ზუგდიდელების ბებია, რომელიც გამგეობის წინ საპროტესტო აქციას მართავს, 25 დეკემბერს, თავის იუბილეს, ღია ცის ქვეშ შეხვდება. დღეს აქციის 54-ე დღეა. ზუგდიდელები. გეს, ქალბატონ ციალას ქალიშვილმა ლალი ცირდავამ შეატყობინა, რომ ამ დილით, მათ საცხოვრებელ სახლში, იმყოფებოდნენ მერიის წარმომადგენლები,
რომლებსაც თან ახლდათ პირები, რომლებიც ციალა ჯოჯუას ბინაში სარემონტო სამუშაოების შესრულებას ხვალიდან დაიწყებენ
და ოც დღეში დაასრულებენ. “გვითხრეს, ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებისგან დამეცალა ოთახები. ხვალიდან დაიწყება სამუშაოები. ეს ამბავი ყველაზე მეტად გაახარებს დედაჩემს, რომელიც 25 დეკემბერს, თავის დაბადების დღეს, ღია ცის ქვეშ შეხვდება. ის არავის ენდობა და სამუშაოების დასრულებამდე გააგრძელებს აქციას”.
ქალბატონ ციალასთან რამდენიმე დღის წინ სახლში იმყოფებოდნენ მერიის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები და დაპირდნენ მას ორი ოთახის გარემონტებას და ხელი მოაწერინეს ოფიციალურ დოკუმენტზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ შემოუყვანენ გაზს და უახლოეს დღეებში დაიწყებდნენ სარემონტო სამუშაოებს. ლალი ცირდავას განცხადებით, სარემონტო სამუშაოები დღემდე შეგნებულად ჭიანურდებოდა.