ირმა აკობია დასაქმებას ითხოვს ხელისუფლებისაგან


ჯვარელი ირმა აკობია, წლებია დასაქმებას ითხოვს. ქალბატონი ამბობს, რომ 2009 წლიდან უმუშევარია, არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამსახურის შოვნა ვერ შესძლო. „სივი“ თითქმის ყველგან გააგზავნა, მაგრამ ყველგან უარყოფითი პასუხები მოუვიდა.

 იმედგაცრუებული ქალბატონი ამბობს, რომ თუ მისი დასაქმება სახელმწიფოსთვის, შეუძლებელი აღმოჩნდება, ემიგრაციაში აპირებს წასვლას. „ბოლოს მიმახვედრეს და მეც მივხვდი, რომ თუ პატრონი არავინ გყავს, არავის არაფერში სჭირდები. არავის აინტერესებს განათლება, არც პასუხისმგებლობა, არც არაფერი. ჩემი კანონიერი მოთხოვნაა დასაქმება“- უთხრა ჟურნალისტებს აკობიამ.

სამსახურის მაძიებელმა ქალბატონმა რამდენჯერმე მიმართა წალენჯიხის რაიონის გამგეობას, მაგრამ კონკრეტული პასუხი არ მიუღია.

ირმა აკობიას ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. წლების მანძილზე მუშაობდა წალენჯიხაში გამომავალ რაიონულ გაზეთებში კორესპონდენტად. 1995 წელს მუშაობა დაიწყო ზუგდიდის პოლიტექნიკურ კოლეჯში. 1996 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში მიწვეული იყო მასწავლებლად, სადაც იმუშავა 2006 წლამდე. ტექნიკუმში 2009 წლამდე, ლიკვიდაციამდე, მუშაობდა. 2001 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია, „მოზარდისა და ახალგაზრდა თაობის ზნეობრივი სულიერი და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი“, მაგრამ პროექტების დაუფინანსებლობის გამო, შეწყვიტა საქმიანობა.

ქალბატონი ირმას ოჯახს მატერიალურად უჭირს. ოჯახში პენსიონერი დედა ჰყავს და ძმა, რომელიც არსად მუშაობს. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მოხუცი დედის პენსიაა.

„მე მთავრობის იმედი აღარ მაქვს. ჩემნაირები ბევრია ქვეყანაში. მაინტერესებს მოქალაქეს აქვს თუ არა ქვეყანაში არსებობის უფლება და როგორ ზრუნავს სახელმწიფო ამდენ დაუსაქმებელ ადამიანზე. მე მინდოდა მიმემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ხელისუფლებას დასაქმების მხრივ, კონკრეტული ხედვა რომ არ აქვს,  ამის შედეგია რომ ჩემნაირები ქვეყანაში ძალიან ბევრია. ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-Ko6h2qNF6I[/embedyt]

ქალბატონი ირმა მოუწოდებს სხვა დაუსაქმებელ ადამიანებს ერთად დგომისკენ, რათა სახელმწიფომ იზრუნოს ასეთ ადამიანებზე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!