- რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მოგეხსენებათ, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაცხადა მზადყოფნა განიხილოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი იყო დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დახმარება, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გზით და ეს, ფაქტობრივად, ნეიტრალური სტატუსის განუყოფელი კომპონენტია“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, მანამდე რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.