- დღეს, 15 ივლისს, ქრისტიანული სამყარო ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს – ვლაქერნობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, 8:00 საათზე, მღვდელმთავრებმა და სასულიერო პირებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან გამოაბრძანეს.
08:30 საათზე დაიწყო საზეიმო მსვლელობა. სიწმინდე რამდენიმე წუთით ქალაქის ცენტრში, ღვთისმშობლის მოზაიკურ ხატთან დააბრძანეს, რის შემდეგაც კვართი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. მოგვიანებით ტაძარში მივიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერი დავით კოდია, პარლამენტარები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
10:00 საათზე საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III აღავლინა.
სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში, ადგილობრივ მრევლსა და ჩამოსულ მომლოცველებს ექნებათ შესაძლებლობა, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში უდიდეს სიწმინდეს ემთხვიონ.
