- იტალიის პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმ, ქვეყნის ყველა მოქალაქეს მოუწოდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისაკენ. ამასთან, გამოაცხადა, რომ მთავრობა იძულებულია, ეპიდსიტუაციის გასაკონტროლებლად და დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის, არავაქცინირებული პირებისათვის შეზღუდვები დააწესოს.
22 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე დრაგიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო, რათა ინფიცირების შემთხვევების იმგვარი მატება, როგორიც გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაშია, თავიდან იქნას აცილებული. ამასთან, ამგვარი რეგულაციები ეკონომიკის დაცვასაც ისახავს მიზნად.
რეგულაციების მიხედვით კი, 5 აგვისტოდან სტადიონებზე, მუზეუმში, თეატრებში, კინოთეატრებში, საგამოფენო ცენტრებში, აუზებსა და სავარჯიშო დარბაზებში შესვლა მხოლოდ “მწვანე საშვის” წარდგენით იქნება შესაძლებელი.
საშვი, რომელიც ევროკავშირში მოქმედი ციფრული მოწმობაა, ასევე
მოითხოვება რესტორნების დახურულ სივრცეში შესასვლელად.
იტალიაში ღამის კლუბები ჯერჯერობით დაკეტილია. მთავრობა სექტემბრის დასაწყისში ასევე იმსჯელებს, გახდება თუ არა საშვი სავალდებულო ქვეყანაში მატარებლით, ავტობუსით ან შორ გზაზე მიმავალი ავტობუსით მგზავრობისას.
დრაგის თქმით, იტალიის ეკონომიკა ვაქცინაციის დაწყების შემდეგ მომჯობინების გზას დაადგა, რადგან მოქალაქეების აცრამ მნიშვნელოვნად შეამცირა კოვიდინფექციით საავადმყოფოში გადაყვანილთა და გარდაცვლილთა რიცხვი, რამაც აპრილის მიწურულს მთავრობას რეგულაციების შემსუბუქების საშუალება მისცა.
“ამის მიუხედავად, დელტა ვარიანტი მაინც საფრთხეა”, — განაცხადა დრაგიმ, — “ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის სხვა ვარიანტები, ამიტომ ყველა იტალიელს მოვუწოდებ, გადაუდებლად აიცრას. ვაქცინაციის გარეშე, მოგვიწევს, ისევ ყველაფერი ჩავკეტოთ”.
რაც შეეხება საშვის გაცემის წესს, ის გაიცემა ყველა ადამიანზე, ვინც ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიიღო, ასევე მათზე, ვინც კორონავირუსისგან ცოტა ხნის წინ განიკურნა და ვინც ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის უარყოფით შედეგს წარადგენს ობიექტზე შესვლამდე.