ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას გადადგომას ითხოვს. “ენმ” ასევე, ითხოვს ზუგდიდის მერთან, ვიცე-მერთან და გუბერნატორთან ერთად, პასუხი აგონ მერიის სამსახურის უფროსებმა და ააიპის ხელმძღვანელებმა და შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლონ მერიის თანამშრომლების საქმიანობა.
“გარდა ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ პასუხისმგებლობა თავის თავზე აუცილებლად უნდა აიღოს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ და ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობამ, რომელსაც წარმოადგენს “ქართული ოცნება”. სწორედ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობა წარმოადგენენ იმ ორგანოს, რომლებიც ყველა მერიის გადაწყვეტილებას უჭერდნენ უპირობოდ მხარს. ყველა კორუფციულმა სქემამ გაიარა საკრებულოში და ყველა ჩვენს კრიტიკაზე მათ ჰქონდათ აგრესიული პასუხი. პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელიც განახორციელა ზუგდიდის მერმა და ვიცე-მერმა, პასუხსიმგებლობა ეკისრება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს და ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობას.” -განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ.
ფრაქცია ითხოვს, სასწრაფოდ მოიწვიონ საკრებულოს სხდომა და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე.
ფრაქციას უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ. მისი განმარტებით, მის პასუხისმგებლობას და ნებისმიერი საკრებულოს წევრის პასუხისმგებლობას ხედავენ კანონის ფარგლებში. “კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ნებისმიერი საკითხი, რომელიც შემოდის საკრებულოში ხდება მისი საფუძვლიანი განხილვა და დასაბუთებულ საწყისებზე გადაწყვეტილების მიღება. აქედან გამომდინარე, საკრებულომ ყველა პროცედურა გაიარა კანონით გათვალისწინებული საკითხებით. მე პასუხისმგებლობას ვიღებ, იმაზე, რომ ყველაფერი არის კანონიერი, სხვა დანარჩენი ჩვეულებრივ, რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას”.-უთხრა ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარემ.