- ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას, ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით დასტაბილურდა და თითქოს დამშვიდებისკენ მიდის პროცესი, მაგრამ რა თქმა უნდა, არ უნდა მოვეშვათ და ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, – ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“რა თქმა უნდა, მთელი ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად, მობილიზებულად მუშაობს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომელიც გმირულად ემსახურება ჩვენს მოსახლეობას. არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, ჩვენ არც ერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე და ყველას მაქსიმალური ზრუნვა უნდა აღმოვუჩინოთ. ამ სიტუაციაში მთავარი გამოსავალი არის აცრები და ვაქცინაციისკენ ყველას უნდა მოვუწოდოთ. ჩვენ მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით, ალბათ უახლოეს რამდენიმე დღეში, ჩვენი ამოცანა უდნა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე ორი მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი, აქედან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი უკვე ორჯერადად აცრილი. ალბათ მილიონს უკვე გადატანილი ექნება, აქვს კიდეც გადატანილი და საბოლოო ჯამში, როგორც ჩვენი ექიმები და მეცნიერები ამბობენ, მათი პროგნოზია, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია.
რამდენიმე კვირა დაგვრჩა, მძიმე პერიოდი ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ და ყველა პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან მშვიდი პერიოდი იქნება, დამშვიდდება სიტუაცია, მაგრამ მანამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და ეს სიტუაცია უნდა იმართოს. აცრების პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ კარგად, მინისტრმა გააფართოვა ვაქცინაციის პროცესი, თბილისში ავტობუსებშიც დავიწყეთ, ქალაქის მერიასთან ერთობლივად დაალაგეს ეს პროექტი. არეალი კიდევ უნდა გაფართოვდეს, რეგიონებში მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ ვაქცინაციის არეალი. ასევე მნიშვნელოვანი არის ჯარის ჩართულობა, სამხედრო ექიმები, მათი ბრიგადები არის კოორდინირებულად ჯანდაცვის სისტემასთან და რეგიონებში სოფლად ადგილზე დადიან, ადგილზე ცრიან მოსახლოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა სოფელში ეტაპობრივად უნდა ჩავიტანოთ ვაქცინაცია და მოსახლოებას შევთავაზოთ უფასო აცრა. კარგი ტენდენცია მიმდინარეობს, მოსახლეობამ საკმაოდ კარგი მზაობა გამოიჩინა ვაქცინის მიმართ. ეტაპობრივად იხსნება სკეპტიკური დამოკიდებულება, რაც მანამდე იყო, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია, მოსახლეობას ამის თაობაზე ყოველდღიურად უნდა ველაპარაკოთ. პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი ამ სიტუაციაში, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება გაგრძელდეს და ჩვენც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.