა მიეცემა როგორც ქართველ, ასევე, უცხოელ სტუდენტებს.

სიახლეა ისიც, რომ დასაშვები ხდება და ახლებურად დარეგულირდება საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება. პირველ ეტაპზე აღნიშნული შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტებს. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირს განათლება მიღებული აქვს:

1. იმ დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება შეეხება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც არ მოიცავს პრაქტიკულ/ლაბორატორიულ/კლინიკურ/სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებს და ითვალისწინებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების სტუდენტის მიერ არადისტანციური ფორმით ჩაბარებას.

მნიშვნელოვანია, რომ განხილული კანონპროექტების თანახმად, განისაზღვრება ონლაინ უნივერსიტეტის ცნება და დაევალება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამისი კონცეფციის მოდელისა და სტანდარტის შემუშავება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს უნივერსიტეტებისთვის, რაც მათ მომავალში სრულიად ახალი სწავლების მოდელის შემუშავების შესაძლებლობას მისცემს. ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხილული კანონპროექტების თანახმად, ასევე განისაზღვრება დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაც.”-აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!