- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის კომისიის მორიგ სხდომაზე 8 ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილებით ფინანსური დახმარება გაეწია სერგო გუგუჩიას, ლილი გუგუჩიას, უტა ალანიას, ქრისტინე ქაჯაიას, თეიმურაზ თოლორაიას, ანა გაბელიას, მართა თოდუასა და ლიკა ნაჭყებიას.
სერგო გუგუჩია Erasmus+ ის პროგრამის ფარგლებში (2022-2023 წლები) სწავლობს გერმანიაში, ქალაქ გისენის იუსტუს ლიბიგის სახელობის უნივერსიტეტში.
ლილი გუგუჩია უნგრეთში, დებრეცენის უნივერსიტეტში საერთაშორისო და ევროპულ ბიზნეს სამართალზე სწავლობს.
უტა ალანია ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია.
ქრისტინე ქაჯაია ჩარიცხულია ერასმუს მუნდუსის ევროკულტურისა და პოლიტიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე. (ისწავლის სამ ქვეყანაში პოლონეთი, იტალია, საფრანგეთი).
თეიმურაზ თოლორაია ჩარიცხულია აშშ-ში, მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.
ანა გაბელია Erasmus+ ის პროგრამის ფარგლებში ორი თვით მიემგზავრება რუმინეთში.
მართა თოდუა ჩარიცხულია შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტში საერთაშორისო განვითარებისა და მართვის ორწლიან მეცნიერებათა მაგისტრის პროგრამაზე.
ლიკა ნაჭყებიამ გერმანიაში ენის საზაფხულო კურსზე მონაწილეობის მისაღებად მოიპოვა „გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდია პროფესიული სამედიცინო გერმანულის შესასწავლად.
მერის პირველი მოადგილის, კონსტანტინე კაკავას თქმით, ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდის არსებობა მუნიციპალიტეტისთვის ნამდვილად საამაყოა და მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს მათ.